სომხეთის პრეზიდენტის "მკურნალობის ამბავმა გამოჟონა“
სერჟ სარგსიანის პირადი ვიზიტი სამხრეთ კორეაში ახალ ამბებში ხვდება .
სომხეთის პრეზიდენტის "მკურნალობის ამბავმა გამოჟონა“
სერჟ სარგსიანის პირადი ვიზიტი სამხრეთ კორეაში ახალ ამბებში ხვდება .
შესწორებული ვარიანტი
სომხეთის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ ახალ ამბავს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სამხრეთ კორეაში ღეროვანი უჯრედების თერაპიის კურსი ჩაიტარა.
თავად ფაქტი, რომ ამბავმა “გამოჟონა” და მის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა იმაზე მეტყველებს, რომ მმართველი ელიტის შიგნით საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.
გაზეთი Armenian Times წერს, რომ 5 ნოემბრს მას შემდეგ, რაც სარგსიანს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შესახებ შეატყობინეს, მასთან საჭირო გახდა ექიმების გამოძახება. 16 იანვარს, იმავე გაზეთის ცნობით, სარგსიანი სამხრეთ კორეაში არა დასასვენებლად, როგორც აცხადებდნენ, არამედ მკურნალობის ჩასატარებლად გაემგზავრა.
მთავრობის პრეს სპიკერი ორივე ინფორმაციას უარყოფს და ერთ-ერთს „სულელურ ტყუილს“ უწოდებს.
თუმცა 24 იანვარს, სამხრეთ კორეული ვებ გვერდი Chosun.com ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარგსიანმა ქვეყანაში ერთი კვირა დაჰყო და ჩაიტარა ღეროვანი უჯრედების თერაპიის კურსი, რომელიც წონის კლებასა და დაბერების პროცესის შეჩერებას უწყობს ხელს.
ამის შემდეგ, პრეზიდენტის პრეს სპიკერი არმან საღათელიანი იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ სარგსიანი მართლაც იმყოფებოდა სამკურნალოდ, თუმცა მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკურნალობა მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა და პრეზიდენტმა ის საკუთარი სახსრებით დააფინანსა.
პოლიტიკური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი არმენ ბადალიანი ეჭვობს, რომ ამბის გახმაურება პირდაპირ კავშირშია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიმდინარე ცხარე ბრძოლასთან, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი უდგას სათავეში.
„რასაკვირველია, პრეზიდენტმა უნდა აგვიხსნას, თუ რატომ თქვა ტყუილი მისმა პრეს მდივანმა. ასევე უნდა გვითხრას, თუ რა ფულით ჩაიტარა მან მკურნალობის კურსი სამხრეთ კორეაში,“ – განაცხადა ბადალიანმა ჩვენთან საუბრისას. „თუმცა არსებობს მონეტის მეორე მხარეც, ეს სერჟ სარგსიანის ბოლო ვადაა და მისი რეალური კონკურენტი უკვე გამოჩნდა და არ არის გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე [კოჩარიანის] წრე შეეცდება მის დასაბრუნებლად ნიადაგი მოამზადოს.“
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სარგსიანი კენჭს ვეღარ იყრის, რადგან სომხეთის კონსტიტუციით პრეზიდენტს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ის გარემოება, რომ დეკემბერში კოჩარიანი მთავრობისა და პრემიერ მინისტრის მისამართით მკაცრი კრიტიკით გამოვიდა, ბევრს უჩენს იმის ეჭვს, რომ მას გეგმაში აქვს თავის ძველ თანამდებობაზე დაბრუნება.
2008 წელს, თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 54 წლის რობერტ კოჩარიანმა განაცხადა: „არ ვაპირებ ვიყო ყველაზე ახალგაზრდა პენსიონერი.“
ბევრი ექსპერტის ვარაუდით, ყარაბაღის ომის ყოფილი თანამებრძოლები, სარგსიანი და კოჩარიანი, რუსული მოდელის გადმოკოპირებას შეეცდებოდნენ, რომლის მიხედვითაც ვლიდიმერ პუტინმა და დმიტრი მედვედევმა პრემიერისა და პრეზიდენტის თანამდებობები გაცვალეს და ამით ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხეს.
თუმცა პრემიერ მინისტრის პოსტზე ტიგრან სარგსიანის დანიშვნით ამის შესაძლებლობა უკვე ნაკლებად არსებობს.
„როგორც ჩანს, სერჟ სარგსიანმა ტიგრან სარგსიანის გაპრეზიდენტების შანსები გაზარდა,“ – აცხადებს ლევონ ტერ-პეტროსიანის მრჩეველი აშოტ მანუჩარიანი. ტერ-პეტროსიანი დამოუკიდებლობის შემდეგ სომხეთის პირველი პრეზიდენტი და ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსია.
„ტიგრან სარგსიანიც ცდილობს თავის ირგვლივ მისდამი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები შემოიკრიბოს. ეს აღელვებს კოჩარიანს. ის აცნობიერებს, რომ მას კონკურენტი ჰყავს.“
როგორც მანუჩარიანი აღნიშნავს, კოჩარიანს აქვს ის რაც ბევრ პოლიტიკოსს არ გააჩნია – ფინანსური რესურსები და პოლიტიკური კავშირები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მოსაპოვებლად.
„მან ისიც კი მოახერხა, რომ თავის ირგვლივ უამრავი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი გააერთიანა. ეს სერჟ სარგსიანის ბოლო ვადაა, ასე რომ სომხურ ელიტას მოუწევს არჩევანის გაკეთება. სიტუაცია უპრეცედენტოა…სწორედ აქედან იღებს სათავეს სამხრეთ კორეისმაგვარი სკანდალები“.
მთავრობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი გახმაურდა. ამჯერად საქმე ეხება პაილაკ ჰაირაპეტიანს, ცნობილ ბიზნესმენს, რომელიც გაბანკროტდა მას შემდეგ, რაც 11 მილიონი აშშ დოლარი ასესხა პიროვნებას, რომელსაც ფული სიერა ლიონეში ოქროსა და ბრილიანტების საბადოში უნდა დაებანდებინა, თუმცა მოულოდნელად გაუჩინარდა.
ჰაირაპეტიანმა პოლიციაში განაცხადა, რომ გარიგების სანდოობაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან მოლაპარაკებების პროცესში რამდენჯერმე თავად პრემიერ მინისტრიც იყო ჩართული.
პრემიერ მინისტრი სარგსიანი ამ საქმესთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. ის თავის პოსტზე რჩება, თუმცა მანუჩარიანის აზრით ეს მხოლოდ დასაწყისია, თანამდებობისთვის ბინძური ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
„არა მგონია ეს ბოლო სკანდალი იყოს,“ – ამბობს ის.
[შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში გამოყენებული იყო კომენტარები, რომლის ავტორად დავიდ შაჰნაზარიანი სახელდებოდა. ეს კომენტარები მას არ ეკუთვნის. ბოდიშს ვიხდით ამ შეცდომის გამო გამოწვეული ნებისმიერი გაუგებრობისა და უხერხულობისთვის].
არმენ კარაპეტიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტია სომხეთში.