სომხეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია მუქარების ობიექტი ხდება
ქალთა რესურს ცენტრი თავდამსხმელთა სამიზნე ხდება იმისდა მიუხედავად, რომ რეალურად არც კი ყოფილა ჩართული კონსერვატორების მიერ დაწუნებული კანონპროექტის განხილვაში.
სომხეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია მუქარების ობიექტი ხდება
ქალთა რესურს ცენტრი თავდამსხმელთა სამიზნე ხდება იმისდა მიუხედავად, რომ რეალურად არც კი ყოფილა ჩართული კონსერვატორების მიერ დაწუნებული კანონპროექტის განხილვაში.
გენდერული თანასწორობის კანონის ირგვლივ არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულების ფონზე სომხეთში ცნობილი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია განადგურების მუქარებს ღებულობს.
სატელეფონო მუქარების ადრესატი „ქალთა რესურს ცენტრია“. 2003 წელს დაარსებული ორგანიზაცია ქალთა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუშაობს. ის აქტიურად იბრძვის საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერებისთვის და ასევე მის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ცენტრის დირექტორმა ლარა აჰარონიანმა თხოვნით მიმართა პოლიციას გამოეძიებინა მუქარების წარმომავლობა, რომელთა შორისაცაა „ფეისბუკით“ გავრცელებული კომენტარები: „ავაფეთქებთ ამ ქალთა რესურს ბუდეს,“ ან „ყელს გამოგჭრით.“
„ლანძღვა-გინება ადრეც ყოფილა, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით,“ – ამბობს აჰარონიანი. „თუმცა ამჯერად კონკრეტული სახის მუქარებს აქვს ადგილი, განსაკუთრებით კი გვაშინებს, რომ ჩვენი ორგანიზაციის აფეთქებით გვემუქრებიან.“
ამგვარი სახის მუქარების მიმართ აჰარონიანსა და მისი ორგანიზაციის მსგავს საზოგადოებრივ ჯგუფებს შიში შარშანდელი ინციდენტის გამო აქვთ. მაშინ კლუბს სახელად DIY, რომელშიც არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ თავს დაესხნენ და გადაწვეს.
DIY კლუბის მაშინდელი მეპატრონე არმინე ოგანესოვა ამბობს, რომ პოლიციამ მისი საჩივრების იგნორირება მოახდინა.
კლუბის გადაწვის შემდეგ ოგანესოვამ სომხეთი დატოვა და შვედეთში მიიღო თავშესაფარი.
ქალთა რესურს ცენტრმა 30 უფლებადამცველი ორგანიზაციის მხარდაჭერით პოლიციას ამ მუქარების უკან მდგომი პირების გამოვლენისა და დასჯისკენ მოუწოდა.
ქალთა რესურს ცენტრის იურისტის ნვარდ პილიპოსიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ტერმინი ‘სიძულვილის ენა’ საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, სომხეთში კი მას არავითარი სამართლებრივი განსაზღვრება არ გააჩნია, თუმცა სომხეთის კონსტიტუციის 47-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებას ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივების მიზნით.“
აჰარონიანის თქმით ქალთა რესურს ცენტრში მუქარებმა მას შემდეგ იმატა, რაც პარლამენტმა მიიღი კანონი, რომელიც ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას ეხება. კანონში ნახსენები ტერმინი „გენდერი“ გახდა კონსერვატორი პარლამენტარების უკმაყოფილების საგანი. მათი მოსაზრებით, ამით მოხდება ჰომოსექსუალიზმის წახალისება და საფრხე შეექმნება ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს.
აჰარონიანის განცხადებით, მიუხედავავდ იმისა, რომ ის მხარს უჭერს კანონს და დარწმუნებულია, რომ ქვეყნისთვის ის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება, ქალთა რესურს ცენტრს ამ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამისდა მიუხედავად, კონსერვატორმა აქტივისტებმა სამიზნედ მაინცდამაიც მისი ორგანიზაცია გაიხადეს.
