Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აფხაზეთი წინასაარჩევნო მდგომარეობას აფასებს

ოპოზიცია ბჭობს ერთი კანდიდატი წამოაყენოს თუ რამდენიმე, ექსპერტები კი ლიდერების ძალისმიერი გადაყენების პრეცედენტის გამო ღელავენ.
By Anaid Gogoryan
  • აფხაზეთში გამართული საპროტესტო აქციების გამო პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო. (ფოტო:ანაიდ გოგორიანი)
    აფხაზეთში გამართული საპროტესტო აქციების გამო პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო. (ფოტო:ანაიდ გოგორიანი)
  • A presidential election has been called for August. (Photo: Anaid Gogoryan)
    A presidential election has been called for August. (Photo: Anaid Gogoryan)

აფხაზებს საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობის გასაგებად კიდევ ორი კვირა მოუწევთ ლოდინი. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციის შედეგად გადადგა.

საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ეკონომიკური პრობლემები და ეთნიკური ქართველებისთვის პასპორტების დარიგება გახდა. ანქვაბის თქმით, ის გადატრიალების მსხვერპლი გახდა და მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ თავიდან აეცილებინა აფხაზეთში უფრო დიდი დაპირისპირება.

ანქვაბის გადადგომა პარლამენტში ერთი დღით ადრე განჭვრიტეს და 31 მაისს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უყარეს კენჭი, ხოლო პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. 5 ივნისს პარლამენტმა დაამტკიცა ბგანბას დადგენილება ტკუარჩალის (ტყვარჩელი), გალის და ოჩამჩირის გამგებლების გადაყენების შესახებ – რაიონები, სადაც უმეტესად ეთნიკურად ქართველები სახლობენ.

1990 წლების დასაწყისში აფხაზეთი საქართველოს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთმა აფხაზეთი 2008 წელს აღიარა, საქართველო კი კვლავაც სუვერენიტეტის აღდგენას ითხოვს.

ომის ვეტერანთა კავშირ „არუაას“ ხელმძღვანელი და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიტალი გაბნია საპროტესტო აქციების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

„ორი მიზეზი იყო. პირველი, საქართველოს მოქალაქეებისთვის პასპორტების გაცემა [აფხაზეთის] კანონის და კონსტიტუციის დარღვევით. მეორე, ეკონომიკური ზრდის შეფერხება, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაყრდენს წარმოადგენს. ბიუჯეტის ორი-მესამედი სხვა ქვეყნის [რუსეთის]მიერ ფინანსდება და ეს პროპორცია ყოველ წელიწადს გაიზრდება“.

ჯერ-ჯერობით უცნობია წამოაყენებენ თუ არა 24 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ანქვაბის წინააღმდეგ  გაერთიანებული ოპოზიციური ჯგუფები ერთ კანდიდატს.

გაბნიას განცხადებით, 29 ივნისს „არუააში“ გაიმართება კონგრესი, სადაც მოხდება პოლიტიკური პროგრამის და მომავალი კანდიდატების საკითხის განხილვა.

„ჩვენ შიდა კონსულტაციებს ვმართავთ, ისინი ძალიან ემოციურია, თუმცა ეჭვი არავის შეეპაროს, რომ იმ შედეგს მივიღებთ, რაც გვინდა“, – განაცხადა მან.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ ოპოზიცია „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ ხელმძღვანელის რაულ ხაჯიმბას ირგვლივ გაერთიანდება, ის გამარჯვებას შეძლებს.

„ყველაფერი სწრაფად იცვლება, რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება სამ თვეში. თუმცა, ხაჯიმბას დიდი შანსი აქვს, თუ შეძლებს ოპოზიციური ძალების დარწმუნებას იმაში, რომ გამარჯვებას მიაღწევენ მხოლოდ გაერთიანებით და არა ცალკეული პირების პირადი ამბიციების დაკმაყოფილებით“, – აცხადებს გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი.

„თუ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც 11 განსხვავებული პარტიისგან შედგება ერთ კანდიდატს წარმოადგენს და ეს კანდიდატი რაულ ხაჯიმბა იქნება, ის მოიგებს. მოგებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ორი კანდიდატი იქნება, მაგრამ სამის შემთხვევაში გაუჭირდება“.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხაჯიმბას მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს, თუმცა მან მაინც წააგო. ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ მოსკოვი ამჯერადაც მიანიჭებს ვინმეს უპირატესობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა სავარაუდო კანდიდატი რუსეთთან, აფხაზეთის ერთადერთ საერთაშორისო პარტნიორთან, მჭიდრო კავშირს ემხრობა.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ახალი პრეზიდენტი არ ან ვერ შეძლებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აფხაზეთი ხელახალ საპროტესტო ციკლში ჩაერთვება.

„ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მისი ნამდვილად არ მშურს, რადგან მას ნამდვილი რეფორმების გატარება მოუწევს“, – ამბობს ხაშიგი. „ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, სულ ზღვარზე იქნება, ისიც შესაძლებელია, რომ სრული ვადით ვერ შეინარჩუნოს თანამდებობა. ერთი რამ ნათელია, რომ ნებისმიერი უკმაყოფილება ან პროტესტი შესაძლოა პრეზიდენტის სასახლის შტურმში გადაიზარდოს“.

პარლამენტის წევრი არტურ მიკვაბია იზიარებს იმ აზრს, რომ ასეთი საფრთხე შესაძლოა ნებისმიერ მთავრობას შეექმნას.

„თუ ახალი ხელისუფლება რეფორმებს არ განახორციელებს, იგივე მოხდება“, – განაცხადა მან. „აღმასრულებელი ხელისუფლება მიხვდა, რომ პროტესტი საკმაოდ ძლიერი იყო და გადაწყვიტა ხალხი სისხლისღვრაში არ ჩაეთრია. მან [ანქვაბმა] სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს მოვლენები არ მოხდებოდა დროული რეფორმები რომ გატარებულიყო“.

ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის წარმომადგენლი ლიანა კვარჩელია ფიქრობს, რომ საშიში პრეცედენტის დამკვიდრება მოხდა.

„პრეზიდენტი გადადგა, თუმცა მისი კვალი ჯერ კიდევ იგრძნობა. ის ხალხიც კი, ვისაც ანქვაბი არ მოსწონდა იმავეს ამბობს. როგორ მოხდა, რომ ამდენი ადამიანი – ისინიც კი ვისაც მისთვის ხმა არ მიუცია – შეურაცხყოფილად გრძნობს თავს? იმიტომ, რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური იყო“, – დასძენს ის.

„არ ვიცი ვინ მოიგებს ამ არჩევნებს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ჩვენმა სახელმწიფომ წააგო. წინ მრავალი სირთულე გველის, რადგან საშიში პრეცედენტები დავუშვით. დიდი დრო დასჭირდება მიყენებული ზიანის გამოსწორებას“, – ამბობს ლიანა კვარჩელია.

ანაიდ გოგორიანი IWPR-ის ჟურნალისტთა ქსელის წევრია აფხაზეთიდან.

სტატია შეიცავს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას და სახელწოდებებს.