საქართველო: მინარეთის დემონტაჟმა ვნებათაღელვა გამოიწვია

მუსულმანები მის აღდგენას ითხოვენ, ქრისტიანები ამბობენ არას, ჩინოვნიკები კი სამშენებლო დარღვევებისა და ზიანის მოცულობის განსაზღვრას ცდილობენ.

საქართველო: მინარეთის დემონტაჟმა ვნებათაღელვა გამოიწვია

მუსულმანები მის აღდგენას ითხოვენ, ქრისტიანები ამბობენ არას, ჩინოვნიკები კი სამშენებლო დარღვევებისა და ზიანის მოცულობის განსაზღვრას ცდილობენ.

The minaret is dismantled so it can be inspected for a possible breach of planning rules. (Photo: Samkhretis Karibche newspaper)
The minaret is dismantled so it can be inspected for a possible breach of planning rules. (Photo: Samkhretis Karibche newspaper)
The mosque in Chela before it lost its minaret. (Photo: Samkhretis Karibche newspaper)
The mosque in Chela before it lost its minaret. (Photo: Samkhretis Karibche newspaper)
Villagers from this largely Muslim community were angered by what seemed a deliberate insult to their beliefs. (Photo: Samkhretis Karibche newspaper)
Villagers from this largely Muslim community were angered by what seemed a deliberate insult to their beliefs. (Photo: Samkhretis Karibche newspaper)
Friday, 6 September, 2013

სამცხე-ჯავახეთში მინარეთის დემონტაჟს ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი და ქრისტიანი მრევლის კონტრ-დემონსტრაცია მოჰყვა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არის ხელისუფლების უხეში ჩარევის მაგალითი, რომელმაც ორ თემს შორის მანამდე არარსებული დაძაბულობა გამოიწვია.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მცხოვრებლებმა, რომელთა უმრავლესობას მუსლიმები შეადგნენ, 9 000 აშშ დოლარი შეაგროვეს და თურქეთში მინარეთისთვის აუცილებელი კონსტრუქცია შეიძინეს, მაგრამ მისი აშენების შემდეგ, ხელისუფლების, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე მუშები გაგზავნეს და მშენებლობის ნებართვის არ არსებობის საფუძველზე კონსტრუქციის დემონტაჟი მოახდინეს.

გაცხარებულმა მოსახლეობამ დემონტაჟის შეჩერება სცადა, რის შედეგადაც 26 აგვისტოს პროტესტი პოლიციასთან ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა ათამდე კი დააკავეს. მოგვიანებით, სოფლის მცხოვრებლებმა დემონსტრაცია ადიგენში გამართეს.

მუსლიმები, როგორც რელიგიური უმცირესობა ქრისტიანული უმრავლესობით დასახლებულ საქართველოში მიიჩნევენ რომ მათი უფლბები შელახულია.

„გზებზე უამრავი ჯვარია, მაგრამ ამის გამო ჩვენ ხომ პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდება“, – ამბობს სოფელ ჭელას მკვიდრი ნათელა, რომელიც ახალციხეში თანასოფლელების მხარდასაწერად ჩავიდა. „ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ჰქონდეთ მუსლიმებს იგივე უფლებები რაც სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს. ეს არის დემოკრატია? ვითხოვთ, რომ პრემიერ მინისტრმა და მთავრობამ მოგვაქციოს სათანადო ყურადღება.“

სოფელ ჭელას მოსახლეობას მაღლმთიანი აჭარიდან წამოსული ეკომიგრანტები შეადგენენ, რომლებიც დიდი ხნის წინ ხელისუფლებამ სამცხე-ჯავახეთში ჩამოასახლა.

ჭელას მოსახლეობის მხარდასაჭერი მცირერიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა აჭარაშიც, კერძოდ კი ქალაქ ბათუმში.

მინარეთის მხარდამჭერ აქციას საპასუხო აქციები მოჰყვა მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან. დემონსტრაციის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ სასულიერო პირებიც 29 აგვისტოს ცენტრალური გზა გადაკეტეს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მინარეთი არ დაბრუნდეს სოფელში,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე. „მოდით რეფერენდუმი ჩავატაროთ, ქართველმა ერმა გადაწყვიტოს უნდა აშენდეს თუ არა მინარეთი. ჩვენ ვამბობთ, რომ არა!“

აქციის მეორე ორგანიზატორი გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ „თუ მინარეთს უკან დააბრუნებენ, მოუწევთ მისი გადატარება ჩვენს გვამებზე. სხვაგვარად ვერა. გაუმარჯოს ქრისტიანულ საქართველოს.“

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ის მხოლოდ სამშენებლო წესების დაცვას ითხოვს და რელიგია აქ არაფერ შუაშია. ფინანსთა სამინისტროში, რომლის თანამშრომლებმაც განახორციელეს დემონტაჟი, აცხადებენ, რომ მინარეთის კონსტრუქცია საბაჟოზე პროცედურების დარღვევით იქნა შემოტანილი და მისი აშენება ნებართვის გარეშე განხორციელდა.

