Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

შაფის ისტორია

პოლიტიკური პატიმარი გვიყვება ახალგაზრდა თანამოსაკნის შესახებ, რომელმაც მოზარდობის წლები უსახლკაროდ, ბაქოს ქუჩებში გაატარა.
By Zaur Qurbanli

ციხეში ყოფნის დროს საკანი რამდენჯერმე გამოვიცვალე. „საცხოვრებელი ადგილის“ ამგვარი შეცვლის წყალობით ბევრი ადამიანი გავიცანი და უამრავი ისტორია მოვისმენე.

საკანი, რომლის შესახებაც ვაპირებ მოყოლას 2013 წლის 2 აპრილს ჩემი ახალი საცხოვრებელი გახდა. ბინადართა ნახევარი მოგვიანებით სხვა საკნებში, ზოგიც კიდევ კოლონიებში გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ განათლებულები და გაუნათლებლებიც, პატიოსნები და ნაკლებად. უმეტეს დროს ჩემს დაკავებაზე ვსაუბრობდით, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან გახმაურებული საქმე იყო.

ძალიან გამომადგა ჩემი იურიდიული განათლება, რითაც არაერთხელ დავხმარებივარ ჩემს თანამოკასნეებს, მიმიცია მათთვის რჩევები, მათ მაგივრად განცხადებებიც დამიწერია და შუადგომლობებიც.

ერთ დღეს, საკანში ახალი პატიმარი მოიყვანეს, სახელად შაფი. გაცნობის შემდეგ, როგორც ციხის წესი მოითხოვდა, ახალმოსულს რჩევების მიცემა დავუწყე იმის შესახებ, თუ რა ნივთები გამოადგებოდა ციხეში.

„მშობლებს უთხარი სახლიდან სპორტული ჩანთა გამოგიგზავნონ“.

„სახლში მშობლები არ მყავს“, – მიპასუხა.

„როგორ?“ – ვკითხე.

„სახლი არ მაქვს. ქუჩაში ვცხოვრობ“, – მიპასუხა.

„მშობლები?“

„არ მყავს.“

ყველა პატიმრის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა დრამატული მომენტი, მაგრამ შაფის შემთხვევში, მისი მთელი ცხოვრება იყო დრამა. თავიდან, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დამიახლოვდა. თუმცა, მისი ცხოვრების შესახებ მაინც ბევრი რამ არ ვიცი. ზოგჯერ, ვატყობდი, რომ ძალიან უნდოდა ლაპარაკი, განსაკუთრებით დედაზე. თუმცა იმის გამო, რომ სხვა საკანში გადამიყვანეს, ბევრი რამ ვერ მოვისმინე.

2013 წელს შაფი ცხრამეტის იყო. გაიზარდა ქალაქ ალი ბაირამლიში. ზუსტად არ ვიცი დედა როდის დაკარგა. მხოლოდ ის ვიცი, რომ სახლიდან მამასთან ჩხუბის შემდეგ გამოიქცა. მისი თქმით, მამას ისე ვერ იტანდა, რომ ახლა რომ შეხვედროდა, ალბათ დანით ჩხუბსაც არ მოერიდებოდა.

12 წლის ასაკში ბაქოში ამოყო თავი. შუახნის მამაკაცმა თავისთან წაიყვანა სოფელ ატ იალიში, მწყემსად სამუშაოდ. სინამდვილეში, ეს იყო მონობა. სამი წლის განმავლობაში ბავშვი ლუკმა პურის სანაცვლოდ უმძიმეს შრომას ასრულებდა. უმნიშვნელო შეცდომის ან ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, პატრონი ფეხებით ჩამოკიდებდა და სცემდა. ბიჭი ჯავრს ცხვარზე იყრიდა, ყელს გამოჭრიდა და უყურებდა ხოლმე, როგორ იცლებოდა ცხოველი სისხლისგან. როგორც თვითონ ამბობდა, ეს ამშვიდებდა.

