Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ქალთა გახშირებულმა მკვლელობებმა ოჯახური ძალადობა წინა პლანზე წამოწია

უფლებადამცველები პოლიციას ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ.
By Regina Jegorova-Askerova

ქალების მკვლელობათა სერიის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომების გატარების პირობა დადო.

ყველაზე დიდი გამოხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მაკა წივწივაძის მკვლელობას მოჰყვა. 17 ოქტომბერს, უნივერსიტეტის შენობაში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თავადაც მოიკლა თავი.

მეორე დღეს, გურჯაანში, 68 წლის ქალი 73 წლის მეუღლის მიერ დანით მიყენებულ სასიკვდილო ჭრილობებს შეეწირა. მანამდე კი ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა, რომელიც ამავე დროს პოლიციის თანამშრომელი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით ოჯახური ძალადობის ფაქტები გაზრდილია. ოჯახური კონფლიქტების შედეგად წელს 23 ქალია გარდაცვლილი, უმეტეს შემთხვევებში დანაშაული მსხვერპლის ქმრის მიერ იყო ჩადენილი. 2013 წელს მოკლული იყო 21 ქალი, ხოლო 2012 წელს – ექვსი.

„დღეს საქართველოში ძალადობის ეპიდემია მძვინვარებს“, – განცხადა ჩვენთან საუბრისას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ. „თითქმის ყოველ დღე გვესმის ამბები ოჯახური კონფლიქტების შესახებ“.

რუსეცკაიას თქმით, მედიაში ოჯახურ ძალადობის თემა სულ უფრო ხშირად შუქდება, თუმცა „მხოლოდ როგორც ფაქტი და მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკაში“.

„არ ხდება შემთხვევის სრული სურათის წარმოჩენა, კიდევ უფრო იშვიათად არის საუბარი ძალადობის შედეგების შესახებ: მოხდა თუ არა თავდამსხმელის დაკავება, რა დაემართა მსხვერპლს, გაეწია თუ არა მას დახმარება და რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა მის შვილებზე და ოჯახის ახლობლებზე“, – ამბობს რუსეცკაია.

მისივე თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რადგან ასეთ თემებში მოსახლეობა ნაკლებ ინფორმაციას ფლობს და დახმარების გაწევის შესაძლებლობებიც არც ისე ბევრია, ამას ემატება დამკვიდრებული მოსაზრება, რომ მსგავსი საკითხები ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს.

ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაზრდილია დიდ ქალაქებშიც და რუსეცკაიას თქმით, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს დახმარებისთვის პოლიციას და სხვა ინსტანციებს.

მკვლელობათა ტალღაზე საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის საკითხებზე იმუშავებს. ცვლილებები შედის ოჯახური ძალადობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაშიც, რაც ითვალისწინებს მოძალადის მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მსხვერპლის დაცვის უკეთესი მექანიზმების ამოქმედებას.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებათა პროექტი მოგვემზადებინა, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის ჩამდენი პირისთვის სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ოქროპირიძემ.

ოჯახური ძალადობის შესახებ კანონში და ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში მსხვერპლს ექნება უფლება მოითხოვოს კომპენსაცია, მიიღოს უფასო იურიდიული კონსულტაცია და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში მსხვერპლს ექნება უფლება დარჩეს საცხოვრებელ სახლში, მოძალადე კი ვალდებული იქნება ის დატოვოს, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის სახლის მფლობელი.

ამასთან ერთად ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლითაც ძალადობის ნებისმიერი მსხვერპლი შეძლებს სარგებლობას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შემუშავება, თუმცა მისივე სიტყვებით, მხოლოდ პოლიციისკენ თითის გაშვერით და „ისტერიული რეაქციით“ პრობლემა არ მოგვარდება.

თუმცა, ექსპერტების თვალსაზრისით, სწორედ საჩივრებზე არასათანადო რეაგირება წარმოადგენს პრობლემის მთავარ მიზეზს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ის მიესალმება კანონმდებლობის გაუმჯობესების მცდელობას, თუმცა მისივე განცხადებით, „პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ძირითად პრობლემას სწორედ კანონმდებლობის აღსრულება წარმოადგენს“.

