Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

თურქეთის საპროტესტო აქციებმა აზერბაიჯანი გამოაფხიზლა, მაგრამ ვერ გამოაღვიძა

სხვადასხვა პოლიტიკური გარემოებების გამო აზერბაიჯანელები ქუჩაში გამოსვლისაგან თავს იკავებენ.
By Shahla Sultanova
  • გრაფიტი სტამბოლის ერთ-ერთ კედელზე: „გეზი, ბაქო შენთანაა“ (ფოტო: არზუ გეიბულაევა)
    გრაფიტი სტამბოლის ერთ-ერთ კედელზე: „გეზი, ბაქო შენთანაა“ (ფოტო: არზუ გეიბულაევა)

თურქეთის მასობრივმა პროტესტებმა აზერბაიჯანელებში განსაკუთრებით ძლიერი გრძნობები გააღვივა, ზოგს იმის სურვილიც კი გაუჩნდა, რომ მსგავსი რამ მათ ქვეყანაშიც იყოს შესაძლებელი.

პარალელები თვალნათელია – თურქეთს და აზერბაიჯანს დიდი ხნის კულტურული და ლინგვისტური კავშირები გააჩნიათ,  ამჟამად ისინი ასევე პოლიტიკური მოკავშირეებიც არიან. თურქეთის პრემიერ მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მისი ოპონენტები ავტოკრატად მიიჩნევენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი მზადაა ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს.

ალიევისადმი ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებში სტამბულში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი აღტაცება და გარკვეულწილად შურიც კი გამოიწვია. ისინი მანამდე შორიდან ადევნებდნენ თვალს საპორტესტო გამოსვლებს ირანში – 2009 წელს, რუსეთში – 2011 წელს, საქართველოში – გასულ წელს და სულ ნატრობდნენ, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი ყოფილიყო მათ ქვეყანაშიც.

„იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობა, აზერბაიჯანი მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენით აღტაცებულია,“ – აცხადებს ბაქოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არასტუნ ორუჯლუ.

თურქეთში დემონსტრაციებმა აზრბაიჯანელებზე უფრო სწრაფი გავლენა იქონია, ნაწილობრივ კულტურული სიახლოვის და ნაწილობრივ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, რომელშიც ოპოზიციური ჯგუფები უფრო დიდი შემართებით იმედოვნებენ ჩართვას ვიდრე ოდესმე.

ფეისბუკის აზერბაიჯანელი მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ ახალ ამბებს, ფოტოებს და ვიდეოებს სტამბოლის საპროტესტო აქციის მსვლელობის შესახებ. მიტინგი, რომელიც თავიდან დაიწყო როგორც გეზი პარკის რეკონსტრუქციის საწინააღმდეგო გამოსვლა, მოგვიანებით ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა და ისეთ საკითხებს შეეხო როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და მზარდი ისლამისტური ტენდენციები.

სტამბულში ბევრი აზერბაიჯანელი სწავლობს და მუშაობს, ზოგიერთი მათგანი საპროტესტო აქციას შეუერთდა და ბანერებზე თავისი წარწერებიც დატოვა: „ბაქო შენთანაა, გეზი,“ „ალიევ, ახლა შენი ჯერია.“

ბაქოს „არჩევნების მონიტორინგის და დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ანარ მამადლი თურქეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, როცა გეზი პარკის გამოსვლები დაიწყო. ამის გამო, მან თავისი სტამბოლში ვიზიტი გააგრძელა და აქტიურად ჩაერთო საპროტესტო აქციებში.

მამადლი აღიარებს, რომ ის შურის მაგვარმა გრძნობამ შეიპყრო როცა მან ნახა, თუ რამდენად კარგად იყო ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები მის ქვეყანასთან შედარებით.

