აზერბაიჯანი არჩევნების შემდეგ დიდ სასამართლოდ გადაიქცა
სამ სხვადასხვა სასამართლოში ხელისუფლების ოპონენტების საქმეების განხილვა მიმდინარეობს.
აზერბაიჯანი არჩევნების შემდეგ დიდ სასამართლოდ გადაიქცა
სამ სხვადასხვა სასამართლოში ხელისუფლების ოპონენტების საქმეების განხილვა მიმდინარეობს.
ამ თვეში აზერბაიჯანში სამი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი იმართება. ბრალდებულების მხარდამჭერთა განცხადებით, ისინი ხელისუფლების კრიტიკის გამო იდევნებიან.
ქალაქ შექიში ათი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ამა წლის იანვარში ქალაქ ისმაილიში გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზება ედებათ ბრალად.
საქმის მოსმენა 5 ნოემბერს დაიწყო. სასამართლო დარბაზთან მყოფმა პოლიციამ არც ჟურნალისტებს და არც სამოქალაქო აქტივისტებს არ მისცა სასამართლო დარბაზში შესვლის საშუალება.
ათიდან რვა ბრალდებული ისმაილის მკვიდრია. ქალაქში საპროტესტო მუხტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც შრომის მინისტრის შვილი ადგილობრივი ტაქსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მოპასუხეები მონაწილეობას ღებულობდენენ სასტუმროს, მანქანებისა და სახლის დარბევაში, რაც აწ უკვე ყოფილი მინისტრის საკუთრებას წარმოადგენდა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, მათგან ერთი ოპოზიციური მოძრაობა „რეალის“ თავმჯდომარე ილგარ მამედოვია, ხოლო მეორე პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე ტოფიგ იაქუბლუ. მათი მტკიცებით, ისინი ქალაქში გამოძიების ჩატარების მიზნით ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც არეულობა უკვე დამთავრებული იყო. პროკურატურა კი მათ ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ:აზერბაიჯანში ოპოზიციის ორი ლიდერი დააკავეს.
იმავე დღეს, კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დაიწყო. ამჯერად, ბაქოში ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს შვიდ წევრს ასამართლებდნენ. პროკურატურის მტკიცებით, რაშად ახუნდოვი, მამედ აზიზოვი, ბახტიარ გულიევი, შაჰინ ნოვრუზლუ, უზეირ მამედლი, ზაურ ყურბანლი, რაშად ჰასანოვი და მათთან ერთად მოძრაობა „თავისუფალი ახალგაზრდობის“ წევრი ილკინ რუსტამზადე რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ.
ბრალდებები 10 მარტის საპროტესტო აქციებს ეხება, როდესაც დემონსრანტები ჯარში წვევამდელების გახშირებულ სიკვდილიანობას აპროტესტებდნენ.
6 ნოემბერს, ქალაქ ლენკარანში, ჟურნალისტისა და პარტია „მუსავათის“ მრჩევლის, იადიგარ სადიქოვის საქმის მოსმენა გაიმართა. სადიგოვი ამა წლის ივნისში, „ხულიგნობის“ ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც მან თითქოს თავისი მობილური ტელეფონით ვიღაცას სცემა.
„მუსავათის“ ლიდერის იზა გამბარის მტკიცებით, ეს დაპატიმრებები განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ ჩაშლილიყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვება ილჰამ ალიევმა მოიპოვა.
ეუთოს დამკვირვებლებმა არჩევნები კრიტიკულად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას. გამბარის თქმით, ხელისუფლებას სხვაგვარად არ შეეძლო პროტესტის შეჩერება.
„საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკმაყოფილო ელექტორატის მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ხელისუფლებამ მოამზადა ნიადაგი გაყალბებისთვის,“ – აცხადებს ის. „ხელისუფლებას უნდოდა ამით [რეპრესიებით] ხალხის დაშინება და იმაში დარწმუნება, რომ ვერავინ გაბედავდა საარჩევნო პროცესის გაყალბების გაპროტესტებას“.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს პარლამენტის წევრი პრო-სახელისუფლებო პარტიიდან „სამშობლო“ ფაზაილ აგამლი, რომელსაც გაუკვირდა კიდეც ჟურნალისტის ამ საკითხით დაინტერესება.
„ამ დაპატიმრებებს არავითარი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია“, – ამბობს ის.“ეს ადამიანები კონკრეტული ბრალდებებით დანაშაულებრივი ქმედებების გამო დააკავეს, ახლა კი მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ. სასამართლო კი თავის მხრივ, კანონის შესაბამისად მათ სამართლიან განაჩენს გამოუტანს“.
აგამლის თქმით, არასწორია ამ სასამრთლო პროცესების არჩევნებთან დაკავშირება.
„არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ის ჯგუფები კი, რომლებიც მათი პირადი მოსაზრების საფუძველზე აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა ოდესღაც მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ“.
არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის შესწავლა“ ხელმძღვანელი მირალი ჰუსეინოვი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერები და დახურულ კარს მიღმა მიმდინარე სასამართლო პროცესები აზერბაიჯანს კარგს არაფერს მოუტანს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
„საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა ეს საქმე შეკერილია. იმ აქტივისტებსა და პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც დაკავებულები არიან და სასამართლოს წინაშე არიან წარდგენილი თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა არ მიეცათ. ეს იმიტომ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი“, – აცხადებს ის. „ის, რაც ახლა ხდება საზოგადოებაში დიდ დაძაბულობას გამოიწვევს“.
იდრაკ აბასოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.