აზერბაიჯანი: ევროპული თამაშების გამო დაწესებული შეზღუდვები უკმაყოფილებას იწვევს
სატრანსპორტო და სხვა სახის შეზღუდვები გადამეტებულად მიიჩნევა.
აზერბაიჯანი: ევროპული თამაშების გამო დაწესებული შეზღუდვები უკმაყოფილებას იწვევს
სატრანსპორტო და სხვა სახის შეზღუდვები გადამეტებულად მიიჩნევა.
პირველი ევროპული თამაშების გასამართად აზერბაიჯანის მთავრობამ უშურველი ხარჯი გასწია. დიდძალი თანხა დაიხარჯა როგორც სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის, ასევე ბაქოს და სხვა მასპინძელი ქალაქების კეთილმოწყობისთვის.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის თამაშები უამრავ წესთან, შეზღუდვასთან და დისკომფორტთან ასოცირდება, რის გამოც ბევრი უკმაყოფილებას არც მალავს.
თამაშების გახსნამდე ბაქოში შეიცვლა ან სულაც გაუქმდა ავტობუსების მარშრუტები, მოსახლეობას დიდი ქორწილების და დაკრძალვების გამართვისგან თავის შეკავება ურჩიეს, ასევე აიკრძალა აივნებზე სარეცხის გამოფენა სპორტული კომპლექსების ახლომახლო კორპუსებში.
დედაქალაქის ქუჩებში აიკრძალა იმ ავტომობილების გადაადგილება, რომლებიც არ არიან ბაქოში რეგისტრირებული. პოლიციის განცხადებით, ამის გაკეთება აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ ევროპული თამაშებზე დასასწრებად ჩამოსულმა სტუმრებმა ქალაქში თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.
შეზღუდვები ოფიციალურად ივნისის დასაწყისიდან ამოქმედდა, თუმცა პოლიცია ქალაქში მანქანებს მაისის შემდეგ არ უშვებს.
სალმან აბდიევს, სხვა მცირე მეწარმეების და მოვაჭრეების მსგავსად, მის მიერ წარმოებული პროდუქტი განჯიდან ბაქოს ბაზარში ჩამოაქვს გასაყიდად. მისი თქმით, ერთ თვეზე მეტია ქალაქში ვერ შედის.
„ჩემი საოჯახო წარმოება მაქვს, რომელშიც უკვე წლებია შვიდი ადამიანი ვმუშაობთ,“ – ამბობს ის. „მუდმივი კლიენტები მყავს. საჰილს (უბანი ბაქოს განაპირას) ვუახლოვდები თუ არა, საგზაო პოლიცია მეუბნება, რომ გზის გაგრძელება არ შეიძლება… მთავრობამ დღესასწაული მოუწყო უცხოელებს, ადგილობრივ მოსახლეობაზე კი, თავი რომ ძლივს გააქვს, არავინ ფიქრობს.“
გარახან რუსტამოვი ბაქოსთან ახლომდებარე პატარა ქალაქ ხირდალანში ცხოვრობს და რეგულაციების გამო ისიც ძალიან უკმაყოფილოა.
„ჩემი მანქანით ქალაქში ვერ შევდივარ,“ – ამბობს ის. „სამსახურში მისასვლელად ყოველ დღე ორ საათს ვხარჯავ, სამსახურში ვაგვიანებ და უფროსებიც მსაყვედურობენ, ადრე ამისთვის ნახევარი საათიც არ მჭირდებოდა.“
რუსტამოვი ვერ ხვდება, რატომ უნდა ზარალდებოდნენ რიგითი ადამიანები იმის გამო, რომ ქალაქში ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა.
„არ ვიცი გაბრაზება სიტყვებით როგორ გამოვხატო,“ – ამბობს ის.
ბაქოს ქუჩებში დახაზული ყვითელი ხაზები „თამაშების ბილიკებს“ აღნიშნავს და იმ ვიზიტორებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც სპეციალური ნიშნის მქონე ავტომობილები ჰყავთ. მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ მძღოლების დაჯარიმება 29 მაისიდან დაიწყო.
