Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანი-სომხეთი: ახალი თამაშები, ძველი კონფლიქტი

სომხებმა გუნდი გააგზავნეს, მაგრამ გულითადი დახვედრა ვერ მიიღეს.
By Lamiya Adilgizi, Armen Karapetyan
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ბაქოს ევროპულ თამაშებზე ტაიკვანდოს შეჯიბრებას ესწრებიან. 2015 წლის 19 ივნისი (ფოტო: მატიას ჰენგსტი/ Getty Images, ბაქოს ევროპული თამაშების ოლიმპიური კომიტეტისთვის).
    აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ბაქოს ევროპულ თამაშებზე ტაიკვანდოს შეჯიბრებას ესწრებიან. 2015 წლის 19 ივნისი (ფოტო: მატიას ჰენგსტი/ Getty Images, ბაქოს ევროპული თამაშების ოლიმპიური კომიტეტისთვის).

ბაქოს ევროპული თამაშების დაწყებამდე არსებობდა გარკვეული ეჭვები იმის თობაზე გააგზავნიდა თუ არა სომხეთი თავის გუნდს აზერბაიჯანში და მიიღებდა თუ არა მას მასპინძელი აზერბაიჯანი.

თავდაპირველად, ისიც გაურკვეველი იყო რას აპირებდნენ სომხები – მონაწილეობას თუ ბოიკოტირებას. მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა, რის გამოც ორ მეზობელ ქვეყანას შორის უკვე წლებია გაწყვეტილია ადამიანური ურთიერთობები.

საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების დაჟინებული თხოვნის და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სომხებმა თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს და 25 სპორტსმენისგან შემდგარი გუნდი ბაქოში გააგზავნეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ბაქოს ევროპულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რადგან არ გვინდა რომ სომხეთი ჩამოშორდეს მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებს,“ – განაცხადა სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა რაჩია როსტომიანმა. „ასეთი ღონისძიებები არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის კუთვნილება, ისინი საერთაშორისო სპორტულ საზოგადოების კუთვნილებაა“.

ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ჯეიმს უოლრიკი მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა და ის მამაცურ და შემრიგებლურ ნაბიჯად შეაფასა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევას მიეკუთვნება, როდესაც „სპორტი იმარჯვებს პოლიტიკაზე.“

აგრესიული ატმოსფერო

თუმცა, პოლიტიკა მთელი თამაშების განმავლობაში საკმაოდ დიდი დოზით იგრძნობოდა. 12 ინვისს, გახსნის ცერემონიალზე სომხურ დელეგაციას სტვენით და შეძახილებით შეეგებნენ და სპორტსმენებისვე თქმით, იგრძნობოდა მტრული განწყობა.

„დაცვა მოგვამაგრეს, მაგრამ შეჯიბრება გაგვიჭირდა,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მოჭიდავემ მიჰრან ჰარუტუნიანმა. „როდესაც სომხური დელეგაცია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გამოჩნდა მთელი სტადიონი ახმაურდა, დაიწყეს სტვენა და აზერბაიჯანული დროშების ფრიალი. ჩემი შეჯიბრების დროს, მაყურებლების მხრიდან დიდი აგრესია იგრძნობოდა. მთელი სტადიონი დაგვიპირისპირდა. ყვიროდნენ და ფეხებს აბრახუნებდნენ.“

ჰარუტუნიანმა ვერცხლი მოიგო, სომხების მიერ სახლში წაღებული ერთადერთი მედალი. მასპინძლებმა კი ჯილდოების რეკორდული რაოდენობა, 56 მედალი მოიგეს, მათ შორის 21 ოქრო. მიუხედავად იმისა, რომ სომხები თავიანთ სპორტის სახეობებში საკმაოდ კარგად ასპარეზობდნენ, მათი აზრით, იგრძნობოდა, რომ მსაჯები აზერბაიჯანელების მიმართ მიკერძოებულები იყვნენ.

„ჩემს შემთხვევაში, მაგალითად, აშკარა იყო, რომ მსაჯებმა გადაწყვეტილება მაყურებლის ზეწოლის შედეგად მიიღეს,“ – თქვა ჰარუტუნიანმა.

სტვენის და შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა უკრაინის სახელით მოასპარეზე სომეხი სპორტსმენის დაჯილდოვება, რომელსაც ვერცხლის მედალი ილჰამ ალიევმა გადასცა. პრეზიდენტმა აღელვებულ მაყურებლებს ხელის აწევით ანიშნა რომ დამშვიდებულიყვნენ.

სომეხი სპორტსმენების იგნორირებისთვის კრიტიკა გამოითქვა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის მისამართითაც. მაგალითად, როცა ერთმანეთს სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ, პირდაპირი ტრანსლაცია წყდებოდა და ირთვებოდა რეკლამა. ჩვენებას აგრძელებდნენ დაგვიანებით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანელი მოიგებდა, ხოლო სომეხის გამარჯვების შემთხვევაში სხვა შეჯიბრება ირთვებოდა.

