ყარაბაღელი დევნილები კომპენსაციის მოლოდინში
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოგებული საქმის მიუხედავად, პოლიტიკური ჩიხის გამო, ომის შედეგად დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციების გადახდის პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს.
ყარაბაღელი დევნილები კომპენსაციის მოლოდინში
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოგებული საქმის მიუხედავად, პოლიტიკური ჩიხის გამო, ომის შედეგად დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციების გადახდის პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ივნისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ორივე მხრიდან დევნილი ადამიანების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური ერევანი და ბაქო არ ჩქარობენ განმარტებების გაკეთებას იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებენ კომპენსაციების გადახდას იმ დაზარალებულებისთვის, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ სახლები და საკუთრება მიეტოვებინათ.
16 ივნისს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეებზე სარგსიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ორი საქმე, რომლის განხილვაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ომის ორივე მხარეს მყოფი უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის გასაჭირს განასახიერებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ორივე სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება აუნაზღაუროს ზარალი იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან არიან დევნილები. ამასთან ერთად, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა შეიმუშაოს მარტივი მექანიზმები კომპენსაციის მისაღებად და საკუთრების უფლების დასაბრუნებლად. ეს სასამართლო გადაწყვეტილებები სავარაუდოდ გავლენას იქონიებს იმ 1000-ზე მეტ მსგავსი ტიპის საქმეზე, რომლებიც ევროპის ადამიანის ულფებათა სასამრთლოში შეტანილია როგორც სომეხი ასევე აზერბაიჯანელი დევნილების მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად და კომპენსაციების დაბრუნების სისტემის ასამუშავებლად ორივე ქვეყანას ერთი წლის ვადა მისცა, ექსპერტები თვლიან, რომ კონფლიქტის რთული ბუნებიდან გამომდინარე ეს ვადა არარეალისტურია.
საბჭოთა მმართველობის ბოლო პერიოდში მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა მოითხოვეს, რასაც მოჰყვა ომი. საომარი მოქმედებები მხოლოდ 1994 წელს დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება ჯერაც არ არის მიღწეული. მას შემდეგ, ყარაბაღს და მის მიმდებარე რაიონებს სომხური ადმინისტრაცია აკონტროლებს, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს. ყარაბაღის სუვერენიტეტის მოთხოვნა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია.
აზერბაიჯანული მხარე ყარაბაღის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს, მოლაპარაკებები ეუთოს შუამდგომლობით მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს. პროცესი დიდი წინსვლით არ გამოირჩევა, რადგან ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები პრინციპულად განსხვავებულია – დამოუკიდებლობა რეინტეგრაციის წინააღმდეგ – რის გამოც რთულდება ისეთი წინასწარ მოსაგვარებელი საკითხების განხილვა, როგორიცაა დევნილების დაბრუნება და რესტიტუცია.
ზემოაღნიშნულ ორ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობებისგან ითხოვს და არა ყარაბაღის ხელმძღვანელობისგან.
აზერბაიჯანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის ელდარ ზეინალოვის აზრით, „სასამართლომ გამოარკვია, რომ სტრასბურგში დევნილების მიერ წამოყენებულ მთელ რიგ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთს და აზერბაიჯანს.“
„არა მგონია, რომ დევნილებმა კომპენსაცია ერთ წელიწადში მიიღონ. ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება,“- განაცხადა სომხური არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლებრივი თვითნებობის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა ლარისა ალავერდიანმა. „არც იმას აქვს მნიშვნელობა გადაწყვეტილებებს ქვეყნების მთავრობები ცალ-ცალკე მიიღებენ თუ ერთობლივად. რეალური საკითხი სხვა რამეში მდგომარეობს – ორივე მხარემ უნდა გადაწყვიტოს, რა სახით მოხდება კომპენსაციების გაცემა, იქნება ეს ფულადი თანხა, ქონების გაცვლა თუ მათ ყოფილ საცხოვრებლებში დაბრუნება.“
მინას სარგსიანმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი 2006 წელს შეიტანა. მასში აღნიშნულია, რომ 1992 წელს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ის იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი სახლი შაუმიანის რაიონის სოფელ გულისტანში. მინას სარგსიანი 2009 წელს გარდაიცვალა, თუმცა საქმეს მისი შვილი აგრძელებს, რომელიც ამბობს, რომ მამა ყოველთვის ოცნებობდა გულისტანში დაბრუნებაზე.
„მამას მისი სამართლიანად დაბრუნება უნდოდა, ამიტომაც მივმართეთ სასამართლოს,“ – თქვა ვლადიმერ სარგსიანმა. „გულისტანი ნიშნავს ‘ვარდების მხარეს’ და ის მართლაც ულამაზესი და უმდიდრესი სოფელი იყო. ყველას მსგავსად ჩვენც გვქონდა სახლი, გვყავდა საქონელი და გვქონდა ბოსტანი, რომლის მოსავალსაც ბაზარზე ვყიდდით. არ ვიცი როგორ გადაგვიხდიან კომპენსაციას, თუმცა მიხარია, რომ საქმე მოვიგეთ“.
