ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში C ჰეპატიტზე დისკუსია გაიმართა

IWPR-ის თბილისის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა–დისკუსია „C ჰეპატიტი – საფრთხეები და მათზე რეაგირების გზები“.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში C ჰეპატიტზე დისკუსია გაიმართა

IWPR-ის თბილისის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა–დისკუსია „C ჰეპატიტი – საფრთხეები და მათზე რეაგირების გზები“.

March 15 discussion event on hepatitis C in Georgia. (Photo: IWPR)
March 15 discussion event on hepatitis C in Georgia. (Photo: IWPR)
Konstantin Rukhadze from the Hepa+ group (second from right). (Photo: IWPR)
Konstantin Rukhadze from the Hepa+ group (second from right). (Photo: IWPR)
Deputy prisons minister Archil Talakvadze at the IWPR event. (Photo: IWPR)
Deputy prisons minister Archil Talakvadze at the IWPR event. (Photo: IWPR)

დისკუსიაში, რომლის საფუძველიც გახდა სტატია – საქართველოში ჰეპატიტი არ კონტროლდება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრების წარმომადგნლებთან ერთად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, ფარმაკოლოგიური კომპანია „ჰოფმან ლა როშის“ საქართველოს ოფისის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საქართველოში C ჰეპატიტი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა და ზუსტი სტატისტიკა, თუმცა 2004 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტით საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 6.7%, ანუ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანია დაავადებული.

ხშირად ვირუსი სისხლის გადასხმით გადადის. ექიმი-ინფექციონისტი მაია ჟამუტაშვილი ამბობს, რომ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც გადაუსხეს შეუმოწმებელი სისხლი, ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტები, ჰემოფილიით დაავადებულები, ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლები, რომლებიც ზიარ შპრიცებს იყენებენ და ის ადამიანები, რომლებსაც არასტერილურ სამედიცინო ინსტრუმენტებთან აქვთ შეხება ანდა არასტერილურ გარემოში იკეთებენ ტატუს და აკუპუნქტურას.

გავრცელების ამ გზებს შორის კი ყველაზე ხშირი სისხლის დონაციაა. „უსაფრთხო სისხლის” ცნება მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში სულ ოციოდე წელია, რაც გაჩნდა. სისხლის დონაციით დაინფიცირების საფრთხე მსოფლიოში განსაკუთრებით მაღალი გასული საუაკუნის 70-80–იან წლებში იყო, როცა დონორებს სისხლისთვის ფულს უხდიდნენ, დიაგნოსტირების სანდო მეთოდები კი არ არსებობდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში C ჰეპატიტის ახალი გამოვლენის 1847 შემთხვევა დაფიქსირდა. „აქედან 1666 ადამიანს ქრონიკული C ჰეპატიტის, 181 ადამიანს კი მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუდგინდა. ამ დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა თბილისი, სამეგრელო, იმერეთი და საქართველოს შავი ზღვისპირეთის ტერიტორია. C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა 67% 30–59 წლის ასაკობრივი ჯგუფის კატეგორიას მიეკუთვნება,“ – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტი სოფო გურამიშვილი.

C ჰეპატიტის მკურნალობა ორი პრეპარატით – რიბავირინითა და პეგილირებული ინტერფერონით ხდება. 24-კვირიანი კურსის გავლა 6000, 48–კვირიანის კი 12 000 აშშ დოლარი ჯდება. ბევრი წამყვანი ქვეყნის გაიდლაინში, C ჰეპატიტის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ უკვე იყენებენ სამმაგ თერაპიას, რაც რიბავირინთან და პეგილირებულ ინტერფერონთან ერთად კიდევ ერთი პრეპარტის – ბოცეპრევირის, ან ტელაპრევირის გამოყენებას გულისხმობს. თერაპიაში მესამე მედიკამენტის დამატება ზრდის განკურნების შანსს, მაგრამ მკურნალობის კურსს კიდევ 50 000 დოლარით აძვირებს.

საქართველოში, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობის 15,1% უმუშევარია, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი კი 700 ლარი, მკურნალობაში ასეთი მაღალი ფასის გადახდა ბევრისთვის მიუწვდომელია. ფარმაკოლოგიური კომპანია „ჰოფმან ლა როშის“ საქართველოს ოფისის სამედიცინო დირექტორი, ნინო გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ 2002 წლიდან დღემდე მათი მედიკამენტებით მკურნალობა საქართველოში მხოლოდ 2000–მა ადამიანმა მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს – ამ ეტაპზე არ არსებობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა. მკურნალობის მაღალი ფასის გამო, მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში არ მონაწილეობენ არც სადაზღვევო კომპანიები.

საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა მხოლოდ შიდსის ვირუსით ინფიცირებულთათვის არის უფასო. 550 აივ ინფიცირებულს C ჰეპატიტის მკურნალობა „გლობალურმა ფონდმა“ დაუფინანსა.

არსებობს კიდევ ერთი რისკჯგუფი, რომელმაც C ჰეპატიტის მკურნალობის შესაძლებლობას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით მიაღწია: 2007 წელს რამდენიმე პატიმარმა საქართველოს ციხეებში C ჰეპატიტის სრული დიაგნოტირებისა და მკურნალობის პირობების არარსებობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. სტრასბურგის სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა არა მხოლოდ სასამართლოს ხარჯის, არამედ მსჯავრდებულთათვის საჭირო სამკურნალო თანხის გადახდაც.

C ჰეპატიტი კვლავ რჩება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად. სტატისტიკური მონაცემები C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ არც სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებობს. თუმცა, 2013 წლის სტრატეგიით, C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტრომ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა. ექსპერტთა ჯგუფი უკვე მუშაობს პროგრამული დოკუმენტის შექმნაზე: „პროგრამული დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები, რა სქემებით ჩაუტარდებათ მათ მკურნალობა და რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო“,– ამბობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

ექსპერტების შექმნილ დოკუმენტს განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რის შემდეგაც ის განსახილველად მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს წარედგინება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი პაატა საბელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს C ჰეპატიტის ეპიდემიამდე ერთი ნაბიჯი აშორებს და ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს:

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობისთვის 800 მილიონი ლარია საჭირო, ჯანდაცვის მთლიანი ბიუჯეტი კი მხოლო 650 მილიონი ლარია, უპასუხისმგებლობისა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ადამიანის მიმართ გამოჩენილი გულგრილობის ნიშანია. სახელმწიფო თუ შეიმუშავებს პოლიტიკას, C ჰეპატიტის მკურნალობა ასეთი ძვირი და ხელმიუწვდომელი აღარ იქნება. ეგვიპტეში ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან მოლაპარაკების გზით C ჰეპატიტის 1–წლიანი სამკურნალო კურსის ღირებულება 12 000–დან 2000 აშშ დოლარამდე შეამცირეს: იქ პეგილირებული ინტერფერონის 1 ამპულა, რომელიც საქართველოში 500 ლარი ღირს ( დაახლოებით 300$), 41 $ ჯდება. ეგვიპტეში, რომელიც საქართველოზე ბევრად მდიდარი ქვეყანა ნამდვილად არ არის, ამ დროისთვის უკვე 250 000–ზე მეტ ადამიანს უმკურნალეს. თუ ეს შეძლო ეგვიპტემ, ე.ი. ეს შესაძლებელია საქართველოშიც. უბრალოდ ამისთვის ნება უნდა არსებობდეს“, განაცხადა საბელაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ C ჰეპატიტის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით მთავრობაზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობენ და პარალელურად, ფართომასშტაბიანი აქციებისთვისაც ემზადებიან.

შეხვედრა გაშუქდა რადიო იმედის თოქ–შოუში “სოცდისკუსია” და რადიო თავისუფლებისმიერ.

 

Georgia
Frontline Updates
Support local journalists