პრეტენზიას არ ეთანხმება სახელმწიფო ტელევიზიის პრესსპიკერი ხატირე ქაზიმი და აცხადებს, რომ პროდუსერები დამოუკიდებლად ვერ აკონტოლებდნენ თამაშების ეთერს და მათ ტრანსლაციას ახორციელებდა საერთაშორისო სამაუწყებლო კავშირი.

„ჩვენ ამ პროცესში ვერ ვერეოდით,“ – განაცხადა ქაზიმმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას. „ზოგჯერ, რამდენიმე თამაში ერთდროულად სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა და ჩვენი ვალდებულება იყო მათი ჩაწერა და მოგვიანებით ეთერში გაშვება.“

კონფლიქტიუცვლელი თემა

მთიანი ყარაბაღის თემა თავიდან ბოლომდე ლაიტმოტივად გასდევდა ევროპულ თამაშებს. დახურვის ცერემონიალზეც კი ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნე იყო სპორტსმენი ილაჰამ ზეკიევი, რომელიც ამავე დროს ყარაბაღის ომის ვეტერანიცაა.

კონფლიქტი 1994 წელს დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შემთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და ორი ათეული წლის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ყარაბაღი მისი მიმდებარე რაიონებით სომხური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია და მას დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული. სომხეთი და აზერბაიჯანი ტექნიკურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით მათი რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამო საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.

ბაქოს ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყარაბაღის თემის წამოწევა ბუნებრივად მოხდა.

„ყარაბაღი, როგორც ჩვენი ნაციონალური იდენტობის ნაწილი, ყველა აზერბაიჯანელის ფიქრებშია,“ – განაცხადა ელნარა მამედოვამ ჩვენთან საუბრისას. „ყარაბაღის კონფლიქტი თამაშებში არ შემოგვიტანია, როგორც ამას სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, ჩვენ უბრალოდ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ და ყველას გავახსენეთ, რომ ყარაბაღი ჩვენი ისტორიული ერთიანობის ნაწილია.“

მამედოვას თქმით, მეჩირაღდნედ ომის ვეტერანის არჩევაც არ მომხდარა შემთხვევით.

„თამაშები ყარაბაღით დავაგვირგვინეთ. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ყარაბაღისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ,“ – განაცხადა მან.

მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტარი ზაჰიდ ორუჯი ამტკიცებს, რომ სპორტი არის ძალიან ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი.

„ასეთი სპორტული მოვლენა არის საუკეთესო საშულება იმისთვის, რომ ერმა ყარაბაღის ომის შემდეგ დაკარგული თვითრწმენა დაიბრუნოს. არ არსებობს უკეთესი ადგილი, სადაც შეიძლება ეროვნული სულისკვეთების უფრო უკეთ გაღვივება,“- განუცხადა მან Publika.az -ს.

ეს უნდა ყოფილიყო სპორტი

ჩვენ გავესაუბრეთ ორ პიროვნებას, ერთს აზერბაიჯანიდან და მეორეს სომხეთიდან და ვთხოვეთ გაეკეთებინათ კომენტარი თამაშების და მისი პოლიტიკური შედეგების შესახებ.

ბაქოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არასტუნ ორუჯლუ აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გამუდმებით აბრალებდა დასავლეთის ქვეყნებს და მედიას, რომ ისინი ადამიანის უფლებათა დარღვევებზე აპელირებით თამაშების პოლიტიზებას ახდენდნენ, თუმცა ამ ღონისძიებაში პოლიტიკა საკმაოდ დიდი დოზით თავად მთავრობამ ჩართო.

„ეს თვალშისაცემი იყო თამაშების ყველა ასპექტში, მათ შორის მსაჯების გადაწყვეტილებებშიც,“ – თქვა ორუჯლუმ. „ბაქო 2015 უნდა გამხდარიყო სპორტული ფესტივალი და არა ბრძოლის ველი. სწორედ ამიტომ არ მიიღო ევროპის ლიდერების უმეტესობამ მონაწილეობა თამაშების გახსნის ცერემონიალში. ხელისუფლებამ კი ეს გადაწყვეტილება პროსომხურ, ორმაგი სტანდარტების მაგალითად წარმოაჩინა.“

სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი რუბენ მეჰრაბიანი აცხადებს, რომ თამაშების გავლენა, გაწეულ უზარმაზარ ხარჯთან შედარებით, უმნიშვნელო იქნება.

„არა მგონია, რომ ბაქოს ევროპულმა თამაშებმა რაიმე გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებზე, კერძოდ კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ერთადერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საზღვარზე დიდი ხნის განმავლობაში იყო სიმშვიდე. ვერავინ იტყვის, რომ ამ თამაშებმა ან სომხეთში ან აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.“

ლამია ადილგიზი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. არმენ კარაპეტიანი სომეხი ჟურნალისტის ფსევდონიმია.

 

More IWPR's Global Voices