Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

საქართველოს სამხედრო რეფორმის ხელშეწყობა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევა.
By Giorgi Tskhvitava
  • (ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).
    (ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის სფეროში დადებულმა ახალმა შეთანხმებამ საქართველოს გრძელვადინი სამხედრო რეფორმის განხორცილების საშუალება მისცა.

აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 6 ივლისს, თბილისში ხელი მოაწერეს მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის უსაფთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 

მხარეებს შორის სამომავალო თანაშრომლობის დეტალები ივლისის ბოლოს შემუშავდება, თუმცა თავდაპირველი დოკუმენტის მიხედვით გათვალისწინებულია დახმარება ქვეყნის ტერიტორიის დაცვის, მათ შორის იარაღის შესყიდვის სფეროში. ეს მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგრადობის და განთავსების, ასევე ნატოს ძალებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას.   

„საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების აქცენტი ყოველთვის იყო  საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებთან პირდაპირ მიბმული,“ – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა. „დღეს, ჩვენ მივიღეთ დამატებითი შეთანხმება, რომლის ამოცანაა საქართველოს მიერ საკუთარი ტერიტორიული თავდაცვის მიზნების განხორციელებაში ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი დახმარების მიღება.“

ანალიტიკოსების აზრით, თანამშრომლობის გაძლიერებამ შეიძლება შეასრულოს გადამწყვეტი როლი საქართველოს არასაკმარი დაფინანსების მქონე შეიარაღებული ძალების მომავალი არქირექტურის ფორმირებაში.

ქვეყნის შიგნით განიხილება ის, თუ რა სახის ჯარი სჭირდება სახელმწიფოს, რომელიც მდებარეობს ისეთ არასტაბილურ რეგიონში, სადაც გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსეთი, ირანი და თურქეთი.

საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ის კვლავაც აგრძელებს მოუგვარებელ კონფლიქტებში ჩარევას, რაც შეეხება მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისინი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მთავარ პრობლემას რუსეთთან ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფრონტაცია წარმოადგენს.

ამ ჭრილში განიხილავს ქვეყანა თავისი შეიარაღებული ძალების განვითარების სამომავლო გეგმებს – მოკლე, საშუალო და გრძელვადიანსაც.  

„ცხადია, საქართველოს შეირაღებული ძალები ორიენტირებულია თავდაცვაზე,“ – აცხადებს ძებისაშვილი ჩვენთან საუბრისას. „ჰეგემონური გეგმები არ გვაქვს. ამ სცენარში სხვა ქვეყნებიც განიხილება, მაგრამ ძირითადი პარადიგმა ესაა.“

წლების განმავლობაში თბილისი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად ნატოს წევრობას მიიჩნევდა, თუმცა 2008 წლის ომმა გაწევრიანების მოლოდინი ჩაშალა.

გასულ თვეს, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მდივნის თამაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი დახმარების სახით 481 მილიონი დოლარი მიიღო.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი წილი სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დახმარების უზრუნველყოფისთვის იხარჯება.

ბოლო წლების განმავლობაში გადაიდგა ნაბიჯები სამხედრო ხარჯების მოკლების და არმიის ქმედუნარიანობის გაზრდის კუთხით, მათ შორის, მოხდა სამხედრო ფლოტისა და საჰაერო ძალების გაუქმება, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.   

2008 წლის ომმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგალითად, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის ერთი გასროლა 50 000 აშშ დოლარზე მეტი ჯდება.

ამ ეტაპზე, ძირითადი ყურადღება მიმართულია უშუალოდ ჯარის სტრუქტურისა და შემადგენლობის რეფორმირებაზე.

ცვლილებების განხორციელება უკვე დაიწყო; 9 ივლისს თინა ხიდაშელმა სავალდებულო გაწვევის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

აქამდე, სავალდებულო გაწვევას ექვემდებარებოდა 18-დან 27 წლამდე ყველა ახალგაზრდა, წელიწადში ორჯერ, 12 თვის ვადით.

თუმცა, რეალურად, მათი რაოდენობა არმიაში მაინც  საკმაოდ მცირე იყო.

ამა წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით მოხდა 3 183 წვევამდელის გაწვევა, აქედან 720 განაწილდა შინაგან საქმეთა სამინისტრში, 1020 – სასჯელაღსრულებაში, 443 სახელმწიფო უშიშროებაში და მხოლოდ 1000 მოხვდა თავდაცვაში. 

„თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს“ ხელმძღვანელი ირაკლი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ გაწვევით, ძირითადად, პენიტენციალური სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არიან დაინტერესებული.

„რა უნდა უთხრან ხალხს – სამშობლოს ბადრაგები სჭირდება ციხეებში? – აცხადებს მჭედლიშვილი ჩვენთან საუბრისას. „ფაქტობრივად, შსს და სასჯელაღსრულება თავდაცვის სამინისტროს იყენებდა ფარად, რათა ეთქვა, რომ გაწვევა ქვეყნის თავდაცვისთვის ხდება, მაგრამ რეალურად თავდაცვასთან ამ გაწვევას არანაირი კავშირი არ აქვს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული არმია, რომელიც 37 000 სამხედრო მოსამსახურით არის დაკომპლექტებული და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 670 მილიონი ლარით ფინანსდება, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მართლაც მოკრძალებულად გამოიყურება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებში ირიცხებოდა 81 950, ხოლო სარეზერვო ძალებში 300 0000 სამხედრო პირი, ბიუჯეტი კი ორ მილიარდ დოლარზე მეტს ითვლიდა.

2014 წელს სომხეთის რეგულარული არმია ითვლიდა 49 100 სამხედრო მოსამსახურეს. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მისი რეზერვი შეადგენდა 210 000 კაცს, ხოლო ბიუჯეტი აღემატებოდა 400 000 მილიონ დოლარს. რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის არმიას, მასში ირიცხება 25 000 ჯარისკაცი და 20 000 რეზერვისტი.

გარდა ამისა, გასათვალიწინებელია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში შემავალი ბაზები და ქვედანაყოფებიც, რომლებიც განლაგებულია მეზობელ სომხეთში და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე.

წელს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამი ახალი დივიზია შეემატა – თითოეული 10 000 ჯარისკაცის შემადგენლობით და მათგან ერთი სამხრეთის სამხედრო ოლქში. რუსეთის მხრიდან ეს არის საპასუხო ნაბიჯი ნატოს გაფართოების პოლიტიკაზე.

საქართველოს ხელისუფლება ნატოს ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით ჯარის რამდენიმე მოდელს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი არის შერეული სიტემა, რომელიც სამივე კომპონენტს – პროფესიულს, გაწვევას და რეზერვს მოიცავს. თუმცა, აქაც, მთავარ წინაღობას არასაკმარისი თავდაცვის ბიუჯეტი წარმოადგენს.  

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი რეზერვის მოდელმა არ გაამართლა, რაც რეზერვისტების მზადყოფნის დაბალი დონით იყო განპირობებული.  

ბევრ მათგანს რეალურად არასოდეს უმსახურია ჯარში. რეზერვში ჩარიცხვამდე მათ მხოლოდ თვრამეტდღიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს.

რამაც საკმაოდ მწვავედ იჩინა თავი 2008 წლის ომის დროს, როდესაც ბევრმა რეზერვისტმა უბრალოდ არ იცოდა რა გაეკეთებინა.

პროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, უნდა შეიქმნას სამი კატეგორიის რეზერვი – არმიის რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი.

ამ სისტემის მიხედვით, არმიის რეზერვი დაკომპლექტდება ყოფილი კონტრაქტორებით და კადრის ოფიცრებით.

ანალისიკოსების აზრით, ქვეყანამ, რომელსაც მოუგვარებელი კონფლიქტები და გარე საფრთხეები აქვს, გაწვევაზე არ უნდა თქვას მთლიანად უარი. 

„თუ ჩვენი უმთავრესი სამხედრო სტრატეგიული ამოცანა არის შეკავების საკმარისი ფაქტორის შექმნა, ამას იმ რაოდენობის ჯარი, რაც მხოლოდ პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული – არ ეყოფა,“ – აცხადებს უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი „აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტიდან“ გიორგი ანთაძე.

„რეზერვი არის ალტერნატივა. იმისთვის, რომ გყავდეს საკმარისი და კარგად გაწვრთნილი რეზერვის კადრი, საჭიროა ხორციელდებოდეს გაწვევა – ამბობს ის. „ის რომ დღევანდელი გაწვევის სისტემა უნდა შეიცვალოს ცალსახაა, თუმცა ის არ უნდა გაუქმდეს“,

გიორგი ცხვიტავა

 

More IWPR's Global Voices