იმიტირებული და ნამდვილი ჭრილობები

ვაზიანის ბაზაზე ნატო-ს წვრთნები დასრულდა.

იმიტირებული და ნამდვილი ჭრილობები

ვაზიანის ბაზაზე ნატო-ს წვრთნები დასრულდა.

Saturday, 24 October, 2009
IWPR

IWPR

Institute for War & Peace Reporting

, ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე წარმატებით მიმდინარეობს ნატო-ს მრავალეროვნული სწავლების დასკვნითი ეტაპი. გუშინ საწვრთნელ ველზე გაიმართა 21 მაისს დაწყებული საველე ვარჯიშის - “ქოოფერეითივ ლანსერ 09”-ის მესამე ფაზა. სამხედრო მეცადინეობაში ქვედანაყოფები ასრულებდნენ კონტრტერორისტულ, განაღმვით, სამაშველო-საევაკუაციო ოპერაციებს. მოეწყო “ჩეკ-პოინტები,” ჩხრეკა-პატრულირება, ესკორტირება. მაღალი ორგანიზების მიუხედავად,, ნატო-ს მრავალეროვან სწავლებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, , გუშინ კანადელ ჯარისკაცს, ერთ-ერთი საჩვენებელი ოპერაციის დროს, ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუმცა დაჭრილი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ქოოფერეითივ ლანსერ 09”-ში 700 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, თუმცა მათგან სწავლების უშუალო მონაწილე მხოლოდ 300 ჯარისკაცი და ოფიცერია, დანარჩენები კი მათ დასახული ამოცანების შესრულებაში ეხმარებიან. ნატო-ს მულტინაციონალურ ვარჯიშებს მადრიდის შტაბის სახმელეთო სარდლობის მეთაური, ესპანელი გენერალ-ლეიტენანტი გაეტანო მირო ვალსი ხელმძღვანელობს. საშტაბო ვარჯიშების შემდეგ დაწყებულ საველე სწავლებაში ნატო-ს 9 წევრი ქვეყნის და 4 მეგობარი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. საველე სწავლების მიზანია, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს და გაზარდოს მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობა სამშვიდობო ოპერაციებში. საველე სწავლების ოპტიმიზაციისთვის “ქოოფერეითივ ლანსერ 09” სამ ფაზად გაწერეს: პირველი ურთიერთგაცნობის და ინდივიდუალური წვრთნების ეტაპს მოიცავს; მეორე ფაზა, ნატო-ს კონკრეტული სტანდარტების შესაბამისი პროცედურებით, დაფუძნებულია კოლექტიურ მეცადინეობაზე. სწორედ აღნიშნული ვარჯიშების გავლის შემდეგ გახადა შესაძლებელი მესამე ეტაპის ჩატარება.

გუშინდელ სამშვიდობო მეცადინეობებზე ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დასწრების საშუალება. საველე სწავლების პასუხისმგებელმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დე მოლმა საველე სწავლების ტიპზე ისაუბრა. “31 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე საველე სწავლება არ არის სამხედრო წვრთნები, არამედ ის მშვიდობის დასახმარებლად ტარდება. გარდა ამისა, მეცადინეობები ჩატარდა ჰუმანიტარულ სამართალში, იარაღით სროლაში, ნაღმების ამოღებასა და ავტომანქანების გაჩხრეკაში,” – აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა დე მოლმა.

“ქოოფერეითივ ლანსერ 09”-ის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა, ესპანელმა პოლკოვნიკმა ლუის აპარისიომ გუშინდელი სწავლების განრიგის შესახებაც ისაუბრა. იმიტირებული სამშვიდობო ვარჯიშები თავდაპირველად მოიცავდა წინასწარ განსაზღვრული ადგილის შემოწმება-გასუფთავებას – ე.წ. ჩეკ-პოინტს, უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას და დაჭრილი სამხედროს ევაკუირებას. ამასთანავე, პოლკოვნიკმა აპარისიომ ჟურნალისტებს სწავლების მიმდინარეობის დროს მოქმედების ინსტრუქცია გააცნო. მან მედიის წარმომადგენლებს “კრაზის” ტიპის ორი სატვირთო ავტომანქანის ბორტებზე დასხდომისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დავალება შეასრულეს, სამხედრო ავტომანქანები დანიშნულების ადგილისკენ დაიძრნენ. გარდა ამისა, პოლიგონისკენ მიმავალ გზაზე მანევრებს აკეთებდა “ბე-ტე-ერ”-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, რომელზეც ვიდეოკამერებით “შეიარაღებულ” ოპერატორებს ჰქონდათ პოზიციები დაკავებული.

რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, სამხედრო ჯავშანმანქანებით გადაკეტილ საავტომობილო გზაზე ჟურნალისტებს სატვირთო დაატოვებინეს და ვითარების უკეთ აღსაქმელად, თითოეული მათგანი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ კი ვაზიანის საწვრთნელ ველამდე მიმავალი მარშრუტი ჩვეულებრივ გაგრძელდა.

როგორც კი მედიის წარმომადგენლებმა მათთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს, ნატო-ს მრავალეროვანი სწავლების ფარგლებში დაიწყო სამშვიდობო მეცადინეობის ძირითადი ამოცანების შესრულება. მასში გათვალისწინებული იყო რეალობასთან მიახლოებული, წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით დადგმული ინციდენტები.

დანაყოფებმა მოქმედება “ჩეკ-პოინტით” დაიწყეს; სპეციალურად მონიშნულ ტერიტორიაზე, სცენარის მიხედვით, შევიდა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ავტომობილი. მაკედონიელი ჯარისკაცები ამოწმებდნენ ავტომანქანებს და ეძებდნენ პირობით მტერს - ბომბების ცნობილ დამამზადებელს, ვინმე ტომ ვაითს. ნატო-ს მრავალეროვანი ბატალიონის წარმომადგენლებმა მხოლოდ მეორე მცდელობაზე შეძლეს ტომ ვაითის აღმოჩენა და დაპატიმრება. წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით, ავტორიტეტული ვაითის დაკავებამ ადგილობრივ მცხოვრებთა უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი, ტომ ვაითის გათავისუფლების მოთხოვნით, “ჩეკ-პოინტის” ჩატარების ადგილზე შეიკრიბნენ. მულტინაციონალური ძალების წარმომადგენლებმა მათ მოლაპარაკების გამართვა შესთავაზეს, თუმცა შეკრებილებს შორის ერთ-ერთს სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა. სამხედროებმა მაშინვე თავი აარიდეს “კამიკაძეს” და შეკრებილებს უსაფრთხო ადგილიდან ცეცხლი გაუხსნეს. ტომ ვაითის მომხრეების განეიტრალების შემდეგ, ვაზიანში მყოფმა ჟურნალისტებმა საველე სწავლებაზე მყოფ ერთ-ერთ ბრიტანელ ოფიცერს შეკითხვა დაუსვეს – რატომ გაუხსნეს ცეცხლი სამხედროებმა “მოქალაქეებს”? ბრიტანელმა ოფიცერმა უპასუხა, რომ “ის პირი, ვინც შეიარაღებულ იერიშს მიიტანს სამხედროზე, არ შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქედ და ამიტომ აუცილებელია მათი განეიტრალება.” იმიტირებული ინციდენტის დასრულების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ას მეტრში ჯარისკაცებმა გაასუფთავეს ტერიტორია და სპეციალური მოწყობილობიდან მწვანე შეფერილობის კვამლი გაუშვეს. ეს იყო ნიშანი ახლად აფრენილი UH-1 ტიპის ვერტმფრენისთვის, რომ დაშვების ადგილი განესაზღვრა. მას შემდეგ, რაც შვეულმფრენმა “იროკეზმა” უკვე დაიკავა ვაზიანის მინდორი, მასში საკაცით შეიყვანეს დაჭრილი ჯარისკაცი და რამდენიმე წუთში UH 1-მა უზრუნველყო დაჭრილის ჰოსპიტალიზება.

თუმცა, ვაზიანის პოლიგონზე ჯარისკაცის დაზიანების იმიტირებული შემთხვევა ერთადერთი არ ყოფილა, რადგან გუშინ მართლაც დაიჭრა კანადელი ჯარისკაცი. მას საჩვენებელი ოპერაციის დროს ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნატო-ს მულტინაციონალურ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მაშინვე გადაიყვანეს თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში. საველე სწავლება “ლანსერის” მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მყოფ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კანადელი ჯარისკაცი მსუბუქად არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სწავლება საქართველოში 3 ივნისს მთავრდება. ნატო-ს წევრი ქვეყნების ოფიცრებმა სწავლებას მაღალი შეფასება მისცეს.
Frontline Updates
Support local journalists