Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ისლამური სახელმწიფოს საფრთხის იდენტიფიცირება

თბილისი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს ქვეყანაში ჯიჰადისტების საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე.
By Onnik Krikorian
  • ტრადიციული ისლამის მეჩეთი დუისში (ფოტო: ონიკ კრიკორიანი)
    ტრადიციული ისლამის მეჩეთი დუისში (ფოტო: ონიკ კრიკორიანი)
  • The Pankisi Gorge lies in the foothills of the Caucasus. (Photo: Onnik Krikorian)
    The Pankisi Gorge lies in the foothills of the Caucasus. (Photo: Onnik Krikorian)
  • Most of Pankisi's residents belong to the Kist ethnic group. (Photo: Onnik Krikorian)
    Most of Pankisi's residents belong to the Kist ethnic group. (Photo: Onnik Krikorian)
  • Children in Pankisi. (Photo: Onnik Krikorian)
    Children in Pankisi. (Photo: Onnik Krikorian)
  • Children in Pankisi. (Photo: Onnik Krikorian)
    Children in Pankisi. (Photo: Onnik Krikorian)
  • Parents worry that their children are being radicalised. (Photo: Onnik Krikorian)
    Parents worry that their children are being radicalised. (Photo: Onnik Krikorian)
  • Street scene in Duisi. (Photo: Onnik Krikorian)
    Street scene in Duisi. (Photo: Onnik Krikorian)
  • Mothers and children in Duisi. (Photo: IWPR)
    Mothers and children in Duisi. (Photo: IWPR)
  • A boy in Duisi. Older adolescents are often drawn to conservative Islam. (Photo: IWPR)
    A boy in Duisi. Older adolescents are often drawn to conservative Islam. (Photo: IWPR)
  • Mullah Omar is imam at Duisi's "traditional" mosque. (Photo: IWPR)
    Mullah Omar is imam at Duisi's "traditional" mosque. (Photo: IWPR)
  • Outside a mosque in Duisi. (Photo: IWPR)
    Outside a mosque in Duisi. (Photo: IWPR)
  • A mosque in Duisi. (Photo: IWPR)
    A mosque in Duisi. (Photo: IWPR)

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პანკისის ხეობაში ისლამურ რადიკალიზაციაზე ყურადღების გამახვილებით, სახელმწიფოს შესაძლოა ქვეყნის სხვა რეგიონებში არსებული ექსტრემიზმის საფრთხეები გამოეპაროს.

ათეულობით პანკისელი სირიაში და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვის. გასულ თვეს, რეგიონი კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება პანკისში ჯიჰადისტების საწვრთნელი ბანაკების არსებობის შესახებ.

ლავროვმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელევიზიით გადმოიცა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს მეომრები „ამ რთულად მისაწვდომ ტერიტორიას იყენებენ იმისთვის, რომ წვრთნები გაიარონ, დაისვენონ და თავიანთი მარაგები შეივსონ.“

ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, პანკისში ისლამური სახელმწიფოს საქმიანობის შესახებ საუბრობდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სანაკოევიც.

პანკისში მოსახლეობის უმეტესობას მუსლიმები, მათ შორის ეთნიკურად ჩეჩნები, შეადგენენ. 2002 წელს ჩეჩნეთის კამპანიის დროს, რუსეთს ხეობის დაბომბვას აბრალებდნენ, რომელიც იმ დროს ბოევიკების სიმაგრედ ითვლებოდა.

ეს ნიშნავს, რომ ლავროვის კომენტარს მწვავედ გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი და კატეგორიულად დაგმო მისი განცხადება.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლომდე აკონტროლებენ სიტუაციას პანკისში,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 29 იანვარს, უშიშროების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მეორე დღეს, პრეზიდენტი ამერიკის და ევროკავშირის ელჩებთან ერთად პანკისში გაემგზავრა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასახლებას – სოფელ დუისს ეწვია.

შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ხაზი გაუსვა, რომ თბილისი და ვაშინგტონი აქტიურად თანამშრომლობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

„პრემიერ-მინისტრმა გარკვევით გასცა პასუხი ბრალდებებს პანკისის ხეობაში ტერორისტული საწვრთნელი ბაზების არსებობის შესახებ, როგორც მოისმინეთ პრეზიდენტმაც იგივე გაიმეორა,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „მეც ვუერთდები მათ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პანკისში ტერორისტების საწვრთნელი ბანაკები არ არის.“

ხეობის ძირითად მოსახლეობას შეადგენს რვა ათასამდე მუსლიმი ქისტი, რომელთაც საერთო ფესვები აქვთ ჩრდილოკავკასიელ ჩეჩნებთან. აქვე ცხოვრობენ ჩეჩენი ლტოლვილებიც, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან ორი ათწლეულის მანძილზე მომხდარ ორ ომს გამოექცნენ.