„ეს იმიტომ, რომ სრული მდუმარებაა, აზერბაიჯანში არ არსებობს პოლიტიკური კრეატიულობა ან დინამიზმი,“ – აცხადებს მამადლი. „ჩვენთან ხალხთა დიდი მასები ერთად არ იკრიბება … ჩვენი დემონსტარაციები ხალხთა მცირე ჯგუფების პროტესტით შემოიფარგლება. თუნდაც გავიხსენოთ შარშანდელი ჯარისკაცების სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქცია, რომლის მიზეზი უფრო ეროვნული მასშტაბის უკმაყოფილება იყო ვიდრე პოლიტიკური საკითხი, მაინც ვერ მოხერხდა სხვადასხვა სუბკულტურების წარმომადგენელთა გაერთიანება.“ (იხილეთ სტატია: ჯარისკაცის სიკვდილმა აზერბაიჯანელები აღაშფოთა.)

სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტი ჯავიდ აღა საპროტესტო აქციებს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა. მასაც იგივე ეჭვები აქვს აზერბაიჯანში მსგავსი ხასიათის აქციის მოწყობასთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანში საპროტესტო დემოსტრაციები უფრო პარტიულ თავყრილობებს ჰგავს ვიდრე პროტესტის გამოსახატავად შეკრებილი ხალხის გამოსვლას; აზერბაიჯანელი მომიტინგეები არ არიან აპოლიტიკურები, ისინი პოლიტიკური პარტიების წევრები არიან. მე აპოლიტიკური პროტესტი მაინტერესებს, ისეთი სადაც არ არის პოლიტიკური ძალების ინტერესები, ისეთი როგორიც იყო თურქეთის გამოსვლები,“ – ამბობს სტუდენტი.

პრეზიდენტი ალიევი ხელისუფლებას 2003 წელს ჩაუდგა სათავეში და დარწმუნებულია რომ კვლავაც შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაში ადანაშაულებენ, თუმცა 21 ივნისს ბრიუსელში გამართულ პრესს-კონფერენციაზე ალიევმა უარყო მათი დაკავება.

მაისის ბოლოს აზერბაიჯანის წამყვანი ოპოზიციური პარტიები „სახალხო ფრონტი“ და „მუსავატი“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდნენ და მათი აქტივობების კოორდინაციის მიზნით ჩამოაყალიბეს ეროვნული საბჭო.

7 ივნისს გამართულ შეკრებაზე „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა ალი ქერიმლიმ ხალხს მოუწოდა ეროვნული საბჭოს მხარდაჭერისკენ.

„ჩვენ უფრო მეტი ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ მათი ყოფნა გვესაჭიროება მაშინ, როცა პროტესტს გამოვხატავთ და როცა ჩვენი სათქმელის თქმას ვცდილობთ,“ აცხადებს ის.

ორუჯლუ ეჭვობს, რომ ოპოზიციას ხალხის დიდი მასის გაერთიანება შეუძლია. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნების საპროტესტო განწყობა აზერბაიჯანის ქუჩებში ვერ გადმოინაცვლებს.

„აზერბაიჯანის მოსახლეობა არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ ან ოპოზიციას ან მმართველ ძალას ჰყავს საკმაო მხარდამჭერები,“ – აცხადებს ორუჯლუ. „მათ უნდა მოიპოვონ ხალხის ნდობა. ეს ჯერ არ მომხდარა. ამიტომ ძნელი სათქმელია იქნება თუ არა რაიმე სახის საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებამდე.“

ქერიმლი უარყოფს, რომ პოლიტიკური აქტივობის ნაკლებობის მიზეზი აპათიაა. მისი აზრით, მიზეზი პოლიტიკური რეპრესიებია.

„არსებული ტოტალიტარული სისტემის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა წარმოუდგენელია. ამიტომ თუ აზერბაიჯანელები ვერ გამოხატავენ თავის თავს ისე თავისუფლად, როგორც ეს თურქეთსა და ევროპულ ქვეყნებში ხდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს არ შეუძლიათ. ან როგორ შეძლებენ, თუ მათ საკუთარ სახლებში აპატიმრებენ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო?“ ამბობს ქერიმლი.

შაჰლა სულთანოვა თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში