რუსეთის გვერდის ავლით

ქართული პროექტი გენერალურ ასამბლეაზე.

რუსეთის გვერდის ავლით

ქართული პროექტი გენერალურ ასამბლეაზე.

Saturday, 24 October, 2009
IWPR

IWPR

Institute for War & Peace Reporting

-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოქალაქეების შესახებ. პროექტი წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა და ითვალისწინებს დევნილების ნებაყოფლობით და უსაფრთხო დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უშიშროების საბჭოზე დაბლოკა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერო-ს მისიისთვის მანდატის გახანგრძლივება, ამ ინსტიტუტში ნებისმიერ ქართულ პროექტს, სავარაუდოდ, ასეთივე ბედი ელის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცდეს და ამით აქტუალური გახადოს ოკუპირებულ ზონებში შექმნილი ვითარება.

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათის შემდეგ, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღის წესრიგში დადგება საქართველოს დევნილი მოქალაქეების დაცვის საკითხი. ქართულ მხარეს რეზოლუციის პროექტში აქცენტი პოლიტიკურ თემებზე არ გაუკეთებია, არამედ წინა პლანზე კონკრეტული მოქალაქეების უფლებების დაცვა წამოწია. ასამბლეის 63-ე სხდომაზე წარსადგენი პროექტი მოწოდებულია, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის საკუთარ სახლში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება უზრუნველყოს. გენერალურმა ასამბლეამ, საქართველოს წარდგენით, 2008 წლის 15 მაისსაც დაამტკიცა რეზოლუცია, თუმცა ის მხოლოდ აფხაზეთს მოიცავდა. ახლანდელი პროექტის ტექსტში კი აღნიშნულია, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში გაერო-ს გენერალურ მდივანს დაევალება, რომ მომავალ 64-ე სხდომაზე წარმოადგინოს ყოვლისმომცველი ანგარიში, თუ როგორ უნდა შესრულდეს რეზოლუცია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი პოლიტიზირებული არ არის და მხოლოდ კონკრეტული მოქალაქეების საკითხის მოგვარებას გულისხმობს, რუსეთის ფედერაცია მაინც ეწინააღმდეგება რეზოლუციის მიღებას. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, “რეზოლუციის პროექტი ვერ ასახავს არსებულ რეალობას. კერძოდ, რეგიონში ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიშვა - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას, ისე მის უცხოელ მფარველებს ადრე თუ გვიან მოუწევთ ამ ფაქტის გათვალისწინება.” ნესტერენკომ დასძინა, რომ “ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული მუშაობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დაბალანსებული გავხადოთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს რეგიონში მომხდარ ყველა გეოპოლიტიკურ ცვლილებას.” თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ პროექტის მომზადების შემდეგ ტექსტი პარტნიორ ქვეყნებთან შეათანხმა და მასში ცვლილებების შეტანა დაგეგმილი არ არის. მით უმეტეს რუსეთი, უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, გენერალურ ასამბლეაზე პრივილეგიებით არ სარგებლობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ “24 საათს” განუცხადა, რომ “ასამბლეაზე რეზოლუცია უფრო ადვილად მიიღება, ვიდრე უშიშროების საბჭოზე. ბუნებრივია, უშიშროების საბჭოზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უფრო დიდი ძალა აქვს და გენასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, რა თქმა უნდა, თანაბარი მნიშვნელობის არ იქნება. მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხში გაერო-ს ერთ-ერთი ინსტიტუტი იქნება ჩართული.”

საკუთვრივ კენჭისყრაზე კი რეზოლუცია, სავარაუდოდ, განსაკუთრებული სირთულეების გარეშე დამტკიცდება. მით უმეტეს, რომ გასულ წელს საქართველომ შეძლო ასამბლეაზე რეზოლუციის გატანა, რომელშიც პირველად ჩაიწერა ტერმინი “ეთნიკური წმენდა.” თუმცა, რეზოლუციის გასატანად სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. პროექტს, რუსეთის გარდა, მხარი არ დაუჭირა ათმა ქვეყანამ (სომხეთი, ბერალუსი, ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი, ირანი, მიანმარი, სერბეთი, სუდანი, სირია და ვენესუელა), 105-მა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, მათ შორის საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ. საქართველომ მხოლოდ 14 ქვეყნის მხარდაჭერით შეძლო რეზოლუციის გატანა.

დღეს დაგეგმილი კენჭისყრის თაობაზე “24 საათი” პოლიტილოგ გია ნოდიას ესაუბრა. “ამა თუ იმ ქვეყნის მიერ თავის შეკავება ნიშნავს, რომ ისინი მაინც შეეწინააღმდეგნენ რეზოლუციის დამტკიცებას. თუმცა ამჯერად არა მგონია, ეს ქვეყნები აქტიურად დაუპირისპირდნენ რეზოლუციის მიღებას,” – მიიჩნევს გია ნოდია, რომლის აზრითაც, ჰუმანიტარულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებამ რეზოლუციის პროექტთან დასაპირისპირებელი არგუმენტები, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დაიყვენა.

ნოდიამ განმარტა, რომ რეზოლუცია შეიძლება კონკრეტულ დავალებას არ აძლევდეს რუსეთს, თუმცა, რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან რუსეთის ფედერაციისთვის უფრო რთულია ჰუმანიტარული სახის რეზოლუციებთან დაპირისპირება. გარდა ამისა, მან რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “არსებობს, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული პრობლემები და საქართველო ვალდებულია, ასე ვთქვათ, ამ თემებზე იზრუნოს - კერძოდ, წამოწიოს თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხი. ეს არის ზოგადი და ჰუმანიტარული მოვალეობა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჰუმანიტარულია, მას ყოველთვის აქვს პოლიტიკური მხარეები. საქართველოს ინტერესია, მუდმივად შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ არსებობს გადაუწყვეტელი და მწვავე პრობლემა, რომელიც არის პოლიტიკური და ამავე დროს ჰუმანიტარული.”
Frontline Updates
Support local journalists