აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახალხო დიპლომატია საფრთხის ქვეშაა

“ყველამ იცოდა რასაც ვაკეთებდით მთელი ამ წლების მანძილზე“, – ამბობს ერთობლივ პროექტებში ჩართული სომეხი აქტივისტი, რომლის სახელიც ამჟამად აზერბაიჯანში „შპიონაჟის“ საქმეში ფიგურირებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახალხო დიპლომატია საფრთხის ქვეშაა

“ყველამ იცოდა რასაც ვაკეთებდით მთელი ამ წლების მანძილზე“, – ამბობს ერთობლივ პროექტებში ჩართული სომეხი აქტივისტი, რომლის სახელიც ამჟამად აზერბაიჯანში „შპიონაჟის“ საქმეში ფიგურირებს.

Armenian civic activist Laura Baghdasaryan. (Photo: Saro Baghdasaryan)
Armenian civic activist Laura Baghdasaryan. (Photo: Saro Baghdasaryan)
Tuesday, 13 May, 2014

სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან აზერბაიჯანში ჟურნალისტის დაკავების გამო და შიშობენ, რომ არსებული სიტუაცია საფრთხეს შეუქმნის სახალხო დიპლომატიის გზით ორი ერის შერიგების პერსპექტივას.

თურქეთიდან დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი ბაქოს აეროპორტში 21 აპრილს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, ის სომხეთის სასარგებლოდ 2008 წლიდან ჯაშუშობდა. მირკადიროვის ადვოკატი კი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. იხილეთ: აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებენ

პროკურატურის განცხადებით, მირკადიროვი საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა ერევანში მოქმედი კვლევითი ცენტრის „რეგიონის“ ხელმძღვანელს ლაურა ბაგდასარინს. ბაგდასარინის ორგანიზაცია, ორივე ქვეყანაში მოქმედი სხვა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად, ჩართული იყო სხვადასხვა ერთობლივ პროექტებში, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ნდობისა და კავშირების აღდგენას ისახავდა მიზნად.

ბაგდასარიანი ამბობს, რომ ის გაოგნდა, როცა გაიგო თუ რაოდენ მძიმე ბრალდებას ეხებოდა საქმე.

„ჩემი აზრით, სომხეთში და აზერბაიჯანში ყველამ იცოდა რასაც ვაკეთებდით მთელი ამ წლების მანძილზე, ჩვენი საქმიანობა არავისთვის დაგვიმალია“, – ამბობს ის. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით გვეპოვა შეხების წერტილები საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როცა გავიგე, რომ ჩემი სახელი უმძიმესი ბრალდების საქმეში ფიგურირებდა“.

26 აპრილს, ბაგდასარიანმა და ლეილა იუნუსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მირკადიროვის დაპატიმრება გააპროტესტეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

„ჩვენ, ორი ქალი – უფლებადამცველი და ჟურნალისტი, ორი დედა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან“, – ნათქვამია განცხადებაში. „ვთანამშრომლობთ თითქმის ათი წელია და მხარდამხარ ვდგავართ საზოგადოებრივი დიალოგის დაწყებისა და მისი წარმართვის რთულ საქმეში ჩვენ ხალხებს შორის, რომლებიც უკვე ოცი წელია საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან“.

ორი დღის შემდეგ, იუნუსი და მისი მეუღლე არიფი აეროპორტში დააკავეს და მირკადიროვის საქმესთან დაკავშირებით დასაკითხად წაიყვანეს. იხილეთ: აზერბაიჯანში ცნობილი უფლებადამცველი დაკითხეს

„შპიონთა ქსელის“ გაზრდას საკმაოდ მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ერევანში.

„ეს არის ხალხი, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ყველა ინსტანციაში, ნებისმიერი ტრიბუნიდან იცავდა“, – ამბობს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლებრივი თვითნებობის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი ლარისა ალავერდიანი. „მათი ერთადერთი დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ ამას აკეთებდნენ იქ, სადაც სომხებიც იმყოფებოდნენ. ეს არის ჩვენს რეგიონში სახალხო დიპლომატიისთვის მიყენებული უდიდესი დარტყმა“.

ერევანში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც ღალატის ბრალდებებს მიღმა დგას.

„უფრო ადვილია ადამიანებს სომხების სასარგებლოდ ჯაშუშობა დააბრალო, ვიდრე აღიარო, რომ ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ამხელდნენ მათ კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში“.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის თაობაზე არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება. კონფლიქტი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, თუმცა სომხურ-აზერბაიჯანული საზღვრის ე.წ. „გამყოფი ხაზის“ გასწვრივ საკმაოდ ხშირია სროლები, რასაც თან ახლავს მსხვერპლიც.

მცირე პროგრესი შეინიშნება ოფიციალური მოლაპარაკებების დონეზეც, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფი საფრანგეთის, რუსეთის და აშშ თანათავმჯდომარეობით წარმართავს.

მინსკის ჯგუფი ე.წ. „სახალხო დიპლომატიას“ მიესალმება, როგორც დაძაბულობის შემცირების და ჩიხიდან გამოსვლის ერთ-ერთ საშუალებას.

სომხური ონლაინ გამოცემა Times.am-ის რედაქტორი ჰრანტ მელიკ-შაჰნაზარიანი ამბობს: „დასავლეთმა და, რატომაც არა, რუსეთმა მრავალი წლის მანძილზე დიდი ძალისხმევა დახარჯა იმისთვის, რომ შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტები და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძლებდნენ ურთიერთობას“.

„ფაქტობრივად, აზერბაიჯანი ბლოკავს ამ შესაძლებლობას“, – აცხადებს ის. „მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანით, ისინი ცდილობენ ამოძირკვონ ურთიერთობის ყველანაირი შესაძლებლობა…საუკეთესო ვარიანტში ალტერნატივა იქნება კვლავ გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება ან უფრო უარესი, ომი“.

ალავერდიანისთვის ამჟამინდელი განწყობა ძალიან შემაშფოთებელია, იმის გათვალისწინებით, რომ სომხური და აზერბაიჯანული არასამთავრობოები 90-იანების დასაწყისში, ყარაბაღის კონფლიქტის მსვლელობის დროსაც კი ახერხებდნენ აქტიურ ურთიერთობას.

„ბაქოში ხუთჯერ ვიყავი“, – ამბობს ის. „სომხეთიდან ჩასულ ჯგუფებს ვახლდი…ვერ წარმომიდგენია, რომ ახლა შესაძლებელი იყოს ასეთი პროექტების განხორციელება“.

„აზერბაიჯანში ყველა საშინელებაში სომხებს ადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, ეს უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ თავს ჰკითხო რას აკეთებს შენი ხელისუფლება. გულწრფელად ვწუხვარ… ბოლოს და ბოლოს ვის არ უნდა, რომ მისი უახლოესი მეზობელი კარგი იყოს?“

ყოველი წლის 15 მაისს, კავკასიის ინსტიტუტი ერევანში ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის წლისთავთან დაკავშირებით მართავს კონფერენციას, რომელსაც ესწრებიან ექსპერტები მთელი რეგიონიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდანაც.

წელს კონფერენციაზე აზერბაიჯანის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

„ეს თავად დაგვიდასტურეს“, – აცხადებს მინასიანი. „ჩვენ ვთანამშრომლობდით როგორც მირკადიროვთან, ისე იუნუსებთან და ასევე სხვა აზერბაიჯნელებთანაც“.

გაიანე მკრტჩიანი ArmeniaNow.com-ის რეპორტიორია სომხეთში.

 

Frontline Updates
Support local journalists