Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სომხეთში დაუნის სინდრომის მიმართ სტიგმა ჯერ კიდევ ძლიერია

ინკლუზიური განათლებისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საზოგადოებრივი დამოკიდებულება ნელი ტემპით იცვლება.
By Gayane Mkrtchyan

სომხეთში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები რთული მომავლის წინაშე დგანან, რადგან მათი უმეტესობა ოჯახების ნაცვლად სახელმწიფო ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებში იზრდება.

მშობლების და ექსპერტების განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები ჰყავთ სახელმწიფოსგან უფრო მეტი თანადგომა სჭირდებათ. სომხეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, გასულ წელს სომხეთში დაუნის სინდრომის მქონე 45 ბავშვი დაიბადა, მათგან 22 ბავშვთა სახლებში ჩააბარეს.

დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მედიამ იანვარში დედით სომეხი და მამით ახალზელანდიელი ახალშობილის ამბავი გააშუქა.

ლეო დაუნის სინდრომით დაიბადა, რის გამოც მისი მშობლები ბავშვის დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს.

მამის, სამუელ ფორესტის მტკიცებით, მისმა ცოლმა, რუზან ბადალიანმა, უარი თქვა ბავშვის გაზრდაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მის ოჯახს ლეოს მდგომარეობა სირცხვილად მიაჩნდა. ბადალიანის თქმით, კი „სომხეთს არ გააჩნია რესურსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად, არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და ამიტომ, აქ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის გაზრდა არ შემიძლია.“

ამის შემდეგ, ფორესტმა ლეოს ახალ ზელანდიაში წასაყვანად და იქ გასაზრდელად საჭირო ფინანსების მოსაძიებლად ინტერნით კამპანია წამოიწყო.

ამ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში და სომხეთშიც არაერთი ცხარე დებატი გამოიწვია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია „იმედი ხიდის“ თავმჯდომარე ზარუჰი ბატოიანი აცხადებს, რომ დაუნის სინდრომთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას საზოგადოების არაინფორმირებულობა წარმოადგენს.

სახელმწიფოში არ არსებობს არანაირი სერვისი, რომელიც მშობლებს დაეხმარება სწორად მიიღონ დიაგნოზი და სწორად დაგეგმონ ბავშვების მომავალი. ჯანდაცვის მუშაკები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს მხოლოდ შვილების სპეციალიზებულ დაწესებულებებში ჩაბარებას ურჩევენ.

ვარდუჰი არამიანის უმცროსი შვილი დაუნის სინდრომით დაიბადა. ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა, რომ დედებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის შვილები გაუჩნდათ ინტენსიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სწორი პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. როცა ისინი გააცნობიერებენ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ჩვილს ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვს, მათ ნაკლები შიში ექნებათ, გვითხრა მან.

არამიანი იხსენებს სტიგმას, რომელსაც ის თავად წააწყდა თავისი ბავშვის დაბადების შემდეგ.

„როცა სავადმყოფოდან გვწერდნენ, ექიმმა მკითხა, ‘მართლა არ აპირებ ბავშვის ჩაბარებას? შენით უნდა გაზარდო?’ – გვითხრა არამიანმა. „როცა ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი, ხალხი მოდიოდა და მეუბნებოდა, ‘მთელი ცხოვრება გაწვალდებიო.’“

შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენელი კარინე ხაჩატრიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ბავშვები ოჯახებში რჩებიან, ისინი ხშირ შემთხვევაში სახლებში ჰყავთ გამოკეტილი.

ჰარუტუნ ბალასანიანი ერევანთან ახლოს მდებარე ხარბერდის ბავშვთა სახლის დირექტორია. აქ იმყოფებიან ბავშვები ექვსიდან თვრამეტ წლამდე. მისი განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებს შვილების გაზრდა და მათთვის განათლების მიცემა მძიმე ტვირთად აწევთ. მათ საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

„სამწუხაროდ, ასეთი კულტურა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს,“- აცხადებს ის. „როდესაც გონებრივი განვითარების პრობლემების მქონე ბავშვებზე სათანადოდ არ ზრუნავენ, ხშირად თავს იჩენს ქცევის პრობლემები. შემდეგ ამას მოჰყვება მეზობლების ჩივილი, რომ ბავშვებს ეზოში ვერ აძინებენ ან ვერ ათამაშებენ იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი მათ შვილებს კბენს ან უმტვრევს ყველაფერს. მშობლები იძულებულები ხდებიან ასეთი ბავშვი სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩააბარონ.“

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სომხეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8 000-მდე ბავშვია. აქედან 560 სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა დაწესებულებეში იზრდება, მათ შორის გიუმრის ექვსწლამდე ასაკის ბავშთა სახლში და მარი იზმირლიანის ბავშვთა სახლში ერევანში.