ვიცი, რომ წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ ბიჭმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. სოფელი ატ იალი ერთი მიყრუებული ადგილი იყო და შაფიმ მისი ზუსტი მდებარეობაც კი არ იცოდა. მხოლოდ ვარაუდის დონეზე ხვდებოდა რამდენად შორს იმყოფებოდა ბაქოსგან.

სამი წლის შემდეგ, შაფიმ მონობას თავი დააღწია და გამოიქცა ბაქოში, სადაც დაიწყო მისი მაწანწალური ცხოვრება. ის ბაქოს ქუჩებში მცხოვრები უსახლკარო მოზარდების ათიათასიან არმიას შეუერთდა. ქუჩაში გატარებულ იმ დღეებზე ისე გულანთებული საუბრობდა ხოლმე, რომ კაცი იფიქრებდა უბედნიერესი დღეები გამოიარაო.

სამი წელი ბაქოს ქუჩებში იხეტიალა. არ უქურდია და არ მოუპარავს, სხვა ქუჩის მაწანწალების მსგავსად, პურის ფულს თვითონ შოულობდა. გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისგან მოწყალებასაც იღებდა ხოლმე.

ზოგჯერ ტანს თვეების განმავლობაში ვერ იბანდა, ბულვარის სავაჭრო ცენტრის საპირფარეშოში მხოლოდ თავის დაბანას ახერხებდა. იქედანაც გამუდმებით აგდებდნენ, მაგრამ ისევ ბრუნდებოდა და ბრუნდებოდა, სისუფთავე რომ შეენარჩუნებინა.

ზუსტად ჯარში გაწვევამდე ვენები გადაიჭრა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. იქ ყოფნის დროს მოასწრო მაჯებზე და თითებზე „ქურდული“ ტატუების გაკეთება, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავდა, რომ სამსახურს ვეღარ იშოვიდა.

ერთხელ ქრისტიანი მისიონერები გაიცნო, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ. ბიბლიის კითხვა დაიწყო, გადაეჩვია ცუდ ჩვევებს და ფიქრებს. ბიბლია ციხეშიც ჰქონდა წამოღებული.

შაფის გამოსწორებით არ შეცვლილა მისდამი პოლიციის დამოკიდებულება. მისი დაჭერა უნდოდათ ყოველთვის და არც მალავდნენ ამას, არაფერი რომც არ დაეშავებინა, თუმცა შაფი ყოველთვის ახერხებდა გამოძრომას.

„მცემდნენ ისე თითქოს სომეხი ვყოფილიყავი,“ – მითხრა მან. „ისეთი რამის გაკეთებით მემუქრებოდნენ, რომ ვერც გავიმეორებ. მირტყამდნენ და თან მეუბნებოდნენ „რამდენი წელი გვირევდი თავგზას“. როცა ცემით ერთი იღლებოდა, მეორე აგრძელებდა.“

შაფის ეზიზღებოდა ეს პოლიციელები ნეფტიჩარის განყოფილებიდან. როცა პოლიციაში ჰყავდათ დაკავებული, მასთან ერთი დიდი ხნის ნაცნობი, ისიც უსახლკარო, მოდიოდა ხოლმე და მოჰქონდა საჭმელი და სასმელი. „ყველაფერს პოლიციელები ჭამდნენ, ერთხელ მარტო ნახევარი ბანანი დამიტოვეს,“ – გაიხსენა მან. „წარმოგიდგენია, ნახევარი ბანანი.“

ასეთმა გამოცდილებამ შაფი უსამართლო რეჟიმის მოწინააღმდეგედ გადააქცია. ის აღტაცებული იყო 2013 წლის 12 და 26 იანვრის დემონსტრაციებით. ხშირად ვსაუბრობდით მოძრაობა ნიდა-ზე, ოპოზიციაზე, საპროტესტო აქციებზე. შაფის საყვარელი თემები იყო მენტალიტეტი, რწმენა და დიქტატურის ბოროტება. ის იყო მაღალი მორალის მქონე ძლიერი პიროვნება.

