აფხაზეთში აბორტის „ნაჩქარევ“ აკრძალვას აკრიტიკებენ

არსებობს შიში, რომ აბორტის აკრძალვა ქალებს პროცედურის არალეგალური გზით ჩატარებისკენ უბიძგებს, რაც ძალიან სარისკოა.

აფხაზეთში აბორტის „ნაჩქარევ“ აკრძალვას აკრიტიკებენ

არსებობს შიში, რომ აბორტის აკრძალვა ქალებს პროცედურის არალეგალური გზით ჩატარებისკენ უბიძგებს, რაც ძალიან სარისკოა.

Lawmakers attend a meeting of parliament. (Photo: Anaid Gogoryan)
Lawmakers attend a meeting of parliament. (Photo: Anaid Gogoryan)
Tuesday, 8 March, 2016

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ აფხაზეთის ხელისუფლებას გადახედოს ახალმიღებულ კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის გამოიწვევს არა შობადობის, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გაზრდას.

9 თებერვალს აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ჯანდაცვის შესახებ კანონს, რომლის ერთ-ერთი მუხლით აიკრძალა აბორტი და ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა იმ დაავადებათა ჩამონათვალი, როდესაც აბორტის გაკეთება სამედიცინო ჩვენებით არის დასაშვები, კანონმდებლებმა სამინისტროს წინადადება არ გაითვალისწინეს. ახალი კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთება ნებადართულია მხოლოდ „იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი აღარ არის ცოცხალი.“

კანონის ავტორების და მხარდამჭერების მტკიცებით, ახალი კანონი, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს აფხაზეთში შობადობის გაზრდას, ეთიკურ ასპექტსაც ითვალისწინებს, რაც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას ჩასახვის მომენტიდან.

„ჩვენ ვკრძალავთ ცოცხალი ორგანიზმის მკვლელობას. როგორც დედის სიცოცხლისთვის ვიბრძვით, ასევე უნდა ვიბრძოლოდ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლისთვის,“ – განაცხადა აფხაზეთის პარლამენტის სოციალური პოლიტიკის, შრომის და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აპოლონ გურგულიამ.

„თუ რამდენიმე ათეულ სიცოცხლეს გადავარჩენთ, ეს უკვე იქნება კანონის დამსახურება. ვფიქრობ, შედეგს მივაღწევთ,“ – დასძინა გურგულიამ. „პარალელურად, სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა იფიქრონ მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალურ წახალისებაზე.“

პარლამენტარი და კანონის ერთ-ერთი ავტორი საიდ ხარაზია აბორტის აკრძალვის თაობაზე კანონის მიღებას თავისი „ფეისბუკის“ გვერდზე ასე გამოეხმაურა: „ეს არის ჯანდაცვის კანონის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ჰუმანური, ყველაზე მორალური ნაწილი, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კანონი დადგა დაუცველი ბავშვების დასაცავად. ეს კანონი არის სიცოცხლის მხარდამჭერი, რადგან იცავს ყველაზე ძვირფასს რაც გაგვაჩნია – ჩვენს შვილებს!“    

ახალი კანონი პარლამენტმა 29 იანვარს დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოს ოცდათხუთი წევრიდან მხოლოდ ორმა – ემა გამისონიამ და ახრა ბჟანიამ არ დაუჭირეს მას მხარი, ორმა კი თავი შეიკავა.

„მიმაჩნია, რომ კანონი ვერ გაამართლებს იმ მოლოდინს, რაც მის მიმართ არსებობს,“ – აცხადებს ერთადერთი ქალი დეპუტატი და ვიცე-სპიკერი ემა გამისონია. „არ შეიძლებოდა ამ კანონისადმი ასე კატეგორიულად მიდგომა. იმედი მაქვს, მიიღებული იქნება კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც არ დაირღვევა ქალთა უფლებები და ზოგადად, არცერთი მოქალაქის უფლება.“

სამედიცინო რისკების არსებობა

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატალ კაცია თვლის, რომ კანონი ალოგიკური და არაპრაქტიკულია.

„აბორტის რამდენიმე ჩვენება არსებობს: სოციალური, სამედიცინო-სოციალური და წმინდა სამედიცინო,“ – განმარტა მან. „ყველა ქვეყანაში, სადაც აბორტი სოციალური მიზეზით არის აკრძალული, არსებობს ჩამონათვალი, როდესაც აბორტი სამედიცინო ჩვენებით არის გამართლებული. ამის არ გათვალისწინება საღ აზრს არის მოკლებული.“

კაცია ასევე აღნიშნავს, რომ კანონის ინიციატორებმა მისი უწყების შენიშვნების იგნორირება მოახდინეს.

