Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

თურქეთში მცხოვრებ სომხებზე თავდასხმები გახშირდა

სტამბულის პოლიციის განცხადებით მომხდარი ჩვეულებრივი კრიმინალია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
By Aline Ozinian
  • სტამბულის უბანი სამატია ტრადიციულად სომეხთა დიდი პოპულაციით გამოირჩეოდა (ფოტო: მუსტაფა ქირაზლი).
    სტამბულის უბანი სამატია ტრადიციულად სომეხთა დიდი პოპულაციით გამოირჩეოდა (ფოტო: მუსტაფა ქირაზლი).

სტამბულში სომხებზე გახშირებული თავდასხმების გამო უფლებადამცველები შიშობენ, რომ თურქეთში ქსენოფობიური განწყობა მატულობს.

ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლი 80 წლის ქალბატონი სულთან აიკარია, რომელმაც თავდასხმის დროს თვალი დაკარგა.

„მეზობლები რომ არ დახმარებოდნენ ბებიაჩემი ახლა ცოცხალი არ იქნებოდა,“ ამბობს სატელეფონო საუბრის დროს აიკარის შვილიშვილი კარინე ეტიკი. „პირი სისხლით ჰქონდა სავსე და ისეთი შეშინებული იყო, რომ ლაპარაკიც არ შეეძლო.“

ეს სომხებზე მომხდარი თავდასხმათა სერიიდან უკანასკნელია. დეკემბრის ბოლოს, სტამბულის იმავე რაიონში, სამატიაში, 85 წლის ქალბატონი სახელად მარიცა ქუჩუკი მოკლეს.

სტამბულის უბანი სამატია, სადაც ზემოხსენებულ თავდასხმებს ჰქონდა ადგილი, ტრადიციულად სომხების დიდი დასახლებებით გამოირჩეოდა. ათწლეულობის განმავლობაში ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ თურქ და ქურთ თანამოქალაქეებთან.

თავდაპირველად თურქული პრესა მომხდარის იგნორირებას ცდილობდა, პარალელურად კი  საერთაშორისო მედიისა და უფლებათადამცველი ორგანიზაციების უკმაყოფილება სულ უფრო მატულობდა.

სამატიაში 27 იანვარს გამართულ დემონსტრაციას თურქი და ქურთი პარლამენტის წევრები, ასევე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით : „ნუ ეხები ჩემს სომეხ მეზობელს.“

„მათ სომხების დაშინება სურთ, ასეთი საქციელით ისინი აფრთხილებენ სომხებს, რომ ისინი თავიანთი სიკვდილით არ მოკვდებიან,“ ამბობს „თურქეთის ადამიანის უფლებათა ასოციაციის“ ანტი-რასისტული კომიტეტის თავმჯდომარე აიშე გიუნაისუ. „ის ფაქტი, რომ პოლიცია ამ ფაშისტურ თავდასხმებს ქურდობად ასაღებს მხოლოდ ხელს უწყობს ფაშიზმის წახალისებას. ისინი ცდილობენ სამატია ეთნიკურად გაწმინდონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ აღიარებენ სომეხთა გენოციდს და ეს ამბებიც ამ არ აღიარების გამოძახილია.“

პოლიცია მომხდარ თავდასხმებს უბრალო კრიმინალად აფასებს, მათი ვარაუდით აქ ნარკომანების ხელი ურევია, რომლებიც სომხებს სხვებზე უფრო მდიდრებად მიიჩნევენ.

„ამ თავდასხმებზე საუბრისას სიფრთხილე გვმართებს. მირჩევნია დაველოდო გამოძიების შედეგებს სანამ საბოლოოდ რაიმეს ვიტყოდე,“ განაცხადა „ჰურიეტ დეილი ნიუსთან“ საუბრისას  ფატიფის რაიონის მერმა მუსტაფა დემირმა. ამავე რაიონში სამატიას უბანიც შედის. „ყველა თავდასხმის დროს ადგილი ჰქონდა ქურდობას, ამიტომ თუ დეტალებს ჩავუკვირდებით ეთნიკური ნიადაგის დანაშაული ნაკლებად იკვეთება.“

სხვები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და უფრო სერიოზულ მოტივებზე საუბრობენ.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დანაშაულები სიძულვილის ნიადაგზეა ჩადენილი. მათ იგივე მოტივი უდევთ საფუძვლად, რაც მანამდე ბერძნებსა და სხვა ქრისტიანებზე მომხდარ თავდასხმებს ჰქონდათ,“ აცხადებს გაზეთების  „რადიკალის“ და „თუდეის ზამანის“ ჟურნალისტი ორჰან ქემილ ჩენგიზი. „ვფიქრობ, რომ ქრისტიანებში შიშის დათესვით ვიღაცები ცდილობენ თურქეთში ის ქაოტური ატმოსფერო დააბრუნონ, რომელიც  ჰრანტ დინკის მკვლელობამდე სუფევდა.“

ჰრანტ დინკი, ეთნიკურად სომეხი ჟურნალისტი, 2007 წელს ახალგაზრდა თურქმა ნაციონალისტმა მოკლა, რადგან ის ანკარის პოზიციას სომეხთა გენოციდის არ აღიარების გამო ხშირად აკრიტიკებდა. მკვლელობით გამოწვეული საზოგადოებრივი მღელვარება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მას თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებში მომუშავე მაღალჩინოსანთა გათავისუფლებების ტალღა მოჰყვა, თუმცა ანალიტიკოსების თქმით ექსტრემისტული ნაციონალიზმის წახალისება კვლავაც მიმდინარეობს.

„ასეთი ინციდენტები კარგად გათვლილი გეგმის ნაწილია და მათი ფესვები ღრმადაა წასული. თურქეთის სახელმწიფომ უნდა მოუაროს ასეთი ტიპის კრიმინალს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეული სომეხი ინდივიდების სიცოცხლე შეინარჩუნოს, არამედ იმიტომ რომ თავისი ძალაუფლება გააძლიეროს,“ აცხადებს „ლიბერალ მოაზროვნეთა ასოციაციის“ პოლიტიკური ანალიტიკოსი და გაზეთ „სთარის“ ჟურნალისტი ბერატ ბექირ ოზიპეკი.

ალინე ოზინიანი სტუდენტ-ასპირანტია ერევანში.

 

As coronavirus sweeps the globe, IWPR’s network of local reporters, activists and analysts are examining the economic, social and political impact of this era-defining pandemic.

VIEW FOCUS PAGE >