საქართველო: ციფრული მაუწყებლობის ხარვეზები
იზოლირებულ დასახლებებში მოსახლეობა ციფრული სიგნალს ვერ იღებს.
საქართველო: ციფრული მაუწყებლობის ხარვეზები
იზოლირებულ დასახლებებში მოსახლეობა ციფრული სიგნალს ვერ იღებს.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიუვალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ნაციონალურ არხებზე წვდომა შეეზღუდათ.
მიუხედავად შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებებისა იმის შესახებ, რომ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი წარმატებით დასრულდა, ტექნიკური პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
შედარებით იზოლირებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა სატელევიზიო სიგნალის ცუდ ხარისხს უჩივის, ოკუპირებული რეგიონებში კი, ქართულ არხებს საერთოდ ვერ იჭერენ. მედია ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არის იქ მცხოვრები ადამიანების სამოქალაქო უფლებების დარღვევა.
საქართველოს რეგიონებში ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გათიშვა ეტაპობრივად მოხდა. პროცესი 2015 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდა.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმართვისთვის საქართველოს მაღალი შეფასება მისცა. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური როლი, კერძოდ, სამართლებრივი და ტექნიკური მონაცემთა ბაზის მომზადების საქმეში.
თუმცა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით ყველა არ არის კმაყოფილი.
ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მკვიდრმა რუსუდან ჩუბინიძემ სპეციალური ადაპტერი ანალოგური მიწისზედა სიგანალის გათიშვამდე შეიძინა.
თუმცა, როგორც ის ამბობს, არხებს ჯერ კიდევ ვერ იჭერს სრულყოფილად. ნაციონალური არხები დროდადრო ითიშება, ხოლო ცუდ ამინდში ჩვენების ხარისხი შესამჩნევად ეცემა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ადასტურებს, რომ ზოგიერთ ადგილას ქსელი მართალაც არასტაბილურია. მაუწყებლობის შეზღუდვის მიზეზი ტექნიკური პრობლემები, ასევე სიხშირის პარამეტრებთან და ადაპტერებთან დაკავშირებული სირთულეები გახდა.
ანალოგური მაუწყებლობა თავდაპირველად მონოფონური ხმის მქონე შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად დაინერგა. ციფრული მაუწყებლობა უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა გამოსახულებას, უკეთესი ხმის ხარისხს და მრავალი სადგურის ხელმისაწვდომობას. საქართველოს შემთხვევაში ეს თეორიულად დაახლოებით 20-60 უფასო სატელევიზიო არხზე წვდომას გულისხმობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპის კავშირი, ათ წელზე მეტია, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.
ქვეყნების უმეტესობამ თავდაპირველად ციფრული მიწისზედა ვიდეო მაუწყებლობის სტანდარტი (DVB-T) დანერგა და მხოლოდ ახლა გადადის გაუმჯობესებულ DVB-T2 (ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მეორე თაობა) სტანდარტზე. საქართველო კი ანალოგურიდან პირდაპირ DVB-T2 სტანდარტზე გადავიდა.
ციფრულ მაუწყებლობაზე უმტკივნეულო გადასვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, 2014 წლის თებერვალში, შეიქმნა ციფრული მაუწყებლობის სააგენტო. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დარიგდა დაახლოებით მილიონ-ნახევარი საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო საჭირო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად.
მოსახლეობის დაახლოებით ორმოცი პროცენტი, რომელიც სატელევიზიო სიგნალს ანტენების საშუალებით იღებდა, იძულებული გახდა ე.წ. „სეტ-ტოპ ბოქსები,“ რომლებიც სიგნალის გარდაქმნას ახდენენ, ან კიდევ ახალი ტელევიზორები DVB-T2 მხარდაჭერით შეეძინა. მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, რომელიც საკაბელო ტელევიზიით ან სატელიტური ანტენებით სარგებლობდა, ეს ცვლილებები არ შეეხეო.