ჩეჩენ დევნილთა ნაწილთან ასოციირდება პანკისში ისლამური ფუნდამენტალიზმის იდეების გავრცელება. „ვაჰაბიზმის“ სახელით ცნობილი ეს კონსერვატული მიმდინარეობა, სუნიტური ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.

ბრძოლა რადიკალიზაციის წინააღმდეგ

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მხარეს ორასამდე ქართველი იბრძვის (იხილეთ: საქართველო ისლამური სახელმწიფოსგან შორს).

ხელისუფლება აცხადებს, რომ აქედან პანკისელი მხოლოდ ოცდაათია, სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ რიცხვი უფრო მაღალია. მაგალითად, ადგილობრივი წყაროს -კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ისლამური სახელწიფოს მებრძოლებს შორის ორმოცდაათი პანკისელია.

ამერიკელი მკვლევარი „ვეიქ ფორესტ უნივერსიტეტიდან,“ ბენეტ კლიფორდი, რომელმაც გასულ წელს საქართველოში კვლევა ჩაატარა, აცხადებს, რომ პანკისელი მებრძოლების რიცხვი შესაძლოა ამ რაოდენობაზე ორჯერ უფრო მაღალიც იყოს.

იანვრის დასაწყისში, ქართულმა მედიამ სირიაში ორი პანკისელი ახალგაზრდას – რამზან ფარეულიძის და მუხმად თურქოშვილის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სავარაუდოდ, ორივე მათგანი იმ დანაყოფში იბრძოდა, რომელსაც მეთაურობდა წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, ასევე ომარ ალ-შიშანის სახელით ცნობილი ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური.

მიუხედავად ამისა, კლიფორდის აზრით, პანკისზე აქცენტის გამახვილებით, შესაძლოა მოდუნდეს ყურადღება რადიკალიზაციის საფრთხეზე ქვეყნის სხვა რომელიმე რეგიონში. მისი სიტყვებით, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც, რისკჯგუფებში სხვა ქართველი მუსლიმებიც შედიან. მაგალითისთვის მან მოიყვანა, აჭარის რეგიონი, სადაც ქრისტიანების მიერ მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული პრაქტიკა შესაძლოა ექსტრემიზმის გაღვივების ერთ-ერთ ხელისშემწყობ ფაქტორად ჩაითვალოს.

სირიაში და ირანში გამგზავრებულთა შორის არიან „ეთნიკურად ქართველი მუსლიმები აჭარიდან, აზერბაიჯანული სოფლების მცხოვრებლები და სავარაუდოდ, ის ქრისტიანებიც, რომლებიც ისლამზე მოექცნენ,“ – აღნიშნა მან.

„პოლიტიკოსებმა უნდა აღიარონ, რომ ძალადობრივმა ექტრემიზმმა და რადიკალიზაციამ მეტასტაზები გაავრცელა. ის უკვე აღარ არის მხოლოდ „პანკისის პრობლემა,“ – დასძინა კლიფორდმა. „მთავრობამ და ადგილობრივმა თემებმა უნდა მიიღონ ისეთი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება იმ კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც საქართველოში მცხოვრებ ცალკეული მუსლიმი თემები აწყდებიან. “

შარშან ნოემბერში, ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში გადაღებული ქართველი მებრძოლები აღმოჩნდნენ წარმოშობით არა პანკისიდან, არამედ აჭარიდან და გურიიდან. ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა გობაძე სირიაში ამა წლის დასაწყისში დაიღუპა.

ასევე, 2015 წლის ნოემბერში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალკიდან, სადაც უმეტესად აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ყოფილი იმამი მურმან პაიჭაძე სირიაში მთელი თავისი ოჯახით გაემგზავრა.

კლიფორდი აღნიშნავს, რომ პაიჭაძის სახელი უკავშირდება აჭარის მკვიდრ თამაზ ჭაღალიძეს, რომელიც ასევე სირიაში იმყოფება.

