პარალელები სსრკ-ს და აფხაზეთს შორის

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ბაგაფშის ხელისუფლებას დახმარებას ჰპირდება.

პარალელები სსრკ-ს და აფხაზეთს შორის

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ბაგაფშის ხელისუფლებას დახმარებას ჰპირდება.

Saturday, 24 October, 2009
IWPR

IWPR

Institute for War & Peace Reporting

, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი სოხუმში ჩავიდა. ის აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას, როგორც ფინანსურ, ასევე სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საკითხებში დახმარებას დაჰპირდა. პრემიერ-მინისტრ პუტინის ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთში ვიზიტი სოხუმის ცენტრში მდებარე დიდების მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყო. “რია ნოვოსტის” ცნობით, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი მემორიალიდან ავტომანქანისკენ გაემართა, პუტინის დასახვედრად შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა მას აპლოდისმენტებით შეხვდა. საპასუხოდ, პრემიერმა პუტინმა შეკრებილებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, მარიონეტ პრეზიდენტ ბაგაფშთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ “არ შეიძლება მოსავლის აღება, თუ თესლი არანაყოფიერ მიწაზე დავარდება.” პუტინმა დასძინა, რომ “აფხაზმა ხალხმა გამოავლინა სიმამაცე, პატიოსნება, მოთმინება, მიზანდასახულობა და ნიჭიერება იმისთვის, რაც ბოლო დროს შეიქმნა.” მისივე თქმით, “რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა აფხაზი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე და მხარი დაუჭირა აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში.” პრემიენ-მინისტრი პუტინი მარიონეტულ ხელისუფლებას დახმარებას მომავალშიც პირდება. მან უცხოელ ინვესტორებს ურჩია, რომ აფხაზეთში თანხის დაბანდებისგან თავი არ შეიკავონ. “დრო არ ითმენს. ხოლო ვინც ინვესტირების ჩადებას აგვიანებს, ის მაინც მოვა, თუმცა ამა თუ იმ ობიექტის შეძენა უფრო ძვირად მოუწევს,” – განაცხადა პუტინმა. ის მიიჩნევს, რომ შექმნილი რეალობა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. სწორედ ამიტომ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა საბჭოთა კავშირის მაგალითი. კერძოდ, მისი თქმით, თავის დროზე სსრკ-ს ცნობაც გრძელვადიანი პროცესი იყო. ხოლო, დღესდღეობით, შექმნილ ვითარებაში, პუტინის აზრით, მანამ, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამკვირვებლებს გამოგზავნიან, აუცილებელია აღიარონ ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

პუტინი სოხუმში მთელი წყება დაპირებებით ჩავიდა. “რია ნოვოსტის” ცნობით, 2010-2011 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ მოსკოვმა და სოხუმმა გეგმა შეიმუშავეს. მასში გათვალისწინებულია სოხუმის მარიონეტული რეჟიმისთვის 10,9 მილიარდი რუბლის გამოყოფა. პუტინის თქმით, ამ თანხით უნდა აღდგეს ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემები. რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა დააკონკრეტა, რომ აღნიშნული ფინანსური სახსრები ჯერჯერობით რუსეთის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. თუმცა, მინისტრმა დასძინა, რომ ფედერალურ ბიუჯეტში აუცილებლად შევა ცვლილება და აფხაზეთს თანხა გამოეყოფა. ამა თუ იმ საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებების გასამართად, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი სოხუმში წარმომადგენლობითი დელეგაციით იმყოფებოდა. მარიონეტულ ხელისუფლებასთან შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვიათრების, ტრანსპორტის, თავდაცვის და კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრები. შეხვედრას ასევე დაესწრო კრასნოდარის მხარის გუბერნატორი. გარდა ამისა, პუტინთან ერთად იყო რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი, მათ შორის “როსნეფტის” და “ინტურისტის” პრეზიდენტები და რუსეთის რკინიგზის ვიცე-პრეზიდენტი. რაც შეეხება მარიონეტულ ხელისუფლებას, მოლაპარაკებებში, სერგეი ბაგაფშთან ერთად, მონაწილეობდნენ დეფაქტო პრემიერ-მინისტრი ანქვაბი, პარლამენტის სპიკერი აშუბა და ადგილობრივი მთავრობის წევრები.

ეკონომიკური თემების გარდა გუშინ სოხუმში აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეხმარება და მომავალშიც სისტემატურ დახმარებას გაუწევს აფხაზეთს, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო კუთხითაც. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა კი განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გაზრდა დაგეგმილი არ არის. მან განმარტა, რომ “აფხაზეთში განლაგებულია მეშვიდე სამხედრო ბაზა და მისი შემადგენლობა 3636 პირს შეადგენს. ხოლო, სამხრეთ ოსეთში შედარებით მცირე სამხედრო კონტინგენტია. რაც სავსებით საკმარისია.” მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის გადატანას.

პუტინი აფხაზ ჟურნალისტებსაც შეხვდა. მან სოხუმში ვიზიტი პიროვნულ ფაქტორებს დაუკავშირა. „მინდა, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახო და, რა თქმა უნდა, მაინტერესებს, როგორ შეიცვალა აფხაზეთი,” – განაცხადა პუტინმა. მან თავისი ახალგაზრდობაც კი გაიხსენა. “ორჯერ ვიყავი აფხაზეთში, პირველად სამშენებლო რაზმში, როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მეორედ კი სტუდენტურ ბანაკში – გუდაუთაში ჩავედი და ფიზიკური მუშაობით დიდი ფული ვიშოვე, დაახლოებით 800 მანეთი. აღებული ფულით ლაბადა ვიყიდე, ხოლო დარჩენილი თანხა კი გაგრაში დავხარჯე. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო,” - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის სოხუმში ვიზიტი უარყოფითად შეაფასა ოფიციალურმა თბილისმა. გუშინდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ “სოხუმში რუსეთის პრემიერის ვიზიტი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.” ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ 2009 წლის 12 აგვისტოს პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში არ არის უბრალო დამთხვევა, არამედ გამიზნული და მიზანმიმართული პროვოკაციაა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აზრით, რუსეთმა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოიწვია. გარდა ამისა, საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ “პუტინის “ვიზიტი” სუვერენული ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის საბჭოთა სპეცსამსახურების სტილში განხორციელებული კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც არ შეეფერება იმ სახელმწიფოს მთავრობას, რომელსაც აქვს პრეტენზია განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში.” სამინისტრომ, აგრეთვე, მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, აიძულოს რუსეთი, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს და უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სასწრაფო დეოკუპაცია. გუშინვე საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა შვეიცარიის საელჩოს გაუგზავნა.
Frontline Updates
Support local journalists