Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს მესხებისათვის სასკოლო განათლება

საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო გადასახლებიდან დაბრუნებული ოჯახების შვილები ვერ სარგებლობენ უფასო სასკოლო განათლების უფლებით.
By Salome Achba

 

საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ ვერ გააუმჯობესა იმ მესხი ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც მოკლებულნი არიან უფასო სასკოლო განათლებას.

საგანმანათლებლო შეზღუდვები ეხება იმ მშობელთა შვილებს, რომლებიც საქართველოში თავისი ინიციატივით დაბრუნდნენ. სახელმწიფო კი უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში უფასოდ სწავლებას მხოლოდ რეპატრიაციის პროგრამის ფარგლებში დაბრუნებული ოჯახების შვილებისათვის.

1944 წელს დაახლოებით 100 000 მუსლიმი მესხი სამხრეთ დასავლეთ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. ისინი სხვა ეთნიკური ჯგუფების მსგავსად, რომელთა შორის იყვნენ ჩეჩნები, ვოლგის გერმანელები და ყირიმელი თათრები მასობრივად გადაასახლეს იოსებ სტალინის ბრძანებით.

სხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან განსხვავებით მესხებს არ დართეს უფლება დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წელს. 1989 წელს უზბეკეთში მომხდარი ეთნიკური დაპირისპირების გამო ზოგიერთი იქ მაცხოვრებელი მესხი იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო თურქეთში, ზოგიც რუსეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.

1999 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო რომ ნებას დართავდა მესხებს დაბრუნებულიყვნენ და დასახლებულიყვნენ საქართველოში, თუმცა შესაბამისი კანონი 2007 წლამდე არ მიუღია. ამის მიუხედავად, მესხების ნაწილი თავისი ინიციატივით დაბრუნდა საქართველოში და დღემდე არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი.

ასობით მესხი, რომლებიც დაბრუნების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო ამჟამად „რეპეტრიანტის“ სტატუსს ფლობს, რომლის მეშვეობით მათ შეუძლიათ მოქალაქეობის და სხვა უფლებების დაჩქარებული წესით მიღება, გარდა ამისა 5000- ზე მეტი განაცხადი ამჟამად განხილვის სტადიაშია.

2012 წლის იანვარში, იმდროინდელი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დადგენილების საფუძველზე სკოლებში უფასოდ სწავლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბავშვებს. ეს ეხება იმ მესხებსაც, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ საქართველოს მოქალაქეობა.

„ოჯახები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ გააჩნიათ რეპატრიანტის სტატუსი არ არიან საქართველოს მოქალაქეები,“ ამბობს ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, რომელიც მესხებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. „მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთულია და ამიტომ სკოლაში სწავლის საფასური მათთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა, რომლის გადახდასაც ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ.“

მაგალითისთვის, გულსარა ნაზიროვას მშობლებს არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა, მაგრამ ის მაინც ახერხებს ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში სწავლას ამავე სკოლის დირექტორის გულისხმიერების წყალობით.

ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს მთავრობაში რადიკალური ცვლილებები მოჰყვა, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ახალი ადმინისტრაცია კანონს შეცვლიდა ჯერ არ გამართლდა და შაშკინის დადგენილება კვლავ ძალაში რჩება.

მესხიშვილმა არსებული პრობლემის თაობაზე უკვე აცნობა ახალ მთავრობას, ისევე როგორც მრავალჯერ ატყობონებდა წინა მთავრობისდროინდელ განათლების სამინისტროს, თუმცა ის ჯერ კიდევ პასუხის მოლოდინშია.

განათლების სამინისტროში IWPRს განუცხადეს, რომ ისინი ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან და მის მოგვარებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„განათლების დაფინანსების საკითხი იმ მესხებისა, რომლებიც არ ფლობენ რეპატრიანტის სტატუსს ან საქართველოს მოქალაქეობას სამართლებრივ პრობლემებთანაა დაკავშირებული“, აცხადებენ სამინისტროში. „განათლების სამინისტრო გეგმავს სამუშაო შეხვედრის მოწყობას სხვადასხვა სამინისტროებთან და ამ საკითხის ერთობლივი ძალებით მოგავრებას.“

ადვოკატი გოჩა ნათენაძე, რომელიც მესხების ინტერესებს წარმოადგენს ამბობს, რომ 2012 წლის დადგენილება არის არაკანონიერი საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებაში და ის ასევე არღვევს მთელ რიგ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებზეც ხელი აქვთ მოწერილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ბავშვის უფლება მიიღოს საბაზისო განათლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. გარდა ამისა, საქართველომ ხელი მოაწერა [ადამიანის უფლებების შესახებ] ევროპულ კონვენციას, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება მიიღოს საბაზო განათლება. მინისტრის დადგენილების შემდეგ კი მათ ეს უფლება ჩამოერთვათ,“ ამბობს ის.

ნათენაძის სურვილია რომ ეს გადაწყვეტილება გაუქმდეს ან თუ შესაძლებელია გაკეთდეს გამონაკლისი მესხი ბავშვებისთვის.

მესხიშვილის თქმით თუ საკითხი სწრაფად არ გადაიჭრება, მესხებმა რომლებსაც ეს საკითხი შეეხო შესაძლებელია დატოვონ საქართველო. „ამ საკითხს შესაძლოა საერთაშორისო რეაგირება მოჰყვეს, ასე რომ მთავრობისთვის უმჯობესია დროულად მიიღოს ზომები“ ამბობს ის.

 სალომე აჩბა, თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.