როგორც აღმოჩნდა, ინფორმაცია ცვლილებების შესახებ ყველამ ვერ მიიღო დროულად ან კიდევ უბრალოდ ვერ შეძლო 50-60 ლარის ღირებულების „სეტ-ტოპ ბოქსების“ შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოწყობილობა უფასოდ დაურიგდათ.
ხშირ შემთხვევაში, მოსახლოების იმ ნაწილმა, რომელთაც არ გააჩნდათ „სეტ-ტოპ ბოქსები“ ან DVB-T2 მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები, ნაციონალური არხებზე წვდომა დაკარგა, ისინი მეზობელი ქვეყნების არხებმა გადაფარა.
პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე სოფლებში, სადაც, როგორც იქაურები ამბობენ, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ გარდა იმისა, რომ უყურონ რუსულ არხებს.
1990 წლების კონფლიქტების შედეგად საქართველოს იურისდიქცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ ვრცელდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ორივე დე-ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა.
სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე რეგიონების მცხოვრებლებიც ასევე აცხადებენ, რომ ქართულ არხებზე წვდომა აღარ აქვთ.
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ ეს არის მათი უფლებების დარღვევა.
მეზობელი ქვეყნებიდან სიგნალების დაბლოკვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, მათ უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი მეზობელი სახელმწიფოების კოლეგებთან თანამშრომლობით.
აჭარის რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. კომისიამ უკვე მიმართა თავის კოლეგებს რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საზღვრისპირა რაიონებში მათი ანალოგური სიგნალის შესუსტების მოთხოვნით.
თუმცა შესაძლოა, ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდეს.
IDFI და GARB წარმომადგენლებმა მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას თხოვნით, დაუშვას ანალოგური მაუწყებლობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებში. მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„სიგნალის გადაფარვის პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ასევე გორის რაიონში,“- განაცხადა ნათია კუპრაშვილმა, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა კავშირის თავმჯდომარემ.
„ამასთან ერთად, თუ ადრე ქართული ტელევიზია მაუწყებლობდა აფხაზეთის ზოგიერთ რაიონში, ახლა როცა ამისთვის სპეციალური ადაპტერებია საჭირო, ჩვენ ეს აუდიტორიაც დავკარგეთ,“ – დასძინა კუპრაშვილმა.
2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობის თვრამეტი პროცენტი ეთნიკურად ქართველია. მათი უმეტესობა გალში, ტყვარჩელში და ოჩამჩირეში ცხოვრობს, სადაც ქართული მაუწყებლობა არ ვრცელდება.
„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ქართული არხები გაქრა და ბევრი იძულებული გახდა სეტ-ტოპ-ბოქსები ეყიდა, იმისთვის, რომ ქართული გადაცემებისთვის და ახალი ამბებისთვის ეყურებინა,“ – ამბობს გალის მკვიდრი მარინა. „თუმცა, პრობლემები ისევ არსებობს, სიგნალი ხშირად ითიშება ტექნიკური პრობლემების გამო. მაგალითად, ბოქსით სამი თვე ვერ ვიჭერდით ქართულ არხებს. უფრო მეტიც, კოდები ხშირად იცვლება, ტექნიკურ დახმარებას კი ვერსად ვიღებთ.“
„პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია მათთვის, ვისაც ერთ-ერთი მობილური ოპერატორის სატელიტური თეფშები აქვს დამონტაჟებული,“ – განაგრძო მან. „მაგრამ ყველას არ აქვს მათი დაყენების საშუალება, სერვისის სიძვირის გამო. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ანალოგური სიგნალი აღდგება.“
ნათია კუპრაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ჰქონდეთ წვდომა ქართულ არხებზე.
„თუ მთავრობა გაითვალისწინებს ჩვენს წინადადებას, ამით ციფრული მაუწყებლობის მხრივ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულეები არ შემცირდება,“ – აცხადებს იგი. „ამით დიდი პრობლემა მოგვარდება ჩვენი თანამემამულეებისთვის“.