„არ შეიძლება ასე მოხდეს, რომ ერთ დღეს გავიღვიძეთ და მინარეთი დაგვხვდა, რომლის დამონტაჟებაც არავისთან არის შეთანხმებული“, განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა 4 სექტემბერს მედიის ჟურნალისტებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს მაღალჩონოსნებმა განაცხადეს, რომ მოვლენები სულ სხვა მიმართულებით წარიმართა და მინარეთი შესაძლოა ისევ მეჩეთში, თავის ძველ ადგილას დაბრუნდეს.

„ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. „სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო“.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ ანდრიაძემ განაცხადა, რომ დაშლილ მინარეთს ექსპერტიზა უტარდება და მას, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, პოლიცია იცავს.

„ექსპერტიზის დასრულების და შესაბამისი საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, უკვე მოხდება მინარეთის მონტაჟი. მონტაჟი განხორციელდება შემოსავლების სამსახურის ხარჯებით,“- განაცხადა ანდრიაძემ.

უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური თუ სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად მინარეთის დემონტაჟი არ წარმოადგენდა აუცილებლობას და ამით თავიდან აცილებული იქნებოდა დაპირისპირებაც.

„ვფიქრობთ რომ ამ საკითხების გარკვევა მინარეთის დემონტაჟის გარეშეც იქნებოდა შესაძლებელი. შემოსავლების სამსახურმა კი ამ საკითხის გასარკვევად მაინცდამაინც ყველაზე უხეში და მიუღებელი ფორმა შეარჩია“, – ვკითხულობთ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კაციტაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა.

„საქმე ეხება აღმსარებლობის თავისუფლებას“, ამბობს ის. „ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ სახელმწიფოს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც საქმე ასეთ საკითხებს ეხება“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე თვლის, რომ ხელისუფლება დამნაშავეა „ხალხის წინააღმდეგ ნეგატიურად ძალის გამოყენებაში, სხვა ადამიანების რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხყოფაში და ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელთა ლეგიტიმურობა და პროპორციულობა სადავოა“.

მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკური პარტია“ უერთდება ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წამოსულ კრიტიკას.

„როცა საქმე ეხება რელიგიას, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საკითხის დელიკატურობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაუშვას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება“, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზოგი თვლის, რომ ბრალი ნაწილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიუძღვის, რომელიც მჭიდროდ ასოცირდება ქვეყნის ნაციონალურ იდენტობასთან და რომლის მიმდევარიც მოსახლეობის 80%-ზე  მეტია.

„საპატრიარქოს წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ არამარტო მუსლიმებზე, არამედ ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ჯგუფებზე, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები და ასე შემდეგ“, – ამბობს ტოლერანტობის ცენტრი ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. „1992-1993 წლებში პატრიარქს წარმოთქმული აქვს სიტყვები, რომ ნებისმიერი ქართველი, ვინც უღალატებს მართლმადიდებლობას, არის მტერი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისა. ეს დისკურსი გრძელდება დღემდე“.

საპატრიარქომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, მაგრამ თავის განცხადებაში ის უფრო მუსლიმებს მიმართავდა, ვიდრე თავის მრევლს.

„ის, რაც ამჟამად ხდება არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა“, – განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა დავით შარაშენიძემ. „ეს ძალები ცდილობენ ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირონ და ამით მოახდინონ ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია“.

მამა დავით შარაშენიძემ მიმდინარე მოვლენები გასული წელს საქართველოს სამ რეგიონში მომხდარ ინცედენტებს შეადარა.

ყველაზე უკანასკნელი ივნისის დასაწყისში სამთაწყაროში მოხდა, როდესაც ადგილობრივ აზერბაიჯანელ მუსლიმებს პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. ადგილობრივი იმამი მრავალი მუქარის შემდეგ იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა. დანარჩენ ორ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2012 წელს, რომელთა დროსაც ქრისტიანი მოსახლეობა თავის მუსულმან მეზობლებს დაუპირისპირდა.

სოფელ ჭელაში ჯერ კიდევ გაურკვეველი განწყობა სუფევს. სოფლის მკვიდრი ქრისტიანები საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას არ ღებულობდენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მუსლიმი მეზობლების მსგავსად ისინიც აქ სხვა რეგიონიდან, კერძოდ კი რაჭიდან არიან ჩამოსახლებული.

ამის მიუხედავად, ადგილობრივი მკვიდრი ბულბული პაქსაძე ამბობს: „ჩვენ ქრისტიანებს აღარ ვესალმებით, აღარც ისინი გვესალმებიან. აბა ეს კარგია? ჩვენ აღარასოდეს გვექნება კარგი ურთიერთობა. თუ მათ ჩვენ არ ვუნდივართ, არც ჩვენ გვინდა ისინი“.

სოფო ბუკია ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტია. თამუნა უჩიძე IWPR-ის ტრენინგების მონაწილე ჟურნალისტია ახალციხიდან, რომელმაც სტატიისთვის მასალები მოგვაწოდა.

 

Georgia
Frontline Updates
Support local journalists