Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ნიადაგგამოცლილ მიწაზე მდგარი სოფელი

მოსახლეობა ამაოდ ცდილობს ბუნებასთან შებრძოლებას. სოფელ ნაქალაქევში სახლები დღითიდღე უფრო იშლება და ინგრევა.
By Tamuna Uchidze
  • დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)
    დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)
  • დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)
    დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)
  • დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)
    დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)
  • დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)
    დაზიანებული სახლი სოფელ ნაქალაქევში (ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“)

„ღამით, როცა სიჩუმეა სახლის ტკაცუნის და მიწიდან გუგუნის ხმა ისმის,“ ამბობს ღუღუნი ბერიძე.

66 წლის ღუღუნი ბერიძე სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია. ასპინძის რაიონის ეს სოფელი მეწყერმა შეიძლება ნებისმიერ წამს ქვეშ მოიყოლოს. საცხოვრებელი სახლების კედლები დაბზარულია და ბათქაში ცვივა, მიწის სიღრმიდან კი წყლის ჩხრიალის ხმა ისმის.

„სოფელი წყალზე დგას,“ამბობს ღუღუნი ბერიძე. „გეოლოგები შარშანაც იყვნენ… ჩვენს ეზოში ჩაბურღეს და 50 მეტრის სიღრმეზე წყალია. ძალიან ცუდ დღეში ვართ. სოფელი ყოველდღიურად ინგრევა.“

1990 წლებში რაიონის მიწათსარგებლობის განყოფილების უფროსს გიორგი ბუცხრიკიძეს დავალებული ჰქონდა ნაქალაქევში დასახლებულებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის საკითხის შესწავლა.

„სიპ ქვაზე ზემოდან არის მიწა და მათ შუაში წყალი გადის, ამ წყალზე დგას სოფელი, ამიტომ აქ მცოცავი ქანებია და შესაძლოა ნებისმიერ წამს მოწყდეს სოფელი,” – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

სოფელში თითქმის ყველა სახლი ავარიულია. ადგილობრივების თქმით კედლებს ახალი ბზარები ყოველდღე ემატება.

„1983 წლიდან ასეთ დღეში ვართ,“ – ამბობს ნაქალაქევის მკვიდრი მელანო კაველიძე. “სახლი ქვემოთ მიდის, ბეტონიც ჩავასხით, მაგრამ ვერ შევაჩერეთ. კედლებიდან ქვები ცვივა. ყოველ წელს ვლესავთ დაბზარულ კედლებს, მაგრამ შედეგი არ გვაქვს.“

„ვის არ მივმართეთ, თბილისამდე ჩავედით, მაგრამ არავინ ჩვენი პატრონი არ არის,“ – ამბობს კაველიძე. „ერთადერთი დახმარება რაც მივიღეთ ის იყო, რომ ყველაზე დაზიანებული სახლების მეპატრონეებს თავშესაფრად რკინის ვაგონები დაგვირიგდა.“

კაველიძის მეზობელი, 74 წლის ნოდარ ბერიძე ოჯახთან ერთად წლებია სახლის გვერდით სათავსოში ცხოვრობს. მისი კუთვნილი ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამონგრეულია და სახოვრებლად საშიშია.

„სპიტაკი რომ დაინგრა, მას შემდეგ შევამჩნიეთ ბზარები. მიწა მცოცავი გამოდგა და ამიტომ ინგრევა. საცხოვრებლის გარეშე ვართ დარჩენილები,“ – ამბობს ის. „ჩემი შვილი ცოლ-შვილთან ერთად ქალაქში წავიდა ქირით საცხოვრებლად, ჩვენ მოხუცები კი აქ დავრჩით.“

„პენსიონერებმა თავი რითი უნდა ვირჩინოთ? კომუნისტები რაც წავიდნენ, მას შემდეგ არავინ დაგვხმარებია. მარტო წინასაარჩევნოდ ვახსენდებით მთავრობას, დაგვპირდებიან და მერე აღარ ვახსოვართ. ამ მთავრობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავახსენდეთ ვინმეს?“

სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თამაზ მაღრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს იგეგმებოდა მოსახლეობის გადასახლება წალკაში. თუმცა ხალხმა გადასვლაზე უარი განაცხდა და სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა.

ბუცხრიკიძე 1990 წლების ამბებს იხსენებს, როცა ნაქალაქევის მცხოვრებლები ახალციხესთან ახლოს ითხოვდნენ გადმოსვლას, თუმცა მათ უარი ეთქვათ, რადგან სოფლის სამეურნეო საქმიანობისათვის იქ არასაკმარისი მიწის ფართობი იყო.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელში მცხოვრები ასამდე ოჯახის სხვა ადგილას გადასახლება არ იგეგმება. აქვე განმარტავენ, რომ ნაქალაქევის მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად ადგილობრივ ხელისუფლებას თანხა არ გააჩნია, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობის პირობები გააუმჯობესონ და ეხმარებიან მათ, ვისაც სახურავის შეცვლა, ან ბზარების ამოსავსებად ცემენტი სჭირდება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი მიხეილ მაისურაძე პესიმისტურად უყურებს ნაქალაქევის მომავალს. მისი თქმით, 2010 წელს ჩატარებულმა გეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიადაგის რღვევა შეჩერებული არ არის.

„რომელ სახლშიც ვიყავი აზრი არ აქვს დახმარებას, სულ უნდა დაშალო და სხვა ადგილას გადაიტანო,“ – განაცხადა მაისურაძემ. „მეწყერულ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას რომ დავეხმაროთ უფლება არ გვაქვს, რადგან წყალში გადაყრილი ფული იქნება.“

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გვიდასტურებენ, რომ ინფორმირებულები არიან ნაქალაქევში არსებული სიტუციის შესახებ, თუმცა როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა საქართველოში ბევრია ანალოგიური საფრთხეების მქონე დასახლებული პუნქტი და შეუძლებელია ყველა მათგანზე ერთდროულად რეაგირება.

სამინისტროში არსებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 35 000 ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და დაახლოებით 11 000 ოჯახის საცხოვრებელი სახლები გამოუსადეგარია საცხოვრებლად.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შემუშავდება ნაქალაქევის მოსახლეობის განსახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი.

თამუნა უჩიძე გაზეთსამხრეთის კარიბჭისრეპორტიორია