ARBEIT MACHT FREI

“სიზარმაცე”, როგორც ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საბაბი

ARBEIT MACHT FREI

“სიზარმაცე”, როგორც ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საბაბი

2014 წლის 27 ოქტომბერს 16 თვე გავიდა ჩემი დაპატიმრებიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ სასჯელის მესამედი უკვე მოვიხადე. მეორე დღესვე მოვიშველიე სისხლის სამართლის კოდექსის 71 და სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის 170 მუხლები და ყარადაღის რაიონულ სასამართლოს მივმართე თხოვნით, გადაეხედა ჩემი სასჯელისთვის და შეეცვალა ის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, როგორც ამას ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსის 42 მუხლი. წესით, განცხადების დაუკმაყოფილებლობის მიზეზი არ არსებობდა, რადგან ციხეში ყოფნისას არც საყვედური მიმიღია და არც ციხის წესები დამირღვევია.

თუმცა, რასაკვირველია, ეს მხოლოდ თეორიულად, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება „ზემოდან“ წამოსულ ბრძანებებზეა დამოკიდებული.

ჩემთან ერთად განცხადება კიდევ ერთმა პოლიტიკურმა პატიმარმა, ქურბან მამადოვმა შეიტანა. 7 ნოემბერს, დილით, განათლების დარგში ციხის უფროსის მოადგილემ ნატიკ ჰაჯიევმა გვაცნობა, რომ ჩვენი საკითხის მოსმენა 3 საათზე გაიმართებოდა. ეს ამბავი ცოტათი გვეუცნაურა, რადგან ჩვეულებრივ, ერთდროულად 30 ან 40 შუამდგომლობას იხილავდნენ. მივხვდით, რომ ყარადაღის ციხის ადმინისტრაციას უნდოდა თავიდან აირიდებინა უხერხულობა იმის გამო, რომ ციხიდან უშვებდნენ ნამდვილ კრიმინალებს და არა ჩვენ. ამ უხერხულობის გრძნობაში იყო რაღაც პოზიტიური.

15:00 საათზე რეპროდუქტორით გამოგვიძახეს და ციხის ადმინისტრაციის კაბინეტში გვიხმეს. სასამართლო დარბაზის არარსებობის გამო, ჰაჯიევის პატარა კაბინეტში შევიკრიბეთ. განხილვას უძღვებოდა მოსამართლე რაშად მამადოვი, პროკურორი ფარაჰიმ ჰუსეინოვი, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი შუქურ შიხიევი და ჰაჯიევი, როგორც ციხის წარმომადგენელი.

მოსმენის დაწყებისთანავე სიტყვით გამოსვლის უფლება მე გადმომცეს და მეც, ჩემი სათხოვარი მოკლედ ჩამოვაყალიბე. ამის შემდეგ, ილაპარაკა ჰაჯიევმა და დაადასტურა, რომ აქ ყოფნის პერიოდში არ დამირღვევია ციხის წესები. დამახასიათა, როგორც არაკომუნიკაბელური და ნერვიული პიროვნება.

მისი თქმით, „პატიმარ იადიგარ სადიქოვს აქვს განათლებისადმი მიდრეკილება, არის ინტელექტუალურად განვითარებული და ციხის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უყვარს შრომა. ის არ იღებს მონაწილეობას ციხის დალაგება-დასუფთავებაში და არ უყვარს ერთობლივი სამუშაო აქტივობები. ის არ აღიარებს და არ ინანიებს თავის დანაშაულს, არ ეთანხმება მის მიმართ გამოტანილ განაჩენს და ამტკიცებს, რომ მისი დაპატიმრება არის უსაფუძვლო.“

ჰაჯიევის სიტყვის შემდეგ, გასაგები იყო რა შედეგითაც დასრულდებოდა მოსმენა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება უფრო „ზემოთ“ უკვე მიღებული იყო. ჩემმა არგუმენტებმა ძალა დაკარგა. არ მქონდა არც შეკამათების უფლება და ერთი სიტყვით, შანსი აღარ დამრჩა. ჩემმა ექსპრომტად წარმოთქმულმა სიტყვამ მოსამართლე მამადოვზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ისევე როგორც თავის დროზე, ლენკორანის სასამართლოში, მოსამართლე ელჩინ ქასიმოვიზე არ იმოქმედა ჩემმა ერთსაათაინმა საბოლოო სიტყვამ, რომლის წერასაც 20 დღე მოვანდომე. მოკლედ რომ ვთქვთ, რეპლიკები გავცვალეთ და სხვა არაფერი.

