სომხეთში აივ ინფექციის მაჩვენებელი მატულობს

ვირუსის გავრცელება მოსახლეობის რუსეთსა და უკრაინაში მიმოსვლას უკავშირდება.

სომხეთში აივ ინფექციის მაჩვენებელი მატულობს

ვირუსის გავრცელება მოსახლეობის რუსეთსა და უკრაინაში მიმოსვლას უკავშირდება.

2005 წელს ჰაიკმა, თავისი მრავალი თანამემამულის მსგავსად, ქვეყანა დატოვა და სამუშაოს საძებნელად რუსეთში გაემგზავრა.

მუშაობა მშენებლობაზე დაიწყო, ნაშოვნ ფულს კი ცოლ-შვილთან აგზავნიდა.

„სამუშაო მძიმე იყო და სახლიც მენატრებოდა. მთელი წელი ვმუშაობდი და მხოლოდ ახალი წლისთვის მოვახერხე სახლში დაბრუნება“, – თქვა ჰაიკმა (სახელი ნამდვილი არ არის).

ჰაიკი, რომელიც ახლა 38 წლისაა აივ დადებითია. ტესტი 2006 წელს რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნით ჩაიტარა. მას სამუშაოს უფლებაზე უარი ეთქვა და ის იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. სახლში დაბრუნებულმა ჰაიკმა ცოლს სიმართლე უამბო, რის შემდეგაც ქალი სახლიდან წავიდა და თან შვილებიც წაიყვანა.

ჰაიკი ფიქრობს, რომ ის რუსეთში მეგობარი ქალისგან დაინფიცირდა.

შიდსი სომხეთში იშვიათი მოვლენაა, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ინფექციის მზარდმა მაჩვენებელმა შესაძლოა ქვეყნის ჯანდაცვაში კრიზისი გამოიწვიოს.

სტატისტიკური მონაცემები სომხეთში აივ ინფექციის შესახებ საკმაოდ მწირია. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, 1988 წლიდან, მას შემდეგ რაც ოფიციალურად დაიწყო მონაცემების აღრიცხვა, 1586 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაცვლილია 351 ადამიანი.

ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურად 1 200 ინფიცირებულია დარეგისტრირებული. გაეროს შიდსთან ბრძოლის სააგენტოს (UNAIDS) მონაცემებით, სომხეთში აივ ინფექციის მატარებელი 3 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ისინი, ვინც ოფიციალურად აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

ზრდის ტენდენციამ ბოლო წლების განმავლობაში საგძნობლად იმატა. 2012 წელს დაფიქსირდა რეკორდულად დიდი მაჩვენებელი – 228 შემთხვევა. 2013 წლის იანვრიდან ნოემბრამდე კი 205 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

„თუ 2012 წლის მონაცემებს წინა წლების მონაცემებს შევადარებთ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ სომხეთში ეპიდემია ვრცელდება. 2000 წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო 30 ინფიცირებული“, – ამბობს UNAIDS- ის კოორდინატორი სომხეთში ლენა ნანუშიანი. „თუ ამ ციფრს შევადარებთ ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორებიცაა უკრაინა ან რუსეთი, რა თქმა უნდა ის უმნიშვნელოა. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ის საგანგაშოა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ინფექციის მზარდ ტენდენციას“.

ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული შიდსის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯანეტა პეტროსიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ინფიცირებულთა 70% მამაკაცებია, რომლებიც სავარაუდოდ ქვეყნის გარეთ დაავადნენ“.

„2012 წლის მონაცემებით პაციენტთა 62% საზღვარგარეთ დაინფიცირდა, ხოლო 20 % მათი პარტნიორები იყვნენ. ეს ნიშნავს, დაინფიცირების შემთხვევების 80% მიგრანტებზე მოდის“, – აცხადებს პეტროსიანი.

რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2011 წელს რუსეთში 125 000 სომხეთის მოქალაქე დარეგისტრირდა სამუშაოდ. იმის გამო, რომ სომხეთის ეკონომიკა კვლავაც სუსტია, რუსეთსა და უკრაინაში სამუშაოდ წამსვლელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ექსპერტები თვლიან, რომ ინფექციის სწრაფ და ფართო გავრცელებას მოსახლების ამგვარი მობილურობა უფრო უწყობს ხელს, ვიდრე მაგალითად ზიარი შპრიცების გამოყენება, რასაც საზოგადოების უფრო ვიწრო წრეებში აქვს ადგილი.

UNAIDS მონაცემების მიხედვით, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ინფიცირებულთა 90% რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობს. ისისნი ზიარი შპრიცების გამოყენების შედეგად დაინფიცირდნენ, რაც ავადმყოფობის გავრცელების უპირველეს წყაროს წარმოადგენს.

სომხეთში კი, შიდსის პრევენციის რესპუბლიკური ცენტრის მონაცემების მიხედვით, დაავადების გავრცელების ძირითადი გზა ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კავშირებია.

სწორედ ეს საკითხი აღელავებს ასე ძალიან ქალთა უფლებადამცველი ორგიზინაზიების წარმომადგენლებს. მათი მონაცემების მიხედვით უმეტეს შემთხვევაში ქალებს შიდსით თავიანთი ქმრებისგან გადაედოთ.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, გარდა უცოდინაობისა, არის გენდერული უთანასწორობა“,- ამბობს „ქალთა რესურს ცენტრის“ წარმომადგენელი ანუშ პოღოსიანი. „ჩვენი საზოგადოებისთვის სავსებით ნორმალურია, რომ ქმარი ცოლს ღალატობს როდესაც სამუშაოდ მიდის რუსეთში ან უკრაინაში. რამდენიმე ხნის შემდეგ, მას შეუძლია უკვე ინფიცირებული დაბრუნდეს სახლში, არაფრად ჩააგდოს ცოლის თხოვნა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და ასე გადასდოს მას დაავადება“.

2005 წლიდან ანტირეტროვირუსული მკურნალობა აივ ინფიცირებულთათვის უფასოა. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში შიდსი რჩება ტაბუირებულ თემად და ინფიცირებულთა უმეტესობა თავისი მდგომარეობის შესახებ არც სამედიცინო პერსონალთან და არც სხვასთან არ საუბრობს.

„ხალხი ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ ხშირად გვიყვება, რომ მაგალითად სტომატოლოგმა პაციენტს მკურნალობაზე უარი უთხრა, როცა გაიგო, რომ ის ინფიცირებული იყო“, – ამბობს ორგანიზაცია „რეალური სამყარო, რეალური ხალხის“ წარმომადგენელი ანუშ არაკელიანი. „თუ სხვა ექიმთან მიხვალ და არ ეტყვი, რომ ინფიცირებული ხარ მკურნალობას ჩაგიტარებს. ასეთი შემთხვევების გამო, ხალხს ამ დაავადებაზე ხმამაღლა ლაპარაკის ეშინია“.

ჰაიკი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თავისი სტატუსის შესახებ დუმილს ამჯობინებს. მას მკურნალობა რამდენიმე წელია არ ჩაუტარებია, რადგან ეშინია იმის, თუ რას იფიქრებს ხალხი მასზე.

„რუსეთში ხედავ პოსტერებს, რომლებიც შიდსის შესახებ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაფრთხილებენ. ინფიცირებულებსაც მეტ ნაკლებად ნორმალურად ღებულობენ, არა ისე, როგორც ჩვენთან“, – ამბობს ის. „ხალხი ფიქრობს, რომ შენთან ლაპარაკითაც შეუძლიათ დაავადნენ. ამიტომაც, მირჩევნია ჩუმად ვიყო. მხოლოდ მშობლებმა იციან რაც მჭირს“.

ეკატერინა პოღოსიანი Mediamax რეპორტიორია სომხეთში.

 

Armenia
Health
Frontline Updates
Support local journalists