„როდესაც მივხვდით, რომ საპარლამენტო კომიტეტში მხარდამჭერს ვერ ვიპოვიდით, ჩვენ პრეზიდენტს და სპიკერის სახელზე გავაგზავნეთ არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციის წერილი, ასევე აფხაზეთის რესპუბლიკის მეან-გინეკოლოგების მიმართვა,“ -დასძინა მან. „სამწუხაროდ, არც წერილი და არც ჩვენი მიმართვა კანონის მიღების დროს არავინ წაიკითხა. იმედი გვაქვს, რომ მოგვიანებით, შეიტანენ ცვლილებებს და კანონი მიიღებს დასრულებულ სახეს.“

გურგულია აცხადებს, რომ კანონზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯანდაცვის სამინისტროს წერილი კანონპროექტის განხილვის სესიის დაწყებამდე ათი წუთით ადრე მიიღო.

„მათ [ჯანდაცვის სამინისტროს] ჰქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა განევითარებინათ თავიანთი ხედვა არა მარტო აბორტებთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად კანონის შესახებ. კანონპროექტთან დაკავშირებით ყველა წარმოდგენილი წინადადება გავითვალისწინეთ, განვიხილეთ სამუშაო კომიტეტის სამი შეხვედრის დროს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ – აღნიშნა გურგულიამ.

მისი განცხადებით, არაფერი უჩვეული ამ კანონში არ არის.

„ბევრმა ქვეყანამ მიიღო ასეთი კანონი, როდესაც მათი დემოგრაფიული მდგომარეობა დადგა საფრთხის წინაშე,“ – დასძინა გურგულიამ. „არაფერი დაშავდა იმით, რომ ჩვენ ის ამ ეტაპზე მივიღეთ. პატარა ერი ვართ, რომელმაც სასტიკი ომი გამოიარა. ღარიბ ოჯახებს უფრო მეტი შვილები ჰყავთ, ვიდრე შეძლებულებს. ჩვენი საზოგადოება განიცდის სულიერ დეგრადაციას. სახელმწიფოს ახლა ადამიანური რესურსი ესაჭიროება, ჩვენ კი აბორტების ნებას ვრთავთ. ვისაც უნდა გაკეთება, აფხაზეთის ფარგლებს გარეთ უნდა წავიდეს. ჩვენს სახელმწიფოში, ეს ტაბუა.“

2011 წლის აღწერის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობა 240 705 ადამიანს შეადგენს. როგორც კაცია აცხადებს, ყოველ წელს აფხაზეთში საშუალოდ 2 500 ბავშვი იბადება.

გურგულიას მიხედვით, მხოლოდ 2015 წელს იყო გაკეთებული 800 აბორტი, საერთო ჯამში, 1999-2015 წლებში აბორტების რიცხვმა დაახლოებით 14 000 შეადგინა.

„კარგად ვიცით, რომ არაოფიციალურად, სამჯერ უფრო მეტი აბორტი იქნება გაკეთებული,“ – ამბობს გურგულია. „აქედან მხოლოდ ხუთი პროცენტი არის სამედიცინო ჩვენებით. ექიმებმა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩაატარონ.“

თუმცა, ბატალ კაცია თვლის, რომ ახლა ექიმები იძულებულები გახდებიან, გაურთულებელ შემთხვევებშიც კი, ქალები აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გააგზავნონ. ბევრი უკვე იმყოფებოდა კიდეც პროცედურის ჩასატარებლად რუსეთში.

„კანონის თანახმად, აბორტი კატეგორიულად არის აკრძალული,“ – აცხადებს კაცია. „იმ შემთხვევაში, თუ ქალის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მაგალითად, ორსულობის ადრეულ სტადიაზე ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, აუცილებელია მკურნალობის ჩატარება, რომლის დროსაც აბორტი უნდა გაკეთდეს, თორემ დაიღუპება დედაც და შვილიც. როგორც აღმოჩნდა, ამ კანონით, ამის უფლება არ გვაქვს. ამ ელემენტარული ლოგიკის მიწოდებას ვცდილობთ. იმედია, რომ ეს გაუგებრობა მალე იქნება აღმოფხვრილი. კანონში შესწორებების შეტანა აუცილებელია, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება,“ – დაასკვნა კაციამ.