ყველასთვის, ვინც მიცნობს, მათ შორის ჩემთვისაც, ძნელად დასაჯერებელია, რომ მე არაკომუნიკაბელური და ნერვიული ადამიანი ვარ. ცხადია, ეს მხოლოდ საბაბი იყო. თუმცა, ქურბანთან შედარებით არაფერი მაქვს საწუწუნო, ის „ეგოისტად“ დაახასიათეს. ერთი რამის იმედი მაქვს, რომ ციხის ადმინისტრაცია ჩვენს უარყოფით თვისებებს ციხიდან გათავისუფლებამდე გამოასწორებს.

არგუმენტი, რომ მე მუშაობის სურვილი არ მაქვს სრულიად აბსურდულია. სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსი საბჭოთა პერიოდის იდეებს ეფუძნება. მათგან ერთ-ერთი არის კოლექტივიზმი – იდეა, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს პიროვნულზე მაღლა აყენებს. ის, ვინც დანაშაულს ჩადის და ზიანს აყენებს საზოგადოებას, უნდა დაკავდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. თუმცა არის მეორე მომენტიც – ისინი, ვინც ქურდული სამყაროს წესებს მისდევენ, ციხეში მუშაობაზე უარს ამბობენ და „ობშიაკის“ ხარჯზე ცხოვრობენ. მსჯავრდებული, რომელიც მუშაობს, ვერასოდეს დაწინაურდება კრიმინალური სამყაროს იერარქიაში და ვერ ეღირსება „ქურდის“ წოდებას. მსჯავრდებული, რომელიც შრომას ირჩევს, პროფესიონალურ კრიმინალურ სამყაროს ემიჯნება.

საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით, შრომას შეუძლია მაიმუნიც კი გარდაქმნას ადამიანად, მაშასადამე, მას უდავოდ ძალუძს კრიმინალის გამოსწორება.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ადრე ყველა ციხეს თავისი „ინდუსტრიული ზონა“ ჰქონდა, რაც უკვე აღარ არსებობს. შრომა, როგორც მსჯავრდებულთა გამოსწორების პრაქტიკა უკვე აღარ გამოიყენება, თუმცა ზოგიერთები მაინც მუშაობენ – დამლაგებლებად, საწყობის მუშებად, დალაქებად, მკერავებად, მეწაღეებად და ა.შ. ამისთვის მათ თვეში 100 მანათს უხდიან.

აბსურდულად მიმაჩნია ვინმემ მომთხოვოს მუშაობა, თუ ამაში ფულს არ გადამიხდიან. ეს ისე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემი ციხეში ჩასმის ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ მე ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მინდოდა მუშაობა. ასევე აბსურდულია, დააბრალო „სიზარმაცე“ ადამიანს, რომელსაც ჩვიდმეტწლიანი სტაჟი აქვს, თანაც მასწავლებლად მუშაობის. ამ სიტუაციაში ყველაზე კომიკურია ის, რომ იმ რეჟიმმა, რომელმაც მე, ციხის გარეთ, შემიზღუდა მუშაობის უფლება და წამართვა ჩემი საყვარელი პროფესია, ახლა ციხეში იმ საბაბით გამომკეტა, რომ მე მუშაობა არ მინდა.

მოსმენის შემდეგ, მახსოვს ინტერნეტში გადავაწყდი გამოთქმას „Arbeit macht frei“ („შრომა ათავისუფლებს“), რომელიც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელს „ამშვენებდა“. ვფიქრობ, მსგავსი სლოგანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, რა სამუშაო გველის აქ.

იადიგარ სადიქოვი, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი და პარტიამუსავათისწევრი, აზერბაიჯანის ციხიდან.

 

Frontline Updates
Support local journalists