Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სომხეთის ოპოზიციამ რეფორმებთან დაკავშირებით შესაძლოა კონსენსუსს მიაღწიოს

პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერება შესაძლოა ის საკითხი დარჩეს რის გარშემოც სხვადასხვა ოპოზიციური ძალები გაერთიანდნენ.
By Arpi Harutyunyan
  • ნაირა ზოჰრაბიანი, პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრი (წყარო: სააგენტო ფოტოლური/photolur)
    ნაირა ზოჰრაბიანი, პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრი (წყარო: სააგენტო ფოტოლური/photolur)

პოლიტიკური პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელიც ახლახან ოპოზიციაში გადავიდა,  გრძელვადიანი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდის, რაც ანალიტიკოსების თქმით, ოპოზიციური შტოს გაერთიანების წინაპირობაა.

გეგმის მიხედვით, სომხეთი მიიღებს მეზობელი საქართველოს მსგავს სახელმწიფო მოწყობის ფორმას, რომლის მიხედვითაც პრემიერ მინისტრსა და პარლამენტს პრეზიდენტზე მეტი ძალაუფლება ენიჭებათ.

„აყვავებული სომხეთის“ საპარლამენტო მდივანი, ნაირა ზორაბიანი აცხადებს, – “ქვეყენის საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთება პრობლემების გადაჭრის, პოლიტიკური მონოპოლიის დაძლევისა და რეალური რეფორმების განხორციელების ერთ-ერთი გზაა. ეს პოლიტიკური პარტიების როლსა და პასუხისმგებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის“.

იდეას დიდი ხანია მხარს უჭერენ სომხეთის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომელთაც სწამთ, რომ აღნიშნულით გაიზრდება მათი ჩართულობა ქვეყნის მმართველობაში, რომელსაც ამჟამად, პრეზიდენტ, სერჟ სარქისიანის რესპუბლიკური პარტია მართავს.

ინიციატივა ითვალისწინებს არა მარტო საპარლამენტო მოდელზე გადასვლას, არამედ არჩევნების სრული პროპორციული წესით ჩატარებას. დღეისათვის, პარლამენტის წევრთა ნახევარს მაჟორიტარული წესით ირჩევენ, რაც ხელს მხოლოდ ძლიერ პოლიტიკურ ძალებს აძლევს.

29 თებერვალს, პარტიებმა: „მემკვიდრეობა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი წარადგინეს, რაც პარლამენტმა 54 ხმით 30-ის წინააღმდეგ უარყო.

პარლამენტში „აყვავებული სომხეთის“ 36 წევრიდან, რომლებიც მაშინ მმართველი პარტიის ნაწილად მოიაზრებოდა, 12-მა მხარი ოპოზიციას დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ თავად პარტია ცვლილების წინააღმდეგი იყო.

ახლა, როცა პარტია ოპოზიციაშია, რომელიც ოფიციალურად კოალიციას მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოეყო, ცდილობს  სხვა პარტიებთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს.

ევროპული კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა, ნარეკ გალსტიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ის ნეიტრალური საკითხია, რომელსაც სამთავრობო ბლოკის გარეთ დარჩენილი, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება შეუძლია.

“ისინი ქმნიან პლატფორმას მოლაპარაკებებისათვის, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მოსაზრებები დააკავშირონ, რაც შემდგომ უფრო მნიშვნელოვანი, სტრატეგიული საკითხების განხილვაში შეუძლიათ გამოიყენონ.  ეს ის აუცილებელი წინაპირობაა რის საფუძველზე შესაძლებელია ოპოზიციის გაერთიანება”, – განაცხადა მან.

ინიციატივის მიხედვით, საპრეზიდენტო ვადა ადრინდელთან შედარებით ერთი წლით ნაკლები იქნება, რათა 2017 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარება გახდეს შესაძლებელი. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელსაა დაგეგმილი. 2017 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტი ქვეყნის მართვის უფლებამოსილებას აიღებს.

ეს საკითხი შეიძლება „აყვავებულ სომხეთსა“ და „დაშნაკცუთიუნს“ შორის საერთო ენის გამონახვის საფუძველი გახდეს, ვინაიდან მათ პროგრამები 1991 წლიდან ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა, არცვიკ მინასიანმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ანგარიშვალდებულებას უკავშირდება.

“ამ ეტაპზე, ყველა საკითხზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. თუკი  საპარლამენტო მოწყობის სისტემაზე გადავალთ, პასუხისმგებლობა თითოეულ მინისტრზე  ინდივიდუალურად გადანაწილდება”, – განაცხადა მან.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკონსტიტუციო რეფორმის პროექტის სრულყოფილად განხილვისათვის საკმარისი დრო არ არის დარჩენილი. პარტიის საპარლამენტო ჯგუფის მდივნის, ოვანეს საჰაკიანის განცხადებით,  ეს მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მოზიდვის მიზნით გაკეთდა წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

“ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ამის საარჩევნო კოზირად გამოყენებას ცდილობს”, – განაცხადა მან.

პოლიტიკური პარტია „კანონის უზენაესობის“ ცენტრალურმა საბჭომ, რომელიც მმართველი კოალიციის მცირერიცხოვანი პარტნიორია, წინადადება 16 ნოემბერს განიხილა და დაასკვნა, რომ საპარლამენტო მმართველობის შემოღება ყველამხრივ უგუნური გადაწყვეტილება იქნებოდა.

“ეს ისეთი რთული საკითხია, რომ ის არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექსპერტებმა და მეცნიერებმა უნდა განიხილონ, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში”, – განაცხადა  პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მერ შაჰგელდიანმა.

ანალიტიკოსმა ჰრანტ მელიქ-შაჰნაზარიანმა განაცხადა, რომ სომხეთის უნიკალური და რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში, თუკი სიტუაცია გართულდება, აუცილებელია, რომ მას ძლიერი პრეზიდენტი ჰყავდეს. სომხეთს აქვს ძალიან ცივი ურთიერთობები ორ მეზობელთან: აზერბაიჯანთან და თურქეთთან. თუმცა მას კარგი ურთიერთობა აქვს დანარჩენ ორ მეზობელთან: საქართველოსა და ირანთან, რომელთაც თავის მხრივ პრობლემები აქვთ რუსეთთან და დასავლეთთან.

არპი ჰარუთუნიანი, სატელარხის Armnews ჟურნალისტია.

 

More IWPR's Global Voices