სომხეთი: იეზიდი გოგონები ნაადრევი ქორწინებისთვის არიან განწირულნი

ნაადრევი ქორწინების ტრადიცია, რომელიც გოგონებს განათლების მიღებაში უშლის ხელს, იეზიდთა დახურულ თემში ჯერ კიდევ ძლიერია.

სომხეთი: იეზიდი გოგონები ნაადრევი ქორწინებისთვის არიან განწირულნი

ნაადრევი ქორწინების ტრადიცია, რომელიც გოგონებს განათლების მიღებაში უშლის ხელს, იეზიდთა დახურულ თემში ჯერ კიდევ ძლიერია.

Friday, 16 December, 2011

სომხურ სოფელ მუშაკიანში გამართულ ქორწილში 15 წლის სონა ამოიანი ნახევარი საათი ფეხშიშველი დგას ცივ იატაკზე, სანამ ქორწილზე მისული ყველა სტუმარი გვერდით არ ჩაუვლის.

იეზიდური თემის ტრადიციებით, პატარძალს არ შეუძლია საუბარი, ჯდომა და ჭამა საქმროს ნათესავების თანდასწრებით.

სონამ საკუთარი ქმარი, 16 წლის ომარი ქორწილში გაიცნო. გათხოვების შემდეგ ის სკოლაში სიარულს შეწყვეტს და საცხოვრებლად მის ოჯახში გადავა.

”გათხოვილი ქალისთვის სკოლაში სიარული სირცხვილია”, – განმარტა სონას დედამ. ”გარდა ამისა, რომელი ახალგაზრდა ვაჟი ისურვებს, რომ მისი ცოლი სკოლაში დადიოდეს?”.

სონას ისტორია ჩვეულებრივი ამბავია სომხეთის ახალგაზრდა იეზიდი ქალებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, სკოლას 14  წლის ასაკში ტოვებენ, რათა დაოჯახებისთვის მოემზადონ. ბიჭები შედარებით დიდხანს სწავლობენ და სკოლას იმისთვის ტოვებენ, რომ მწყემსები გახდნენ, რაც იეზიდთა ტრადიციული საქმიანობაა სომხეთში.

ერთი მხრივ უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს ტრადიციები იეზიდი ქალების კიდევ ერთი თაობის მარგინალიზაციას გამოიწვევს, ხოლო ტრადიციების მიმდევრები ამბობენ, რომ გოგონების გათხოვება უძველესი წესჩვეულებაა.

”ეს მიღებული კანონია, ყველაფერი ასე გაგრძელდება. თუ გოგონა მომწიფებულია, მე მის 16 წლის ასაკში გათხოვებას ვემხრობი”, – განაცხადა იეზიდთა ნაციონალური კავშირის თავმჯდომარემ აზიზ ტამოიანმა.

მაშინაც კი, როცა დედები უკმაყოფილო არიან იმით, რომ ქალიშვილი მის ბედს გაიმეორებს, ისინი ამბობენ, რომ ტრადიციას ვერ შეეწინააღმდეგებიან.

38 წლის ლილი ავდოიანის თქმით, რომელიც ქორწილს ესწრებოდა, ის ექიმობაზე ოცნებობდა. როცა 16 წლის გახდა, მისმა ბაბუამ ის აიძულა სკოლა მიეტოვებინა და გათხოვილიყო. ახლა იგივე ბედი მის 14 წლის გოგონას ელის.

ჩემმა ქმარმა ჩემს ქალიშვილს სკოლა მიატოვებინა და მე აქ უძლური ვიყავი”, – განაცხადა მან. ”ბავშვები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ სხვა სახლში უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და ეს ტვირთი მათ მხრებზე აწვებათ”, – დასძინა მან.

”პედაგოგები ცდილობენ დაარწმუნონ იეზიდი მშობლები, რომ ბავშვებს სკოლა იძულებით არ მიატოვებინონ, თუმცა მათ ამ დროს ყოველთვის მომზადებული აქვთ პასუხები, მაგალითად: ”ბავშვი ავად არის”, ან ”ის სწავლისთვის მაინც არ გამოდგება და სკოლაში სიარულსაც აზრი არა აქვს”, – დასძინა ავდოიანმა.

იეზიდები – ეთნორელიგიური თემია. ისინი ქურთული ენის ერთ-ერთ დიალექტზე მეტყველებენ და უნიკალური რელიგიის მიმდევრები არიან რომელსაც მონათესავე მიმდინარეობა არ აქვს. სომხეთში იეზიდები მზარდ თემს წარმოადგენს, რომელშიც ოჯახებს 8-10 შვილი ჰყავთ.

2001 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სომხეთში 40 000 ათასი იეზიდი იყო, რაც მოსახლეობის 1%-ზე ოდნავ მეტია, თუმცა ტამოიანის თქმით, მათი რაოდენობა 60 000-ს აღწევს.

ქორწილზე სონა ფეხზე დამდგარი ელოდება თუ როდის დაათვალიერებენ სტუმრები მის მზითევს. ომარს ოთახში შემოსვლა მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია. სანამ სიძე მამაკაცებთან ერთად საქეიფოდ წავა, ის პატარძალს ხელზე ბეჭედს წამოაცმევს და იქვე მყოფ ქალებს ცოლისთვის მაკიაჟის გაკეთების უფლებას არ აძლევს.