2015 წლის დასაწყისში ჭაღალიძემ საქართველოს წინააღმდეგ ინტერნეტით მუქარის ვიდეო გაავრცელა, სადაც ეწერა, „საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალაჰს, მწარედ ინანებთ, თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი (ურწმუნო).“

რისკი სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის

ექსპერტები თვლიან, რომ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური აზერბიაჯანლებიც არიან რადიკალიზაციის საფრთხის ქვეშ.

გასულ თვეს, 23 წლის ფიქრათ ახმედოვი ვაჰაბიტმა თანასოფლელმა მოკლა იმის გამო, რომ მან მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თავის მშობლიურ სოფელ ფონიჭალაში რადიკალური ისლამის გავრცელება გააკრიტიკა. მკვლელობის შემდეგ სოფლის მცხოვრებლებმა ვაჰაბიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრის თბილისის ოფისის წარმომადგენელი გიორგი ბობღიაშვილი თვალს ადევნებს სიტუაციის განვითარებას.

„ზოგადად, გადაბირება [ექსტრემიზმზე] არც ისე ხშირია, როგორც პანკისში, აჭარაში ან გურიაში, თუმცა სალაფიზმი საკმაოდ აქტიურად არის გავრცელებული, თან ძირითადად ახალგაზრდებში, რომელთა გადმობირების მთავარ წყაროს და ინსტრუმენტს ინტერნეტი წარმოადგენს,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

სირიაში წასული პირველი ორი ქალი, გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლის, ყარაჯალას მკვიდრები იყვნენ.

„ყარაჯალა ერთადერთი სოფელია კახეთში, სადაც სუნიტი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. დანარჩენ ოთხ სოფელში, სადაც მოსახლეობა გმობს ექსტრემისტულ იდეოლოგიას, შიიტები ცხოვრობენ,“ – აღნიშნავს ბობღიაშვილი.

„ინციდენტების სიხშირე იზრდება, რაც რეგიონებში არსებული მუსლიმური ინსტიტუტების მზარდ პრობლემებზე მიუთითებს,“ – დასძენს კლიფორდი. „ყარაჯალაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სალაფიტებმა წვრილი ქურდობისთვის თითები მოაჭრეს დამნაშავეებს, რადგან მათი აზრით, შარიათის მიხედვით ისინი სწორედ ასეთ სასჯელს იმსახურებდნენ.“

კლიფორდის მიხედვით, პანისლამური მოძრაობის, მათ შორის სალაფიზმის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს რელიგიური იდენტობის და ეროვნული იდენტობის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობა.

„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების შემთხვევაში, ეს გამოიხატება თემთა შორის დაპირისპირებაში, „ტრადიციული“ – შიიტური და სუნიტური ისლამის მიმდევრებს, რომლებიც საკმაოდ მჭიდროდ არიან გადაბმული ქართულ სახელმწიფოსა და მის პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, და იმათ შორის, ვინც უარყოფს ტრადიციონალიზმს იმაზე დაყრდნობით, რომ ქართული ნაციონალური იდენტობა და მუსლიმური იდენტობა ერთმანეთს არ ეთავსება,“ – ამბობს ის.

ბობღიაშვილის თქმით, ასეთი იდეოლოგიის გავრცელება უფრო ხშირად ხდება ისეთ თემებში, სადაც რელიგიური წეს-ჩვეულებები და ტრადიციული ისლამის ფორმები მოისუსტებს.

კლიფორდი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

„ეს მიუთითებს დამოუკიდებელი მუსლიმური ინსტიტუტების რაოდენობასა და შედარებით ძალაზე, რითაც შესაძლებელია რელიგიური კონფლიქტის გავლენის შემცირება,“ – განმარტა მან. „ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემი ჯერ კიდევ იმყოფება რადიკალიზაციის გავლენის ქვეშ, თუმცა სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ისეთი ზომების გატარებით, როგორიცაა რელიგიური განათლების გაუმჯობესება, ადგილობრივი თემების ლიდერების ჩართვა ინსტიტუციონალურ გადაწყვეტილებათა მიმღებ პროცესში, ასევე ძალადობრივი ექსტრემიზმის და რელიგიური კონფლიქტის პრევენციის მიზნით ,ქვემოდან-ზემოთ’/აღმავალი პრინციპით მოქმედი მიდგომების შემუშავება.“

ონიკ ჯეიმს კრიკორიანი