„საზოგადოების გულგრილობის გარდა, ძირითად გამოწვევად მაინც დაცვის მექანიზმების არაადეკვატური გამოყენება რჩება“, – აცხადებს ნანუაშვილი. „სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესწავლილი საქმეების უმეტეს შემთხვევებში სამართალდამცავთა რეაგირება ძირითადად გაფრთხილების ხელწერილით შემოიფარგლებოდა“.

ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ძალადობისგან დაცვის ასეთ ფორმას საერთოდ არ ითვალისწონებს და ის „სრულიად არაეფექტურია“.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირს რამდენიმე ხელწერილი ჰქონდა დაწერილი, თუმცა ძალადობა მაინც გრძელდებოდა“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

მაკა წივწივაძის შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მან პოლიციას ორჯერ მიმართა საჩივრით იმის შესახებ, რომ მას ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა, თუმცა პოლიცია ამ შემთხვევაშიც მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

რუსეცკაიას აზრით, აუცილებელია კანონის სათანადოდ ამოქმედება და არა მარტო მისი შეცვლა.

„რა თქმა უნდა საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მისი განხორციელების უზრუნველყოფა. საჭიროა ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლების გადამზადება, მაგალითად პოლიციის“, – განაცხადა მან. „არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და პრობლემის და მისი მოგვარების გზების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმოამდგენელი ელენა ფილეევა თვლის, რომ საჭიროა პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბება, დაწყებული იქედან, რომ საჭიროა შეიცვალოს თავად პოლიციის დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის ცნების მიმართ.

„ხშირად ხდება ასეთი საქმეების იგნორირება, ცდილობენ არ აღძვრან საქმე ან არ დაიწყონ გამოძიება. ამიტომ, აუცილებელია მთლიანად შეიცვალოს პრობლემისადმი დამოკიდებულება და ის, თუ როგორ ხდება მისი განხილვა“.

ფილეევა თვლის, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახური ძალადობის გამომწვევი ფაქტორების შესწავლა, დაწყებული ფსიქიკური ჯანმრთელობიდან დამთავრებული ეკონომუკური სიდუხჭირით.

„ოჯახური ძალადობის ფაქტები პირდაპირ უკავშირდება მძიმე სოციალურ პირობებს, უმუშევრობას და უფულობას“, – განმარტა მან.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ქართველი ქალები ახლა უფრო უკეთ არიან გათვითცნობიერებულები მათი უფლებების და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვის მექანიზმების შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ პრობლემები მათი ოჯახის კედლებში უნდა დარჩეს.

2009 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა 9% აღიარებს, რომ არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ამასთან ქალების 78% თვლის, რომ ოჯახური პრობლემები სახლში უნდა მოგვარდეს, გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცოლის ცემა გამართლებულია და ისინი ასეთ ქმედებას არაკანონიერად არ მიიჩნევენ.

ტრადიციულად, ოჯახში არსებული უთანხმოება ძალიან პირადულ საკითხად ითვლება და ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრების გარდა ძალადობის შესახებ ვერავინ იგებს მანამ, სანამ არ მოხდება ტრაგედია.

„ჩვენ ყველას გვყავს ახლობლები, მეგობრები, მეზობლები, რომლებიც რეგულარურად განიცდიან ოჯახში ძალადობას, თუმცა ჩვენ არაფერს ვაკეთებთ“, – აცხადებს რუსეცკაია.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავად მსხვერპლებმა და მათმა ოჯახებმა შეძლონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„პირველ რიგში, თავად ხალხმა უნდა მოახდინოს რეაგირება კონფლიქტურ სიტუაციაზე, მათ არ უნდა ეშინოდეთ დახმარების თხოვნის, უნდა დარეკონ პოლიციაში ან მიმართონ არასამთავრობოებს, რომლებიც მათ დაკვალიანებას შეძლებენ“, – განაცხადა მან.

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ონლაინ გამოცემა women-peace.net ჟურნალისტია საქართველოში.