საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ბავშთა ქორწინება ურყევ ტრადიციად რჩება

ხელისუფლება ხალხის განაწყენების შიშით ვერ ეწინააღმდეგება ჩვეულებას, რომელიც სრულიად უკანონოა.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ბავშთა ქორწინება ურყევ ტრადიციად რჩება

ხელისუფლება ხალხის განაწყენების შიშით ვერ ეწინააღმდეგება ჩვეულებას, რომელიც სრულიად უკანონოა.

Anna Arganashvili, head of the gender equality department at the Georgian ombudsman’s office. (Photo courtesy of A. Arganashvili)
Anna Arganashvili, head of the gender equality department at the Georgian ombudsman’s office. (Photo courtesy of A. Arganashvili)
Wednesday, 10 July, 2013

14 წლის გალიბა გათხოვილია და სკოლაში აღარ დადის. ახლა ექვსი თვის ორსულია და უმეტეს დროს თავის ახალ სახლში საოჯახო საქმეების კეთებაში ატარებს.

ადრეული ქორწინება საკმაოდ ხშირი მოვლენაა გალიბას სოფელში, რომელიც მარნეულის რაიონში მდებარეობს და აზერბაიჯანელი მუსლიმებითაა დასახლებული.

„მე ასაკი მემატება და დამხმარე მჭირდება. სახლში ბევრი სამუშაოა. გალიბა ბავშს გააჩენს და საქმეში შემომეშველება“, – ამბობს გალიბას 35 წლის დედამთილი, სიმა. „სწავლას აღარ გააგრძელებს, იმიტომ რომ გათხოვილი ქალისთვის სირცხვილია სკოლაში სიარული. რომელ ბიჭს მოეწონება მისი ცოლი სკოლაში რომ დადიოდეს?“

სოფელში ბევრის მსგავსად გალიბას დაც 14 წლის ასაკში გათხოვდა და სკოლა არ დაუმთავრებია.

ადრეული ქორწინებები განსაკუთრებით ხშირია მარნეულის რაიონში,რომელიც ძირითადად აზერბაიჯანელი მუსლიმებითაა დასახლებული და ასევე მაღალმთიან აჭარაში.

საქართველოს კანონმდებლობით 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან მეურვის ნებართვით. არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება კრიმინალური დანაშაულია.

საქართველოს კონსტიტუციით ბავშვისთვის საშუალო სასკოლო განათლების მიღება სავალდებულოა.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში და მის მეზობელ თურქეთში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრეული ქორწინებების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011-2012 სასწავლო წლის განმავლობაში, მარნეულის რაიონში 314 გოგონამ დაოჯახების გამო სკოლაში სიარულს თავი დაანება, მათგან ორი 12 წლისაც კი არ იყო.

საქართველოს განათლების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით 2011-2012 სასწავლო წლის განმავლობაში 13-15 წლის ასაკის 7400 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, თუმცა ეს მონაცემები არაფერს ამბობს იმ მიზეზებზე რის გამოც დაანებეს გოგონებმა თავი სკოლაში სიარულს.

არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით ხელისუფლებას არ ძალუძს ან არ სურს ამ მგრძნობიარე საკითხთან შეჭიდება.

„ადრეული ქორწინებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, განსაკუთრებით კი ტრადიციულ თემებში, კონფლიქტია ტრადიციასა და კანონს შორის,“ – აცხადებს საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი. „პრობლემას ქმნის ისიც, რომ ტრადიციების მიმდევრები სასტიკად ეწინააღმდეგებიან მათ ჩვეულებებში ჩარევას.“

ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას სხვა კუთხით უნდა ეცადოს.

„პირველ რიგში, ადგილზე უნდა ჩატარდეს საგანმანათლებლო სამუშაოები და უნდა აუხსნათ ხალხს რატომ უნდა თქვან უარი ამ ტრადიციაზე. მეორე – კანონი უნდა ამოქმედდეს,“ – ამბობს ის. „არის სხვა სირთულეებიც. იმის გამო, რომ ეს ქორწინებები არ არის დარეგისტრირებული, ისინი არ ითვლება ოფიციალურად, ამიტომაც პრობლემას წარმოადგენს ის, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.“

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ხელისუფლებას აშკარად არ სურს ადგილობრივ თემებთან ჯიქურ დაპირისპირება.

