სომხეთი რუსეთ-თურქეთის კრიზისიდან სარგებელს ელის

ექსპერტების აზრით, სომხებს დაძაბული ურთიერთობების ფონზე პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლიათ.

სომხეთი რუსეთ-თურქეთის კრიზისიდან სარგებელს ელის

ექსპერტების აზრით, სომხებს დაძაბული ურთიერთობების ფონზე პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლიათ.

Armenian president Serzh Sargsyan (left) with his Russian counterpart Vladimir Putin after signing the Eurasian Economic Treaty on October 10, 2014. (Photo: Armenian president's website)
Armenian president Serzh Sargsyan (left) with his Russian counterpart Vladimir Putin after signing the Eurasian Economic Treaty on October 10, 2014. (Photo: Armenian president's website)

სომხეთი ყურადღებით აკვირდება მის მოკავშირე რუსეთსა და დიდი ხნის მოწინააღმდეგე თურქეთს შორის მზარდი დაპირისპირების ფონზე მიმდინარე მოვლენების განვითარებას. ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა მოხდეს სომხეთის კონფრონტაციაში ჩათრევა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მოსკოვთან ახლო ურთიერთობას სათავისოდ გამოიყენებს.

მოსკოვსა და ანკარას შორის დაძაბულობის მიზეზი 24 ნოემბერს თურქეთის ავიაგამანადგურებელის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევისთვის რუსული ბომბდამშენის სუ-24-ის ჩამოგდება გახდა, რომელიც სირიაში რუსულ სამხედრო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ კრიზისმა შესაძლოა რუსეთის ერთგულ მოკავშირე სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს. შესაძლებლობების გონივრულად გამოყენების შემთხვევაში სომხეთს თავისი პოზიციების გამყარება შეუძლია, როგორც რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე მთლიანად რეგიონში.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სომხეთმა თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით თავისი მკაფიო პოზიცია თავიდანვე ნათლად დააფიქსირა. ინციდენტის მეორე დღეს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა დაგმო თურქეთის ქმედებები და ის შეაფასა, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ძალებისთვის მიყენებული დარტყმა.

თურქეთის ხელისუფლება გაკიცხა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ ედუარდ შარმაზანოვმაც და პარალელები გაავლო სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან.

„შარშან, თურქეთის უმცროს ძმად წოდებული, აზერბაიჯანის დამნაშავე რეჟიმის ბრძანებით ჩამოაგდეს სომხური ვერტმფრენი, რამაც, როგორც ჩანს, თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმის შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ ასეთი სერიოზული დანაშაული შეიძლება დაუსჯელი დარჩეს,“ – განაცხადა შარმაზანოვმა 27 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარესთნ სერგეი ნარიშკინთან შეხვედრის დროს.

„მსოფლიო იცვლება, ყალიბდება ახალი პოლიტიკური მიდგომები, ახალი სიტუაციები, სადაც ჩანს, რომ სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე და რუსი ხალხი არის მოძმე ერი,“ – დასძინა მან. „თურქეთი კი ბოლო ასი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.“

ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის სერგეი მინასიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც განაპირობა არა მარტო დაძაბულმა რუსულ-თურქულმა ურთიერთობებმა, არამედ სირიის კრიზისმაც.

„უნდა გვახსოვდეს, რომ სომხეთი არის ყველაზე ახლო ქვეყანა სირიასთან, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს,“ – განაცხადა მინასიანმა ჩვენთან საუბრისას. „სომხეთ-თურქეთის საზღვარს იცავენ რუსი სამხედროები და მათ შორის არსებობს ფაქტობრივი სახმელეთო კავშირი.“

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხურ-თურქული საზღვარი წარმოადგენს გამოყოფ ხაზს NATO-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას – CSTO შორის. ეს არის რეგიონული ბლოკი, რომელშიც გაერთიანებული არიან სომხეთი, ბელორუსია და ცენტრალური აზიის სამი რესპუბლიკა.

„ყველა ეს ფაქტორი თამაშობს თავის როლს,“ – ამბობს მინასიანმა.

მისივე სიტყვებით, მოსკოვი, ანკარასთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, სომხეთთან კავშირის გამყარებას შეეცდება.

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსმა კანონმდებლებმა დუმაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სომხების გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 500 000 რუბლს (7 500 აშშ დოლარს) შეადგენს. წელს სომხებმა გენოციდის ასი წლისთავი აღინიშნეს. თურქეთი 1.5 მილიონი სომეხის მკვლელობას გენოციდად არ აღიარებს, რაც მისი სომხეთთან დაძაბული ურთიერთობის მთავარ მიზეზად რჩება.

რუსეთმა დაიწყო მისი სამხედრო კონტიგენტის გაძლიერება სომხეთში და ერევანთან ახლოს მდებარე ავიაბაზაზე დამატებით გააგზავნა შვიდი ერთეული მოიერიშე მი-24 და სატრანსპორტო ვერტმფრენი მი-8. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

რუსეთის ავიაბაზამ ფუნქციონირება 1995 წელს დაიწყო, გიუმრიში უკვე არსებული სამხედრო ბაზის დამატებით. ეს პროცესები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს CSTO-ს სამხრეთ საზღვარზე სომხეთთან ერთად საერთო საჰაერო თავდაცვის მექანიზმების შექმნა.

„ნათელია, რომ რუსეთი უკვე შეუდგა სამხედრო პოზიციების გაძლიერებას მთელი ‘ახლო საზღვარგარეთის’ ფარგლებში,“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი. „ეს ნიშნავს, რომ რუსეთისთვის მისი სამხედრო ბაზები სომხეთში, როგორც რეგიონში არსებული ერთადერთი რუსული ბაზა, იქნება პრიორიტეტი გასაძლიერებლად.“

გირაგოსიანის თქმით, ეს ახალი უსაფრთხოების კონტექსტი იმის ნიშანია, რომ სომხეთი რუსეთისთვის იმაზე მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. „მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა დამოკიდებულებას დაიჭერს მოსკოვი ერევანთან მიმართებაში,“- დასძენს ის.

