Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანში გულენის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ სასულიერო ლიდერის სახელთან დაკავშირებული მოძრაობის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება არ შეწყდება.
By Afgan Mukhtarli
  • ფაიგ ამიროვი (ფოტო: რამინ დეკო).
    ფაიგ ამიროვი (ფოტო: რამინ დეკო).
  • ფუად აჰმედლი (ფოტო: აქრამ ბაბაევი).
    ფუად აჰმედლი (ფოტო: აქრამ ბაბაევი).

ბაქოში ფეტულა გულენის მხარდამჭერების დევნა გრძელდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ იმამს აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთი არშემდგარი გადატრიალების ორგანიზებას აბრალებს.

გულენი, რომელიც ადრე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ერთგული თანამოაზრე იყო, ახლა ივლისის პუტჩის სულისჩამდგმელად მოიაზრება. სასულიერო ლიდერი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ოფიციალურმა ანკარამ გულენის მოძრაობას დაყოვნების გარეშე მოუძებნა განსაზღვრება და ის „ფეტულას ტეტორისტულ ორგანიზაციად“ (ფეტო) შერაცხა. მას შემდეგ, მისი მხარდამჭერების მიმართ დევნა არ წყდება არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ.

გულენთან ასოციირებული პირების და სასწავლო დაწესებულებების შევიწროვების პროცესში აქტიურად ჩაერთო აზერბაიჯანიც, რომელსაც თურქეთთან კულტურული და ლინგვისტური კავშირების გარდა მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა აკავშირებს.

31 აგვისტოს, ანკარაში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რამილ უსუბოვმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის დროს პირობა დადო, რომ გულენის მომხრეების წინააღმდეგ ყველა საჭირო ღონისძიება იქნებოდა გადატარებული. 

ზომები იქნება მიღებული, „რათა არ დავუშვათ, რომ „ფეტომ“ ფესვები გაიდგას აზერბაიჯანში. ეს, ამავე დროს, იქნება დანაშაული აზერბაიჯანის წინააღმდეგაც. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გავაკეთებთ,“ – აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს APA-ს ინფორმაციით განაცხადა რამილ უსუბოვმა. 

აზერბაიჯანში გულენის ხუთი მხარდამჭერი ან „გულენისტი“, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, უკვე დააპატიმრეს, ხოლო ორმოცდაათი პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

15 აგვისტოს, აზერბაიჯანის მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში „გულენისტების“ გამოსავლენად და დასასჯელად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

სამი დღის შემდეგ, მობილური კავშირის ოპერატორი კომპანიის ოთხი თანამშრომელი – ფუად აჰმედლი, ეტიბარ მუსაევი და ვუგარ გასიმოვი – დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი, ფუად აჰმედლი ამავე დროს არის ოპოზიციური პარტიის, აზერბაიჯანის სახალო ფრონტის პარტიის აქტივისტი.

მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებს შორისაა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოგროვება და მისი გადაცემა „კონკრეტული პირებისთვის.“ ოთხივე დაკავებული წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

აჰმედლის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გულენის წიგნები.

29 აგვისტოს, აჰმედლის ადვოკატმა ასაბალი მუსტაფაევმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში თავისი კლიენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ აჰმედლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„მას ადრე ჩატარებული აქვს რამდენიმე ოპერაცია და ბოლო დღეებში ამ ოპერაციების შედეგებმა იჩინა თავი. მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან ექიმების გამოძახებაც კი გახდა საჭირო,“ – განაცხადა მუსტაფაევმა.

არსებობს მოსაზრება, რომ ბაქო გულენისტების შევიწროვების საბაბით ქვეყანაში ოპოზიციის დევნას ახორციელებს. 

20 აგვისტოს დააპატიმრეს წამყვანი ოპოზიციური გაზეთის „აზადლიგის“ ფინანსური დირექტორი და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ფაიგ ამიროვი. 

მისი სახლის და მანქანის ჩხრეკისას აღმოაჩინეს გულენის ორი წიგნი და დისკები, რომლებზეც იმამის ქადაგებები იყო ჩაწერილი.

ორი დღის შემდეგ, ამიროვს ბრალად წაუყენეს „რელიგიური ზიზღის გაღვივება“ და „მოქალაქეთა უფლებების დარღვევა რელიგიური რიტუალის ჩატარების საბაბით“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, ამჟამად კი სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბრალდების მტკიცებით, ამიროვი წარმოადგენს გულენის მოძრაობის იმამს აზერბაიჯანში.

ამიროვის ადვოკატი აგილ ლაიჯი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მის კლიენტს ბრალდების მოსმენისას სიცილი აუტყდა.

„ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ ის უბრალოდ უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე,“ – ამბობს ლაიჯი.

„ამიროვი თვლის, რომ მისი დაპატიმრება არის პოლიტიკური ბრძანება,“ – „არსებობს მოწმე, რომელიც ამბობს, რომ დაინახა, როგორ გააღო ორმა ადამიანმა ამიროვის მანქანის საბარგული და იქ რაღაც ჩადო. ის ასევე ამტკიცებს, რომ დაკავების დროს მას მანქანის გასაღები წაართვეს და მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დაუბრუნეს. არც წიგნები და არც დისკები, რომლებიც ვითომ აღმოაჩინეს მანქანაში, მას არ ეკუთვნის.“

რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე დაგმეს ამიროვის დაპატიმრება და მოითხოვეს, რომ „მოიხსნას მის მიმართ წაყენებული სასაცილო ბრალდებები.“

„’გულენისტებზე ნადირობის’ ერდოღანისგან ნასესხები ლაიტმოტივით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იპოვა შესანიშნავი საბაბი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასასჯელად, მაშინაც კი, თუ ეს საბაბი სრულიად აბსურდულია,“ – აცხადებს რეპორტიორები საზღვრების გარეშე ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იოჰან ბირი.