„წინა ხელისუფლებას ეს არ აინტერესებდა,“ – აცხადებს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი ნატო შავლახაძე. „არ ხდებოდა შემთხვევების გამოძიება, არ იწარმოებოდა ოფიციალური სტატისტიკა და შესაბამისად, არ კეთდებოდა არაფერი.“

„რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ უბრალოდ ვერ უზრუნველყოფენ საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკების გაგზავნას რეგიონებში.“

გაერო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გამოაცხადონ ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებათა დარღვევად.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო რეგულირება საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება „კანონის აღსრულების დროს ბევრი ხარვეზია.“

„პრობლემის სერიოზულობა არ არის გათვითცნობიერებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მას სერიოზული ყურადღება არ ეთმობა. ეს საკითხი დღემდე საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა,“ – განაცხადა მან.

არგანაშვლის თქმით მთელი მსოფლიო შეთანხმადა იმაზე, რომ ქორწინება 12-15 წლის ასაკში ითვლება ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად.

„ადრეული ქორწინება ცუდად მოქმედებს გოგონების ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ართმევს მათ განათლეების მიღების საშუალებას და შესაბამისად, დასაქმების შანსს,“ – დასძენს ის. „სტატისტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ ნაადრევად დაქორწინებული ბავშვები, სხვებთან შედარებით, უფრო ხშირად ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, რადგან ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას“.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელის“ ფსიქოლოგი ელენე სამუშია ეთახმება, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არის ბავშვზე ძალადობა და მისი თქმით ის გადაჯაჭვულია მრავალ პრობლემასთან.

„არასრულწლოვანი გოგონები ახალ ოჯახებში ხშირად ხდებიან ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ხშირად ინგრევა. იმის გამო, რომ გოგონების უმრავლესობას სკოლა არა აქვს დამთავრებული და არც პროფესია აქვს, საკუთარი თავის და შვილების რჩენა არ შეუძლიათ,“ – ამბობს ის.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება ბავშვი სკოლიდან გამოიყვნოს დაქორწინების გამო და სკოლის დირექტორი ასეთი ფაქტის ხელშეწყობის გამო მკაცრად დაისჯება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სკოლას ოჯახის გადაწყვეტილებით მიატოვებს, ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა სამინისტროს არ შეუძლია.

არგანაშვილის შეფასებით სამინისტროს განმარტება არასწორია.

„სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ სავალდებულო განათლება ყველა  ბავშვმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უარს ამბობს შვილისთვის სავალდებული განათლების მიცემაზე, ან ამას ვერ ახერხებს, ბავშვის უფლებების დაცვა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს,“ – აცხადებს ის. „ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და შსს.“

არგანაშვილის მიერ მოწოდებულ მიდგომას სავარაუდოდ ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება ტრადიციებს მიჯაჭვული საზოგადოების მხრიდან.

როგორც გალიბას დედამთილი ამბობს, დაოჯახების მიზნით არასრულწლოვან გოგონებს ხშირად იტაცებენ, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი გოგონების ოჯახები პოლიციას იშვიათად მიმართავენ.

„გოგოს უკან მობრუნება იშვიათად ხდება, რადგან ოჯახები რიგდებიან. სამართალდამცავები ასეთ შემთხვევებში დიდი დოზით იმიტომაც ვერ ერევიან, რომ იციან, ჩარევის შემთხვევაში ეტყვიან – ჩვენს ტრადიციებს ხელყოფთო და ერთი ამბავი ატყდება,“ – ამბობს სიმა.

მანანა ვარდიაშვილი თანამშრომლობს ჟურნალლიბერალთან

 

Georgia
Children
Frontline Updates
Support local journalists