„ახლახანს ჩამოყალიბებულმა ‘სრულიად სომეხ მშობელთა კომიტეტმა’, რომლის საქმიანობაც მიმართულია სიტყვა „გენდერის“ არასწორი ინტერპრეტაციისა და სიძულვილის გაღვივებისკენ ხელი შეუწყო ისეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, სადაც ასეთი ტიპის მუქარები წარმოიქმნება,“ – აცხადებს ის.
ივლისის თვეში დაფუძნებული მშობელთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, არმან ბოშიანი უარყოფს ყოველგვარ კავშირს დაშინებებთან და ძალადობასთან.
„არც ისეთი სულელები ვართ, რომ მსგავსი მუქარები განვახორცილოთ. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისა და ბედნიერებისკენ,“ – აცხადებს ის. „ისინი ამბობენ, რომ მუქარებს ღებულობენ, უკვე ერთი თვეა ვთხოვ მუქარების ელექტრონული ასლების გამოგზავნას, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი მიმიღია.“
ბოშიანის განცხადებით მათი კომიტეტის ვებსაიტის მოდერატორებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ ფეისბუკიდან ამოეღოთ ყველას ის კომენტარი, რომელიც შეიცავდა ძალადობისა და კანონის დარღვევისკენ მოწოდებებს.
ქალთა რესურს ცენტრზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი ბუკლეტის „მოდით ვისაუბროთ სექსზე“ გავრცელებაზე, რომელიც 18 წელზე მეტი ასაკის ქალებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ აწვდის ინფორმაცის.
„ეს წიგნი თითქოს ჯანმრთელობის შენარჩუნებას ეხება, მაგრამ როდესაც ის ექიმს ვაჩვენე მან მითხრა, რომ წიგნის შინაარსი ხელს უფრო იმას უწყობს, რომ მისმა მკითხველებმა სხვადასხვა ინფექციები აიკიდონ,“ – თქვა ბოშიანმა.
ბუკლეტი 2008 წელს გამოიცა და მას შემდეგ კონსერვატულად მოაზროვნე მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ ნეგატიური განწყობა არ ცხრება. მათ შორისაა, პარლამენტის წევრი მმართველი რესპუბლიკრუი პარტიიდან ჰაიკ ბაბუხანიანი, რომელმაც პროკურატურასაც კი მიმართა და მოითხოვა სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, როგორც პორნოგრაფიული მასალის აკრძალვა.
აჰარონიანი აღნიშნავს, რომ ბაბუხანიანის მხრიდან გამუდმებით ისმის მოწოდებები ქალთა რესურს ცენტრის დახურვის შესახებ.
შარშან ცენტრმა ცილისწამების ბრალდებით სასამართლო პროცესი მოუგო „ირავუნკ მედია“ ჰოლდინგს, რომლის მფლობელიც ჰაიკ ბაბუხანიანია.
ამ გამარჯვების მიუხედავად, ჟურნალისტების ნაწილი ჯერ კიდევ ახორციელებს ცენტრის თანამშრომლების შევიწროებასა და მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგაგადოება ძალადობის გარეშე“ პროგრამის მენეჯერის განცხადებით ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები სომხეთში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.
„ქალთა ორგანიზაციები სომხეთში უკვე 15 წელია არსებობენ და მათი წყალობით დახმარება გაეწია ათობით ათას ქალსა და გოგონას. ეს ორგანიზაციები ხშირად თავის თავზე იღებენ სახელმწიფოს ფუნქციებს და ამით ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილი საკითხების კომპენსირებას ახდენენ. კერძოდ, მათ შექმნეს ცხელი ხაზები და სწრაფი რეაგირების ჯგუფები სექსუალური და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.“
მისივე თქმით, მხოლოდ გასულ წელს ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 3 300 ზარი მიიღეს და რეაგირება მოახდინეს სექსუალური და ოჯახურ ძალადობის 850 შემთხვევაზე.
გოჰარ აბრაჰამიანი ArmeniaNow.com რეპორტიორია.