Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანში პატიმართა მოულოდნელი შეწყალების მიზეზები

ნაბიჯი შეფასდა, როგორც ბაქოს მცდელობა აერიდებინა საერთშორისო კრიტიკა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული სავალალო მდგომარეობის გამო.
By Afgan Mukhtarli
  • ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ანარ მამადლი (მარჯვნივ) იყო ერთ-ერთი, ვისაც ამნისტია შეეხო (ფოტო: ისმი შაჰზადე).
    ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ანარ მამადლი (მარჯვნივ) იყო ერთ-ერთი, ვისაც ამნისტია შეეხო (ფოტო: ისმი შაჰზადე).

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში პატიმართა მასობრივი შეწყალება შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტ ალიევის მხრიდან დათმობად, მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახლოებული ვიზიტის წინ, სადაც კონგრესი რეჟიმის მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხის განხილვას აპირებს.

17 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკაშირებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით შეწყალებულ ას ორმოცდარვა პატიმარს შორის ცამეტი  პოლიტპატიმარიც აღმოჩნდა.

შეწყალებულებს შორის მოხვდნენ ცნობილი უფლებადამცველები ანარ მამადლი და რასულ ჯაფაროვი, ასევე ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ტოფიგ იაგუბლუ.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროპის კავშირმა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) დადებითად შეაფასეს პატიმართა შეწყალება.

„ეს არის პოზიტიური, მისასალმებელი ნაბიჯი აზერბაიჯანის მხრიდან, ქვეყნის მიერ ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის (ODIHR) დირექტორმა მაიკლ ჯორჯ ლინკმა 19 მარტს გამოქვეყნებული პრესრელიზში.

თუმცა, ლინკმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ სხვა უფლებადამცველები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ საფრთხის ქვეშ.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას გადახედოს სხვა უფლებადამცველების საქმეებსაც, რომლებიც რჩებიან პატიმრობაში ან სხვა მსგვასი შემზღუდავი ღონისძიებების ქვეშ. მათ შორის არიან ინტიგამ ალიევი, ხადიჯა ისმაილოვა, ილგარ მამადოვი და ილკინ რუსტამზადე,“ – განაცხადა მან.

ამნისტია შეეხო ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნიდას“ წევრებსაც – რაშად ახუნდოვს, მამად აზიზოვს, რაშად ჰასანოვს და ომარ მამადოვს.

„ნიდას“ მმართველი საბჭოს წევრი ულვი ჰასანლი აცხადებს, რომ ის მოხარულია თავისი კოლეგების გათავისუფლებით, თუმცა თვლის, რომ გაცილებით ბევრია გასაკეთებელი.

„ქვეყანაში ძირეული ცვლილებებია საჭირო, შეკრების თავისუფლება, მედია… შეთითხნილი ბრალდებებით ადამიანების დაჭერა, შემდეგ კი ხუთ-ექვს წელიწადში მათი „შეწყალება“ ვერ ჩაითვლება ჰუმანურობის მაგალითად,“ – განაცხადა ჰასანლიმ ჩვენთან საურბისას.

რეპრესიები 2013 წლის ოქტომბრიდან, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გაძლიერდა. განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ან დევნიდნენ ან ციხეში სვამდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ დაეხურათ თავიანთი ოფისები.

ასეთ ზომებს მწვავედ გამოეხმაურა დასავლეთი. დეკემბერში, ამერიკის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა კრის სმითმა, წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა ამერიკის ვიზების გაცემას აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებზე, იმ მიზეზით, რომ ბაქო სისტემატიურად არღვევდა ადამიანის უფლებებს.

დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის თავმჯდომარე აკიფ გურბანოვი თვლის, რომ ალიევმა პოლიტიკური პატიმრები სანქციების თავიდან არიდების მიზნით შეიწყალა.

„31 მარტს ილჰამ ალიევი მონაწილეობას იღებს [ბირთვული] უსაფრთხოების სამიტში ამერიკაში,“ – აცხადებს გურბანოვი ჩვენთან საუბრისას. „ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე პრეზიდენტი ხელცარიელი ვერ წავიდოდა, რადგან შესაძლოა შედეგები ხელისუფლებისთვის მძიმე აღმოჩენილიყო. ამიტომაც, ილჰამ ალიევმა გადაწყვიტა გამოეჩინა „ჰუმანურობის“ აქტი და გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმართა ნაწილი.”