მეან-გინეკოლოგი ფატიმა ხარზალია სოხუმის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს. პირადი მოსაზრებების გამო აბორტებს უკვე წლებია აღარ აკეთებს. თუმცა, ისიც მიიჩნევს, რომ კანონზე სათანადოდ არ უფიქრიათ.

მისი განმარტებით, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად, შეიქმნება უამრავი პრობლემა, რომელთა მოგვარებასაც სახელმწიფო ვერ შეძლებს. ეს არის კრიმინალური აბორტები, რომლებიც ხშირად მთავრდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით და ზოგჯერ, ქალის გარდაცვალებითაც. ასევე გასათვალისწინებელია არასასურველი ორსულობა, მიტოვებული და დაუგეგმავი ბავშვების საკითხიც.

„ვფიქრობ, კანონი ნაჩქარევია,“ – აცხადებს ხარზალია. „ყველაზე რადიკალური ისლამური ქვეყნებიც კი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მოქნილები არიან. ამ საკითხის გადაწყვეტა აუცილებელია პროფესიონალებთან კონსულტაციების საფუძველზე.“

მისი სიტყვებით, არცერთი ქალი არ შეწყვეტს ორსულობას, მხოლოდ საკუთარი კომფორტიდან გამომდინარე.

„ქალს, რომელსაც არ უნდა ბავშვის ყოლა, რომელიც მივიდა ისეთ რთულ გადაწყვეტილებამდე , რომ შეიწყვიტოს ორსულობა, კანონი ვერ შეაჩერებს. ეს კანონი ორსულობის შეწყვეტას უკრძალავს ექიმებს, ამიტომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ცვენა გველოდება,“ – ამბობს ხარზალია.

კონტრაცეპტივების გამოყენება აფხაზეთში არც ისე პოპულარულია, დასძინა მან, ნაწილობრივ, მათი სიძვირის გამო.

მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა

პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის, აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივანი ნათელა აკაბა წუხილით აღნიშნავს, რომ სახალხო კრების დეპუტატებმა კანონის მიღებამდე არ ჩათვალეს საჭიროდ საზოგადობრივი აზრის გამოკითხვის ჩატარება.  

აბორტის ამკრძალავი კანონი მედიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროტესტის მიუხედავად მაინც მიიღეს.

„პარლამეტის წევრებს სხვადასხვა საზოგადოებივ ორგანიზაციებთან რომ ჩაეტარებინათ კონსულტაციები, შობადობის გაზრდისთვის გაცილებით უფრო ეფექტური გზებს გამონახავდნენ, ვიდრე აბორტის აკრძალვაა,“ – განაცხადა აკაბამ.

„ეს მეთოდები კარგად არის ცნობილი და დროში გამოცდილი – ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერა, მომავალ დედაზე ზრუნვა, გარანტირებული უფასო მშობიარობა, ფულადი დახმარება მეორე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში.“

ამჯამად, სახელწიფო პირველი და მეორე შვილის შეძენის დროს ოჯახებს 50 000 (1700 ლარი) რუბლით უზრუნველყოფს.

თუ ოჯახში არის სამი ან ხუთ შვილი, თითოეული მათგანი თვეში 500 (17 ლარი) რუბლს იღებს. ოჯახებისთვის, სადაც შვიდი ან ცხრა შვილია ყოველთვიური დახმარება 750 (25 ლარი) რუბლს შეადგენს, ხოლო ცხრა და მეტი ბავშვის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულისთვის 1000 (35 ლარი) რუბლს გამოყოფს.

პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ 10 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტი მუშაობს მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ფინანსური დახმარებების მიმართულებით. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად განიხილება მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახისთვის 100 000 (3500 ლარი) რუბლის ოდენობის ფულადი დახმარების გადაცემა.

როგორც კაცია აღნიშნავს, მხოლოდ ასეთი მხარდამჭერი ზომებით არის შესაძლებელი ოჯახების სიდიდეზე გავლენის მოხდენა. მისივე სიტყვებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნებისმიერი ქალი სიხარულით გააჩენს უფრო მეტ შვილს, თუ ის უზრუნველყოფილი იქნება.

„ეს არის ერთადერთი გზა შობადობის სტიმულირებისთვის,“ – განაცხადა კაციამ. „მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები არასოდეს მოგვარებულა ამკრძალავი ზომებით.“

ანაიდ გოგორიანი

სტატია შეიცავს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას და სახელწოდებებს.

 

Abkhazia
Women
Frontline Updates
Support local journalists