ნელი სვლით მიმდინარე ცვლილებები

2010 წლიდან მოქმედი სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით, ბავშვთა სახლებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რაოდენობა უნდა შემცირდეს და უნდა მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრირება. თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ ძალიან ძნელად იცვლება (იხილეთ: სომხეთი ინტეგრირებულ სწავლებაზე გადადის).

სომხეთში იუნისეფის განათლების პროგრამის ხელმძღვანელის მერი პოღოსიანის განმარტებით, მოძველებული დამოკიდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ჩვეულებრივი ადამიანები დაინახავენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მათ გვერდით ცხოვრობენ, მაგალითად, დადიან იმავე საჯარო სკოლაში, სადაც მათი შვილები.

„იქ დაინახავენ აუტისტ ბავშვებს და გააცნობიერებენ, რომ შესაძლებელია მათი კლასელებად და მეგობრებად, ჩვეულებრივ ადამიანებად მიღება. მათ აღარ შეხედავენ, როგორც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის ან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, არამედ შეხედავენ, როგორც პოღოსს ან პეტროს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ,“ – განაცხადა პოღოსიანმა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის უკვე არსებობს სპეციალიზიბული დღის ცენტრები. ერთ-ერთი ასეთი ცენტრია „ხსნა,“ რომელიც ერევანში უკვე 18 წელი ფუნქციონირებს. 70-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა დადის აქ ყოველდღე, რაც დიდი შეღავათია მათი ოჯახებისთვის.

ცენტრის დირექტორის არმინე აბრაჰამიანის განცხადებით, ცენტრში 16-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ღებულობენ, ჰყავთ მძიმე ფორმის შეზღუდვების მქონე პირებიც.

აბრაჰამიანის განმარტებით, ის ბავშვები რომლებიც ცენტრში დადიან დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები და ექსკურსიაბზეც დადიან. ბავშვთა სახლებში კი ისინი უმეტესწილად გამოკეტილები ჰყავთ.

კიდევ ერთი საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო ცენტრი, „ჩემი გზა“ გაიხსნა შარშან და მისი სერვისებით უკვე 100-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის ისეთებიც, ვისაც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ბავშვებს აქვთ უფლება ჰქონდეთ უკეთესი მომავალი

13 წლის სირუშიკ პაპიანი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით დაიბადა, მისი 14 წლის ძმა სამველი აუტისტია. მიუხედავად ამისა, და-ძმამ მოახერხა სტერეოტიპების დამარცხება და საზოგადოებაში ინტეგრირება.

მათი დედა 41 წლის მერი მარტიროსიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილების შეზღუდული შესაძლებლობების გამო სირცხვილი არასოდეს უგრძვნია.

მარტიროსიანმა დედამთილს არ დაუჯერა და შვილები ბავშვთა სახლში არ ჩააბარა. ორ შვლის მარტო ზრდის, რადგან ქმარმაც მიატოვა.

მისთვის ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან ერთად სულაც არ არის ტრაგედია.

„ჩემი ქალიშვილი, რომელსაც ძვალკუნთვანი პრობლემები აქვს, სკოლას ადვილად შეეჩვია, ბიჭს კი ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა,“ – გვითხრა მან. „თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა. ახლა, როცა სამველი გაკვეთილზე დგება და სიარულს იწყებს ან ხმაურობს, ბავშვები აღარ ბრაზდებიან.“

მიუხედავად ამისა, მარტიროსიანი მაინც სომხეთიდან წასვლას ფიქრობს, რადგან მისი შვილების მომავლის გამო ღელავს.

„სამწუხაროდ სომხეთში ასეთი ადამიანებისთვის ადგილი არ არის. ჩემს ვაჟს განსაკუთრებული ინტელექტუალური მონაცემები აქვს და შესაძლებელია მომავალში სწავლის გაგრძელება მოუნდეს. თუმცა, გარემო ასეთი ადამიანების მისაღებად არ არის მზად, არც ახალგაზრდები და არც უფრო ასაკოვნები,“ – აცხადებს ის. „ჩემს შვილებს კი უკეთესი ცხოვრების უფლება აქვთ.“

გაიანე მკრტჩიანი Armenianow.com კორესპონდენტია.