საგზაო პოლიციის პრესსპიკერის ვაგიფ ასადოვის განცხადებით, მხოლოდ ერთ დღეს ყვითელი ხაზის გადაკვეთისთვის 1500 მძღოლი დაჯარიმდა. თითოეულ მათგანს 40 მანათის ოდენობის ჯარიმა გამოეწერა (38 დოლარი) და მართვის მოწმობებში ოთხი საჯარიმო ქულა ჩაეწერა.
„ეს აკრძალვები, ოფიციალური და არაოფიცილურიც, არის ადამიანის უფლებების და კანონის დარღვევა,“ – აცხადებს ოპოზიციური მოძრაობა ნიდას წევრი ნატიკ ჯაფარალი. „ასეთი ქმედებებით ხელისუფლება ხალხის უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს.“
არსებობს მოსაზრება, რომ შეზღუდვები დაწესდა არა იმიტომ, რომ საჭირო იყო მოძრაობის განტვირთვა, არამედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო ადგილობრივი მოსახლეობის მოხვედრა თამაშების თვალისმომჭრელ არეალში.
„ეს შეზღუდვები შემოიღეს იმისთვის, რომ ჩვენს სტუმრებს შეექმნათ წარმოდგენა, რომ აქ ჩვენ კარგი სისტემა გვაქვს,“ – აცხადებს აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის დირექტორი არასტუნ ორუჯლუ.
საჯარო სექტორში დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ ევროპული თამაშებისთვის „ნებაყოფლობით“ გაღებული შენატანის სახით ხელფასებიდან თანხა ჩამოუჭრეს, ზოგიერთ სკოლაში კი პედაგოგები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
„აპრილის შემდეგ ხელფასი სამჯერ ჩამოგვაჭრეს,“ – ამბობს მასწავლებელი სამუხის რაიონიდან, რომელიც აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. „აქ სოფელია და ხელფასები ისედაც დაბალია. ყოველ თვე ჩვენი 210 მანათიანი ხელფასიდან 30 მანათს გვაჭრიან. საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ვინც საყვედურს გამოთქვამს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.“
როგორც წესი, უნივერსიტეტებში სწავლა ივლისში მთავრდება, თუმცა განათლების სამინისტროს განკარგულებით სასწავლო პროცესი მაისში დასრულდა.
სეიმურ ქაზიმოვი, რომელიც ბაქოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას ასწავლის, ამბობს, რომ ლექტორები იძულებულნი იყვნენ მთელი სასწავლო კურსი რამდენიმე კვირაში გაევლოთ და შემდეგ სწრაფად ჩაეტარებინათ სტუდენტებისთვის გამოცდები.
„ყველაზე მეტად მეოთხე (დამამთავრებელი) კურსის სტუდენტები დაზარალდნენ, რადგანაც მათ მოუწიათ მთლიანი სალექციო კურსის გავლა, სემესტრული და სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება და სადიპლომო ნაშრომების დაცვა 31 მაისამდე. აზრი არ აქვს განათლების სტანდარტებზე საუბარს. განათლება მსხვერპლად ეწირება ევროპულ თამაშებს.“
სტუდენტები ევროპულ თამაშებში მოხალისეებადაც მიიწვიეს, თუმცა ზოგიერთის თქმით, თანხმობის შემთხვევაში მათ გამოცდებზე შეღავათის გაწევას დაჰპირდნენ.
„მე გამოცდებისთვის ვემზადებოდი და მაღალი ნიშნებისთვის ვიბრძოდი, მაშინ როცა მოხალისეებად ჩაწერილებმა ისედაც მაღალი ნიშნები მიიღეს,“ – გვითხრა ბაქოს ნავთობის აკადემიის ერთ-ერთმა განაწყენებულმა სტუდენტმა. „როდესაც რექტორი სტუდენტებს აგროვებდა, მან ღიად განაცხადა, რომ ისინი, ვინც მოხალისეებად ჩაეწერებოდა, გამოცდებზე შეღავათებით ისარგებლებდა.“
ბაქოს უნივერსიტეტის სტუდენტი მაჰიზარ ისმაილოვა ამბობს, რომ მოხალისედ სიხარულით ჩაეწერა და სანაცვლოდ არაფერი მიუღია. „გამოცდები ისევე ჩავაბარე, როგორც სხვებმა,“ – თქვა მან.
ნურგულ ნოვრუზი აზერბაიჯანლი ჟურნალისტის ფსევდონიმია.