მისი სიტყვებით, ადრე რუსეთი სომხეთის მხარდაჭერას ისე ღებულობდა, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

„დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთის ქედმაღლური მიდგომა საკმაოდ უპატივცემულო იყო სომხეთის მიმართ,“ – აცხადებს გირაგოსიანი. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსკოვი აზერბაიჯანის ნომერ პირველი იარაღის მიმწოდებელი აღმოჩნდა.“

რუსეთ-თურქეთის კრიზისმა წარმოშვა საუბარი იმის შესახებაც, თუ რა გავლენას მოახდენს არსებული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო არსებულ გაყინულ კონფლიქტზე.

ყარაბაღის ე.წ. „გამყოფი ზოლის“ და ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ ხშირად ხდება ინციდენტები და ისმის სროლის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები 1994 წელს დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. თუმცა, კონფლიქტი მოგვარების ნაცვლად გაიყინა, ხოლო ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სომხეთის დე-ფაქტო კონტროლი დამყარდა.

მინასიანის აზრით, თურქეთი დაძაბულობის საპასუხოდ არ წააქეზებს აზერბაიჯანს ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.

„ჩემი აზრით, პირიქით, ჩვენ საპირისპიროს დავინახავთ,“ – ამბობს მინასიანი. „აზერბაიჯანი, რომელიც არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე ცდილობს რუსეთსა და თურქეთს შორის წონასწორობის შენარჩუნებას, თავშეკავებულად მოიქცევა, რადგან იცის, რომ თუ სიტუაცია გამწვავდა, რუსეთი პირდაპირ ჩაერევა მასში.“

ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტის ზონაში მოერიდება დაძაბულობის ესკალაციას, რადგან ამ შემთხვევაში სომხეთის მიმართ რუსეთის მხარდაჭერა უფრო ღია გახდება, დასძენს ის.

გირაგოსიანიც ეთანხმება იმ აზრს, რომ თურქეთი ახლა პირდაპირ ჩარევას ჩარევას თავს მოარიდებს.

„არსებობს უფრო მეტი რისკი იმის, რომ რუსეთი შეეცდება საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას იმ მიზნით, რომ მოახდინოს რუსი მშვიდობიმყოფელების დისლოცირება. ეს პირდაპირი გამოწვევა იქნება სომხეთის ინტერესებისთვის და საფრთხეს შეუქმნის მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას,“ – განაცხადა მან.

სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთ-თურქეთის კრიზისით სომხეთმა მოკლევადიანი სარგებელი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის 28 ნოემბრის დადგენილებით თურქეთის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა და რუსეთში თურქული პროდუქტების იმპორტი შეიზღუდა, სიცარიელის შესავსებად სომხეთის ხელისუფლებამ სწრაფად გამოთქვა მზადყოფნა. დეკემბრის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა მოუწოდა ბიზნესმენებს ესარგებლათ რუსეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდის ამ შესაძლებლობით.

ეს შესაძლებლობა ყველაზე აქტუალური იქნება ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის.

„კომპანიებმა რუსეთში უკვე გამოხატეს ინტერესი იმ პროდუქტების მიწოდებაზე, რომელთა ჩამოტანაც თურქეთიდან ვეღარ ხდება,“ – განუცხადა კომპანია „არარატფუდის“ დირექტორმა ჰამლეტ ტადევოსიანმა გაზეთ „ჰაიკანან ჟამანაკს“. „საუბარია დიდ მოცულობებზე – ათობით ათასობით ტონაზე.“

თუმცა, სომხეთი სოფლისმეურნეობის პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით ვერ შეძლებს თურქეთის მთლიანად ჩაანაცვლებას. მას არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს რუსული ბაზრისთვის საკმარისი რაოდენობის ნაწარმი.

ამასთან ერთად, სირთულეები იქმნება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებითაც. ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად, სომხეთი ნაწილობრივ ბლოკადაში იმყოფება აზერბაიჯანის და თურქეთის მხრიდან. რუსეთში ტვირთების გადატანა საქართველოს გავლით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან ხორციელდება, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკეტება მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო. ასეთ დროს ტვირთების გადაზიდვა, ზღვით, ფოთის პორტიდან ხდება, რაც მიწოდების ვადებს ძალიან ახანგრძლივებს.

არმენ გრიგორიანი, რომელიც სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტში გლობალიზაციის და კონკურენციის კვლევით პროგრამას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ საზღვაო გადაზიდვები ძვირია და ერთ ტონა ტვირთზე 90 აშშ დოლარი ჯდება, ამავე დროს მალფუჭებადი პროდუქტების გადატანა ზღვით თითქმის შეუძლებელია.

გირაგოსიანიც და მინასიანიც თანხმდებიან, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნაკლებად სავარაუდოდ მოახდენენ გავლენას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, რომლებსაც უკვე არჩეული აქვთ განვითარების საკუთარი გზებით.

გირაგოსიანის სიტყვებით, საქართველო ევროპასთან დაახლოებას ცდილობს, ხოლო აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის სტილში, ენერგორესურსებზე დაფუძნებულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ ყალიბდება. სომხეთი კი, თავის მხრივ, არის უფრო სტაბილური და სანდო მოკავშირე, როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის, ასკვნის გირაგოსიანი.

ეკატერინა პოღოსიანი არის ჟურნალისტი სომხეთიდან.

 

Armenia, Russia, Turkey
Frontline Updates
Support local journalists