წელს, ხელისუფლების ბრძანებით აზერბაიჯანში მოხდა პოლიტიკურ პატიმართა ნაწილის გაათავისუფლება, თუმცა ბირის აზრით, ეს იყო მხოლოდ ტაქტიკური დათმობა.

„საერთაშორისო საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და ისევ დაიწყოს ზეწოლის მოხდენა ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ დასრულდეს რეპრესიები და აღდგეს პლურალიზმი – სხვა სიტყვებით რომ ვთქვთ, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს იმ ვალდებულებებს, რომელიც მან საკუთარი მოქალაქეების და ისეთი სტრუქტურების წინაშე აიღო, როგორიცაა ევროპის საბჭო,“ – დასძინა მან. 

„გრძნეულებზე ნადირობა“ გრძელდება?

გულენის მოძრაობა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2 000-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებას ფლობს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი აზერბაჯანშიც. თუმცა, 2014 წელს ერდოღანის მოთხოვნით, აზერბაიჯანში დაიხურა გულენის სახელთან დაკავშირებული ყველა სკოლა, რაც შეეხება ბაქოს კავკასიის უნივერსიტეტს, ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას – „სოკარს“ გადაეცა.

(იხილეთ: აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის პოსტი თურქეთის შინაუთანხმოებას შეეწირა)

ჩაშლილი გადატრიალების შემდეგ აზერბაიჯანში დაიხურა დამოუკიდებელი ტელევიზია ANS TV, მას შემდეგ, რაც მან დააპირა გულენთან ჩაწერილი ინტერვიუს ეთერში გაშვება.

(იხილეთ: თურქეთის ჩაშლილი გადატრილება და მისი გავლენა კავკასიაზე).

ამის შემდეგ ლიცენზია გაუუქმდა კავკასიის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი კი, მთელი თავისი ტექნიკური აღჭურვილობითა და თანამშრომლებით 20 ივლისს ბაქოს ნავთობის უმაღლეს სკოლას გადაეცა.

უნივერსიტეტში მომუშავე ორმოცდაათი თურქი პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს. წლის ბოლომდე მათ ქვეყნის დატოვებაც მოუწევთ.

23 აგვისტოს, მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ მიმართეს თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, გაუწიონ დახმარება აზერბაიჯანში „ჰიზმეთის“ მოძრაობის – „გულენისტების“ – დაფინანსების წყაროების გამოძიების საქმეში.  

განცხადების თანახმად, მოძრაობასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული ადამიანების რაოდენობა იზრდება.

ადამიანის უფლებათა დამცველი და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი ინტიგამ ალიევი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ერთობლივ განცხადებას „სამართლებრივ სირცხვილს“ უწოდებს.

„ეჭვგარეშეა, რომ პარტიის კუთვნილების ხაზგასმა, კერძოდ, აზრბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრობა, მიზნად ისახავს საზოგადოების თვალში პარტიისთვის ჩირქის მოცხებას,“ – წერს ის თავის სტატიაში, რომელიც ოპოზიციურ ონლაინ გამოცემა „მეიდან ტვ-ში“ გამოქვეყნდა.

„ბრალდებები ამიროვის და აჰმედლის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ხელისუფლებას ამ ფიქციური საქმეებით სახალხო ფრონტის პარტიის და სხვა ოპონენტების მიზანში ამოყვანა უნდა. წიგნები და სხვა მედია, რომელიც აქტივისებს აღმოუჩინეს არ არის აკრძალული ლიტერატურა,“ – წერს ალიევი.

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე ალი კარიმლი ირწმუნება, რომ ეს დაჭერები არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც პირადად მის მიმართ არის მიმართული. 

„რატომ იჭერთ და აწვალებთ პარტიის უდანაშაულო წევრებს და ჩემს ნათესავებს?“ – წერს ის თავისი ფეისბუკის გვერდზე. „თუ მე წარმოვადგენ პრობლემას, მე დამიჭირეთ. დაანებეთ უდანაშაულო ხალხს თავი.“

პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პოლიტპატიმარი იადიგარ სადიგოვი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გულენის მხარდამჭერები მრავლად არიან მთავრობის შიგნითვე.

„მოძრაობა ‘ჰიზმეთი’ აზერბაიჯანში ლეგალურ საქმიანობას ახორცილებდა, ატარებდა ღონისძიებებს, არიგებდა წიგნებს. ამ საქმიანობაში ოპოზიციურს ვერაფერს ვხედავ. ჰიზმეთი თავს არიდებდა ოპოზიციას, რადგან შესანიშნავ ურთიერთობაში იმყოფებოდა ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა მან.

თუმცა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი სამედ სეიდოვი აცხადებს, რომ ამ დაკავებებს ლეგიტიმური მიზეზი უდევს საფუძვლად.

„ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს, „ -განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო APA-ს.

„აზერბაიჯანში, კანონით იკრძალება უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება. თუ ვინმეს ბრალს უყენებენ, ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე შეაფასეს სიტუაცია და ჩაატარეს საჭირო სამუშაო. ამაში დარწმუნებული ვარ… ოპოზიცია კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს, ეს არის ერთადერთი გზა ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მაგრამ, ოპოზიციის იარლიყით სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება კატეგორიულად იკრძალება, იკრძალება ყველა ქვეყანაში.“