Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სომხეთი: ანტი-გეი აქციების შედეგად ფილმის ჩვენება ჩაიშალა

ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების მოსაზება მკვეთრად გაიყო, თუმცა პრობლემის ირგვლივ საჯარო დისკუსია მაინც დაიწყო.
By Sara Khojoyan

სომხეთის მთავრობა კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც გეების უფლებების შესახებ ფილმის ჩვენება ვერ უზრუნველყო.

ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფილმ “Parade”-ის ჩვენებას მხარს უჭერდნენ გერმანიის საელჩო და ევროკავშირის მისია სომხეთში.

ფილმში მოთხრობილია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გეი პრაიდის მოწყობის მცდელობის შესახებ, რასაც თან ოპოზიციის მწვავე კრიტიკა ახლდა.

ფილმის ჩვენება მას შემდეგ გადაიდო, რაც ის ოქტომბერში სამჯერ ჩაიშალა.

“ევროკავშირის დელეგაცია და გერმანიის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, რამდენიმე ორგანიზაციამ ფილმის ჩვენების მასპინძლობაზე მოგვიანებით უარი განაცხადა. აღნიშნული საზოგადოებრივ ცნობიერებაში ტოლერანტობის დამკვიდრების აუცილებლობაზე მიანიშნებს“,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სასტუმრო „კონგრესში“ 15-16 ოქტომბრს მესამედ ჩაშლილი ჩვენების შემდეგ გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფილმის მოგვიანებით ჩვენების პირობა დადეს.

განცხადება, ასევე შეეხო ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ტრაიან ჰრისტეას მიერ, 9 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ ცალკეული ადამიანები ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან.

“მათ საპასუხოდ მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის მიზანია სომხეთში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა. ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია კი, სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიის წამოჭრა და სტერეოტიპების დამარცხებაა“, – განაცხადა ჰრისტეამ.

ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკას, 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. ისინი ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მათ ფილმის ჩვენების უზრუნველყოფა ვერ შეძლეს. ეს ფილმი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ ორგანიზებული რიგი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი იყო.

“სომხეთმა, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა სახელმწიფომ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის ვალდებულება აიღო“,- ნათქვამია, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში,- “რეფორმების გასატარებლად სომხეთს ევროკავშირის მხარდაჭერა გააჩნია, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერაც“.

მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრისა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით არუტუნიანის განცხადებით, ჰომოსექსუალების დასაცავად ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული ღონისძიება არ გაუტარებია.

“რა თქმა უნდა, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ქვეყნის ძირთადი პრობლემა არ არის”,- განაცხადა მან.

ფილმის ოპონენტების განცხადებით, საპროტესტო დემონსტრაციები თავად ფილმის ჩვენების ორგანიზატორების მიზეზით გაიმართა.

“ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, გერმანიის საელჩომ, ევროკავშირის დელეგაციამ, და რამდენიმე ადგილობრივმა ორგანიზაციამ დიდი ენთუზიაზმით გადაწყვიტა ფილმის ჩვენების ორგანიზება, თითქოს, ქვეყანაში აღნიშნულთან დაკავშრებით საპირისპირო აზრი არ ყოფილიყო. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია“,- განაცხადა სომხეთის ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ტიგრან ქოჩარიანმა,- “სომხეთში გაცილებით სერიოზული პრობლემებია, მაგრამ რატომღაც მათი გადაფარვა მსგავსი გამოგონილი პრობლემებით ხდება“.

ქოჩარიანი აცხადებს:”ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საზღვარგარეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებებით ფუნქციონირებენ, რაც სომხეთის საზოგადოების სახელით ლაპარაკსა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მთავრობის პაიკებად წარმოჩენას გულისხმობს.

ქოჩარიანი ასევე დასძენს:„ისინი მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ მათ ეკუთვნით და ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოებაში სხვა უამრავი ახალგაზრდა არსებობს, რომლებიც ეროვნული ღირებულებების ხელის შეშლას აპროტესტებენ“.

საჯარო ინფორმაციისა და ცოდნის აუცილებლობის ჯგუფის (PINK) ხელმძღვანელის, მამიკონ ოვსეპიანის განცხადებით, რომელიც სომხეთის გეი თანამეგობრობასთან თანამშრომლობს, მსგავსი პროტესტი მოსალოდნელი იყო.

“თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას იწყებს, ის თავდაპირველად გულგრილობას, შემდეგ უარყოფით რეაქციას, ბოლოს კი, სერიოზულ კრიტიკას ეჯახება. თუ აღნიშნულ მოვლენებს ამ ჭრილში განვიხილავთ, საპროტესტო აქციები და მწავავე კრიტიკა დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ“,- განაცხადა მან.

ოვსეპიანის განცხადებით, საკითხის მიმართ ხელისუფლების გულგრილობა უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე ნებისმიერი საპროტესტო აქცია.

“პრობლემა ის გახლავთ, რომ თანამდებობის პირები ჩუმად ყოფნასა და უმოქმედობას ამჯობინებენ. ამ სიტუაციაში, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ როგორ ურჩევნიათ მათ პრობლემის პრევენცია”,- განაცხადა მან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ერევნის გეი თანამეგობრობა ზეწოლის ქვეშ ექცევა. კლუბ„DIY“-ს, რომელიც გეების თავშეყრის ადგილად მიიჩნებოდა, 8 მაისს ცეცხლი წაუკიდეს. მეორე ინციდენტი 15 მაისს მოხდა, როცა აღნიშნული კლუბის კედელზე სვასტიკები დაახატეს. (დეტალური ინფორმაცია იხ. აქ)

ცეცხლის გაჩენის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წამყვანმა პოლიტიკოსებმა, როგორც ოპოზიციის ასევე, მმართველი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, ეჭვმიტანილები გაამართლეს.

ოვსეპიანის განცხადებთ: “როდესაც, კლუბზე თავდასხმის ფაქტს პარლამენტში აქებენ, ეს მომავალში სხვა ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდება”.

“ხელისუფლებამ ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლება უნდა დაიცვას”,- დასძინა მან.

ექსპერტი მედიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, ცოვინარ ნაზარიანის თქმით, მაისისა და ოქტომბის მოვლენებმა აჩვენა, რომ ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება გაიზარდა.

“ხელისუფლება გეი თანამეგობრობას სამართლებრივი თანასწორობით არ უზრუნველყოფს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიმართ საზოგადოების ცნობიერება მუდმივად იზრდება”,- განაცხადა მან,- „ერთი წლის წინ, ამ ფილმს რომელიმე დარბაზში მშვიდად აჩვენებდნენ და პრობლემის ირგვლივ დისკუსიაც იქვე დასრულდებოდა დღეს კი, ამ თემაზე უკვე ფართო წრეებში საუბრობენ, რაც დადებით მოვლენად მიმაჩნია“.

სარა ხოჯოიანი არის თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.