იგივე სამართლებრივი ფორმატი იყო გამოყენებული ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ საქმის განხილვის დროს – სარჩელი, რომელიც ლაჩინის რაიონიდან 1992 წელს დევნილმა აზერბაიჯანელებმა შეიტანეს. ლაჩინი სომხეთსა და ყარაბაღს შორის მდებარე მთავარ სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს.
სომეხი ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი და ექსპერტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში ანა გაზარიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები შემდეგ ეტაპზე მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნება. ეს არის ევროსაბჭოსთან არსებული გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების შესრულებას უწევს ზედამხედველობას.
„დიალოგი უნდა დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მინისტრთა კომიტეტის შუამდგომლობით. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა მოიფიქრონ როგორ აპირებენ საკუთრების უფლების აღდგენას და რა მექანიზმებით მოახდენენ კომპენსაციის გადახდას ამ ორ საქმეზე და ასევე განხილვის სტადიაში მყოფ სხვა 1000 საქმეზეც ,“ – ამბობს გაზარიანი.
განხილვის პროცესშია აზერბაიჯანული მხრიდან შესული დაახლოებით 600 და სომხეთის მხრიდან შესული 400 საჩივარი.
უფლებადამცველი აქტივისტები თანხმდებიან, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით მკვიდრდება პრეცედენტი საკუთრების აღდგენის/რესტიტუციის ჩარჩოს შემუშავებისთვის.
შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით არ არსებობს პროგრესი. სომხეთი და აზერბაიჯანი ტექნიკურად ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება ისეთ ადამიანურ საკითხებზე, როგორიცაა საკუთრების დაბრუნება ან დევნილების დაბრუნება იკვეთება ერთ მთავარ კითხვასთან, რა ელის ყარაბაღს – დე იურე დამოუკიდებლობა, აზერბაიჯანული მმართველობის აღდგენა თუ რაღაც სხვა. ყარაბაღის რამდენიმე რაიონი, მათ შორის ლაჩინი 1994 წლიდან სომხური მხარის მიერ კონტროლდება, მისი აზერბაიჯანელი და ქურთი მოსახლეობა კი დევნილებად იქცა. სამშვიდობო პროცესის რაღაც ეტაპზე, როგორი მომავალიც არ უნდა ჰქონდს ყარაბაღს, უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება, თუმცა როდის მოხდება ეს, არავინ იცის.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე, 18 ივნისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასთან, მოლაპარაკებების პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და მათი მოგვარება შესაძლებელია გახდება, როგორც ყოვლისმომცველი შეთანხმების ნაწილი.“
ნალბანდიანის განცხადებით, ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ არ იქონიებს გავლენას ყარაბაღის კონფლიქტზე, მისივე სიტყვებით „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარების საკითხთან.“
ორივე მხარეს ექსპერტები თანხმდებიან, რომ დევნილების საკითხის და მათ შორის კომპენსაციის საკითხის მოგვარებას, სავარაუდოდ, შეაფერხებს თავად კონფლიქტის მოგვარების საკითხში წინსვლის არარსებობა.
„რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკასთან დაკავშირებული,“ – აცხადებს გაზარიანი. „აუცილებლად იქნება წინადადებები ძლიერი მექანიზმების შექმნის თაობაზე, რომლებიც საშულებას მისცემს დევნილებს დაბრუნდნენ, დაბრკოლებების გარეშე ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით და მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია, თუმცა ცხადია, ვერც ერთი საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხდება მანამ, სანამ არ მოხდება ყარაბაღის საკითხის პოლიტიკურ დონეზე მოგვარება.“
სომეხი პარლამენტარი მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ჰოვანეს საჰაკიანი, რომელიც ამავე დროს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ხაზგასმით აღნიშნავს რომ რთული იქნება სასამართლოში შეტანილი საქმეების ყარაბაღის კონფლიქტიდან გამოცალკავება.
„თუ ჩვენ ამ საკითხს სუფთა იურიდიული თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და უნდა აღსრულდეს. თუმცა, არ ვისურვებდი მის განხილვას მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან მათში გაცილებით მეტი ელემენტი პოლიტიკური ხასიათისაა,“ – განაცხადა საჰაკიანმა ჩვენთან საუბრისას.
„ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოების“ ხელმძღვანელი ავაზ ჰასანოვი თვლის, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის „შეხსენება“ ორივე ქვეყნის მთავრობისთვის, რომ აუცილებებლია სამშვიდობო პროცესების დაუყოვნებლივ განახლება.