”ქმრის ნებართვის გარეშე ქალს არ შეუძლია კოსმეტიკით სარგებლობა, ან საყიდლებზე წასვლა”, – განაცხადა ავდოიანმა. ”მას არ შეუძლია სადღეგრძელოს თქმა, მამამთილის თანდასწრებით საუბარი, ასევე ეკრძალება სწავლა და მუშაობა”.

23 წლის ინესას მაგალითი იმის დასტურია, რომ ყველა იეზიდი მშობელი ტრადიციულ შეხედულებებს არ იზიარებს.

მას საუნივერსიტეტო დიპლომი აქვს და ამბობს, რომ მისმა დედ-მამამ მხარი დაუჭირეს განათლების მიღების სურვილში. ის სხვებსაც ურჩევს, სკოლა მაინც დაამთავრონ, მაგრამ აქვე დასძენს, რომ ძირძველი ტრადიციების მიმდევარი ოჯახების შეხედულებების შეცვლა შეუძლებელია.

როცა ომარის ნათესავები ოთახიდან გავიდნენ, სონამ მომენტით ისარგებლა და დასასვენებლად ჩამოჯდა. შემდეგ ის საკუთარი ქმრის ოჯახში, სოფელ მხჩიანში გაემართება.

როცა დაქორწინებულები მიდიან ომარი ლიმუზინის ფანჯრიდან პატარძლის მეზობლებს უყვირის: ”ჩვენ თქვენი ქუჩიდან ქალი მიგვყავს!”.

მხჩიანში, სანამ სახლში შევა, ომარი სახლის სახურავზე ადის და ცდილობს საკუთარ ცოლს წითელი ვაშლი თავში მოახვედროს, მაგრამ აცდენს. რიტუალი გულისხმობს, რომ ვაშლის თავში მოხვედრის შემთხვევაში წყვილის თანაცხოვრება ბედნიერი იქნება, ხოლო ცოლი – მორჩილი.

ქორწილის ერთ-ერთმა სტუმარმა სახელად არიფმა თავისი ქორწილი გაიხსენა. იმ დღეს მან ისე ძლიერად ისროლა ვაშლი, რომ მისმა 14 წლის ცოლმა გონება დააკარგა და ცხვირიდან სისხლდენა აუტყდა.

”მას წყალი მიაწოდეს და გონზე მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ მოვიდა”, – იხსენებს ის. ”რატომ უნდა ვიგრძნო თავი დამნაშავედ? კანონი კანონია. ვაშლი თავში უნდა მოახვედრო. ასეთია ჩვენი წესჩვეულება. ახლაც კი, როცა ცოლი არ მემორჩილება, ან როცა ჭიქა წყალს ვთხოვ და ის მოტანას აგვიანებს, მე მას ვცემ”, – ამბობს არიფი.

მომავალ წელს 33 წლის არიფი ბაბუა გახდება.

ანუშ პოღოსიანი, რომელიც ერევნის ქალთა რესურს-ცენტრში მუშაობს, ამბობს, რომ ადრეული ქორწინებები იეზიდური საზოგადოებისათვის მზიმე სენია, მაგრამ ძალიან ძნელია ამას რამე მოუხერხო. მას არ ახსოვს, რომ იეზიდ ქალებს მისთვის დახმარებისთვის მიემართოთ.

”მოზარდთა ქორწილი მთელი რიგი უფლებების დარღვევაა”, – განმარტა მან. ”კერძოდ, უფლებისა, განკარგო საკუთარი სხეული, რადგან ხშირად მოზარდი გოგონები ფიზიკურად და ფსიქიკურად მზად არ არიან სექსუალური ურთიერთობისთვის”.

”მოზარდთა ქორწინება თავისუფალი არჩევანის უფლების დარღვევაა”, – დასძინა მან. ”მოზარდს არ შეუძლია გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყევეტილება და ხშირად მშობლები არ ითვალისწინებენ საკუთარი შვილების აზრს და მათ ქორწინებას აიძულებენ”.

ეთნოგრაფი გრანუშ ხარატიანმა, რომელიც იეზიდთა ისტორიას სწავლობს, განაცხადა, რომ იეზიდთა ჩვეულების შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა.

”იეზიდები – ეს არის პრინციპულად დახურული საზოგადოება”, – განაცხადა მან. ”მათი ტრადიციები უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა მათი ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად, რომელიც უძველესია და ძალიან ნელა იცვლება. მაგრამ პრესტიჟის ელემენტები, მაგალითად, როცა პატარძალი ქორწილიდან ლიმუზინით მიჰყავთ, მათი წესჩვეულების ნაწილი გახდა და ძველი ტრადიციების გვერდით თანაარსებობს, ისე რომ მას ხელს არ უშლის”.

თავის ახალ სახლში მისვლის შემდეგ სონა სასტუმრო ოთახის შუაში დგას და ცერემონიის მეორე ნაწილს ელოდება, ამ დროს დედამთილი მას ოქროს სამკაულებს გადასცემს.

მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას ბოლოს და ბოლოს დაჯდეს.

ლუსინე ავაქიანი

 

Frontline Updates
Support local journalists