„სამწუხაროდ, ეს არის მხოლოდ დასავლეთისთვის დადგმული შოუ, სინამდვლეში ხელისუფლება არ არის მზად ეროვნული შერიგებისთვის,“ – დასძინა მან.

„პოლიტპატიმართა მხოლოდ ათი პროცენტია გათავისუფლებული,“ – აცხადებს სოციალური ალიანსის – აზერბაიჯანი პოლიტიკური პატიმრების გარეშე ოგტაი გულალიევი, საინფორმაციო ვებგვერდის panorama.am-ის მიხედვით.

მისი სიტყვებით, ახალი დაჭერები სისტემატიურად ხდება.

„ამიტომაც არის, რომ ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობა ასამდე გაიზარდა,“ – ამბობს გულალიევი.

თითქოსდა ამ პროცესის საილუსტრაციოდ, ამნისტიამდე ცოტა ხნით ადრე, კიდევ ერთ ოპოზიციონერს მიუსაჯეს პატიმრობა. 15 მარტს, აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის სახალხო ფრონტის ლიდერს მამად იბრაჰიმს ბაქოს რაიონულმა სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იბრაჰიმი, რომელიც გასული წლის სექტემბერში დააპატიმრეს, თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ამნისტიის დღეს, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ გასული წლის დეკემბერში, სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ რაუფ მირკადიროვს ექვსწლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა.

მირკადიროვი 2014 წლის აპრილში დააკავეს თურქეთში, სადაც ის აზერბაიჯანული გაზეთის „ზერკალოს“ რუსულენოვანი გამოცემისთვის მუშაობდა. დაკავების შემდეგ თურქეთის მხარემ ის აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცა.

ის პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მირკადიროვმა განაცხადა, რომ ის უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას და აპირებს ბრძოლას მის სრულ რეაბილიტაციამდე.

„არც გამოძიების დროს და არც სასამართლო დარბაზში არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება ჩემი სამშობლოს ღალატის ან სომხურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის,“ – განაცხადა მან. „ბრალდების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სრულიად იყო გაბათილებული ჩემი ადვოკატების მიერ. მთავარია, რომ ჩემი ჟურნალისტური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პერიოდში არ მქონია ურთიერთობა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურთან.“

მირკადიროვის ადვოკატმა, ფუად აგაევმა, მეიდან ტვ-ს განუცხადა, რომ ისინი სრულ გამართლებას ითხოვდნენ.

„ჩვენ არ ვეთანხმებით განაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველს სჯობია – რაუფი თავისუფლებაზე მაინც არის,“ – განაცხადა მან.

უფლებადამცველები ლეილა და არიფ იუნუსები ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს 2014 წლის აპრილში. ბრალდების მიხედვით, ლეილა იუნუსი ახდენდა ცალკეული პირების გადაბირებას სომხეთის სპეციალური სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ერთ-ერთი მათგანი თითქოს იყო მირკადიროვი.

2015 წლის აგვისტოში ლეილა იუნუსს რვა წელიწად-ნახევარი, ხოლო მის მეუღლეს, არიფ იუნუსს შვიდი წელი მიუსაჯეს, მოგვიანებით ორივეს ბრალი ხუთწლიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

თუმცა, ქვეყნის დატოვების უფლება, გადაუდებელი მკურნალობის ჩატარების მიზნით, არცერთ მათგანს არ მისცეს.

„მათი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია,“ – განაცხადა იუნუსების ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა, რომელიც საკასაციო საჩივრის შეტანას გეგმავს. „ავადმყოფობა ორივეს სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.“

გურბანოვის თქმით, მირკადიროვის და იუნიუსების საქმემ აჩვენა, რომ რეჟიმი მხოლოდ მოჩვენებით ცვლილებებს ახორციელებს.

„ქვეყნის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, მანევრირებს და არ ამჟღავნებს თავის ჭეშმარიტ ზრახვებს: მირკადიროვის გათავისუფლება და არა მისი გამართლება, ლეილა და არიფ იუნუსების ციხიდან გამოშვება და მათი ქვეყნიდან არგაშვება, იმ პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება, რომლებმაც ისედაც მოიხადეს სასჯელის დიდი ნაწილი,“ – დასძინა მან. „დასავლეთის საამებლად აზერბაიჯანის ხელისუფლება მზად არის წავიდეს მხოლოდ ასეთ მცირე კომპრომისზე. რეალურ ცვლილებებსა და რეალურ დემოკრატიაზე ხელისუფლება არც კი ფიქრობს.“

აფგან მუხტარლი