მიყვებოდა ამბებს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე და მოზარდებზე, მათი ცხოვრების შესახებ. ზოგჯერ პოლიცია იჭერდა, მაგრამ არ დარდობდნენ. თავს ირჩენდნენ ყაჩაღობით, ქურდობით და მათხოვრობით ან კიდევ გიტარაზე დაკვრით.

იყვნენ სხვადასხვანაირები. შეხვდებოდი სახლიდან გამოქცეულ გოგოებსაც, რომლებსაც ცუდი ბიჭები იყენებდნენ. შაფიმ მომიყვა ერთი გოგოს ამბავი, რომელიც 18 წლისაც არ იყო. ის ბიჭების ერთ ჯგუფს აეკიდა და მათთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა. „ყველა ბიჭი მასთან რიგრიგობით იწვა. რა თქმა უნდა, ეს მას არ უნდოდა, მაგრამ არ იყო ისეთ მდგომარეობაში რომ წინააღმდეგობა გაეწია, ჰქონდა საჭმელი, სასმელი და ჭერი. უარი რომ ეთქვა უბრალოდ გააუპატიურებდნენ. მეც შემომთავაზეს მასთან დაწოლა, მაგრამ გაფიქრებაზეც კი ცუდად გავხდი და იმ სახლიდან წავედი“.

ზოგჯერ ასეთ გოგონებს მშობლები პოულობდნენ და ცემა-ტყეპით სახლში აბრუნებდნენ. უმეტესობა კი მეძავეებად ასრულებდა ცხოვრებას.

შაფის ექსვი წელი მიუსაჯეს ცივი იარაღის გამოყენებისთვის. მისმა თანამოსაკნემ მითხრა, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაანაწილეს. იმ დროისთვის მე უკვე სხვა საკანში ვიმყოფებოდი.

მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი. ვისაუბრეთ სულიერ ღირებულებებზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე. თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებიდან საკმაოდ ჭკვიანური დასკვნები გამოეტანა. მჯერა, რომ ის პატიოსან და თავისუფლებისმოყვარე მოქალაქედ ჩამოყალიბდება, თუ უსამართლო სისტემამ არ გატეხა.

შაფის მსგავსად ათასობით ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში, რომელთა ცხოვრებაც დანაშაულში ან უსაქმურობაში გადის. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა სასკოლო განათლებით და ღირსეული ცხოვრებით უზრუნველყოფა, თუმცა ის ამ ახალგაზრდებს ბედის ანაბარა ტოვებს, ცხოვრებას უნგრევს და ართმევს ერთადერთს, რაც კიდევ შერჩათ – თავისუფლებას.

ერთხელ, ძლიერ წვიმდა. ყველანი ჩუმად ვიდექით და საკნის ფანჯრიდან ვიყურებოდით. მოხუცმა სადიკმა იხუმრა, „შაფი, შვილო აქ კომფორტულად ხარ, საჭმელი გაქვს და სასმელი, სუფთა საწოლი. იქ რომ იყო, ღმერთმა იცის რა დაგემართებოდა.“

შაფის გაეღიმა და უპასუხა, „ზოგჯერ, წვიმის დროს ქუჩაში, სკამზე მძინებია. ნეტავ, ახლა იქ იმ სკამზე ვიყო, ვიდრე აქ ამ კომფორტულ საკანში.“

ჩემი აზრით, ეს სიტყვები არის ყველაზე ბუნებრივი განმარტება იმისა, თუ რა არის თავისუფლება. შაფის გამოსამშვიდობებელი სიტყვები სულ მემახსოვრება – „მეამაყება, რომ შენთან ერთად ერთ საკანში ვიჯექი.“

ზაურ ყურბანლი