„ამ საქმეების განხილვა ევროსასამართლოში დიდი ხანია მიმდინარეობს. გადაწყვეტილება სწორედ მაშინ იქნა მიღებული, როდესაც მხარეები ყველაზე მეტად ჩამოშორდნენ კონფლიქტის მოგვარების საკითხს და დაიწყეს ომზე აქტიურად საუბარი,“ – ამბობს ის. „აშკარაა, რომ მხარეები არ აპირებენ მომჩივანეებისთვის კომპენსაციების გადახდას.“
თუ სარგსიანის და ჩირაგოვის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს პრეცედენტად გახდომის პერსპექტივა 1990-იანების ომის დროს მთიანი ყარაბაღიდან დევნილებისთვის, ის ვერ იქნება იმედისმომცემი აზერბიჯანიდან გამოქცეული სომხებისთვის და სომხეთიდან გამოქცეული აზერბაიჯანელებისთვის. ამ ორი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ძალადობრივ ტალღას მასობრივად გამოექცნენ, როგორც დაძაბულობის დაწყებამდე, ასევე უშუალოდ კონფლიქტის დროს, უკან მოიტოვეს მათი საკუთრება და საცხოვრებელი სახლები.
ზეინალოვი ეჭვობს, რომ ამ ჯგუფებმა შეძლონ ევროსასამართლოში მოგებული ორი საქმის პრეცედენტად გამოყენება.
„ბაქოდან გამოქცეული სომხების და სომხეთიდან გამოქცეული აზერბაიჯანელი დევნილების მხრიდან მსგავსი საჩივრები ვერ მიაღწევს წარმატებას,“- ამბობს ის. „ბოლოს და ბოლოს მათი ქონება ორივე ქვეყანაში უკვე სხვა მფლობელებზეა გადაფორმებული. ეს მოხდა მანამდე, ვიდრე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კონვენცია შევიდოდა ძალაში და მისი გასაჩივრება ადგილობრივ სასამართლოებში დროულად არ მოხდა.“
„უფრო მარტივია, როცა საქმე ეხება ყარაბაღიდან დევნილებს,“ – დასძინა მან და თან განმარტა, რომ რადგანაც ტერიტორიის მოთხოვნა სუვერენიტეტის შესახებ არ არის აღიარებული, აქედან გამომდინარე, საკუთრების დასახელებების აღდგენა საბჭოთადროინდელი დოკუმენტაციიდან უნდა მოხდეს. შესაბამისად, ახალი ოკუპანტების მიერ წამოყენებული საკუთრების მოთხოვნები მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ ძალას.“
სომხეთში ალავერდიანი თვლის, რომ დევნილი მოსახლეობის მიერ მიტოვებული ქონების მიტაცება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საკმაოდ აქტუალური საკითხია, ხოლო დაზარალებულებს იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რასაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო.
არასამათავრობო ორგანიზაციის „ლტოლვილები და საერთაშორისო სამართალი“ კოორდინატორი ელეონორა ასატრიანი, რომელიც აზერბაიჯანიდან დევნილი სომხების საკითხებზე მუშაობს აღნიშნავს, რომ ანალოგიური პრობლემა 1988-1990 წლებში აზერბაიჯანიდან დევნილ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს გარკვეული სახის ინფორმაციას, თუმცა არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები ეთნიკური წმენდის შესახებ სუმგაიტში, ბაქოში, კიროვაბადში და აზერბაიჯანის სსრ სხვა ქალაქებში, რის შედეგადაც 500 000 ადამიანზე მეტი გახდა დევნილი. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო 1988 წელს, მაგრამ სასამართლო საქმეები ეხება მხოლოდ 1992 წელს,“ – დასძინა მან.
მიუხედავად ყველაფრისა, ალავერდიანი მაინც ხაზგასმით აღნიშნავს გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც მთავრობებისგან ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის მოქმედებას მოითხოვს.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მასზე ვერ ახდენს გავლენას ვერც სახელმწიფოებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები და ვერც ის, რომ ისინი საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან,“ – აცხადებს ის. „მისი გადაწყვეტილებები ეფუძნება იმას, რომ სახელმწიფოებს გააჩნიათ ვალდებულებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე და ისინი უნდა შესრულდეს.“
არზუ აბდულაევა, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე იმედიანიად უყურებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ის ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას.
„განსაკუთრებით პოზიტიური არის ის, რომ სარჩელები ორივე მხრიდან არის შეტანილი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ამ საქმეების განხილვა გავლენას იქონიებს ყარაბაღის შესახებ მთელს მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებას. ასეთი საქმეების გაზრდილი რაოდენობა მნიშვნელოვანწილად საგანმანათლებლო როლს ასრულებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წვლილს შეიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში,“ – ამბობს ის. „მთავარია, რომ ორ ხალხს შორის არსებული მტრობა ბოლოს და ბოლოს დასრულდეს.“
ლილიტ არაკელიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში. ნურგულ ნოვრუზიაზერბაიჯანელი ჟურნალისტის ფსევდონიმია.