დამუხტული სომხეთი

პოლიციის ჩარევის შედეგად ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა.

დამუხტული სომხეთი

პოლიციის ჩარევის შედეგად ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა.

Demonstration in Yerevan against the electricity price hike. This is an early one on May 27, 2015. (Photo: Photolur agency)
Demonstration in Yerevan against the electricity price hike. This is an early one on May 27, 2015. (Photo: Photolur agency)

სომხეთში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მიზეზით დაწყებული საპროტესტო აქცია საკმაოდ ხანგრძლივ და მტკიცე მოძრაობაში გადაიზარდა. ადგილზე საპოლიციო შენაერთების გამოჩენამ საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გააძლიერა. ხელისუფლება ჯერჯერობით უკან დახევის და ლოდინის პოლიტიკას ირჩევს.

ერევანი და სომხეთის სხვა ქალაქები კვირაზე მეტია მოიცვა დემონსტრაციებმა, მსვლელობებმა და მჯდომარე აქციებმა. ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღა დაცხრომას არ აპირებს. მსგავსი დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ამჯერად მასშტაბი განსხვავებულია.

პოლიცია სიტუაციაში 23 ივნისს ჩაერია, რის შემდეგაც მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა და ერევნის ქუჩებში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა.

საპროტესტო მოძრაობა სახელწოდებით „არა ძარცვას“ 19 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ რაც ორი დღით ადრე, სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის გაძვირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სომხეთში ელექტრომომარაგებას მონოპოლისტი კომპანია „რაოესის“ შვილობილი, „სომხეთის ელექტროხაზები“ უზრუნველყოფს.

ერევანში თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის ხუთასამდე მონაწილე პრეზიდენტის სასახლის ბოიკოტირებას აპირებდა, რისი მცდელობა ჰქონდათ კიდეც 22 ივნისს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავდა, თუმცა აქციის მონაწილეები მაინც არ დაიშალნენ და ღამე ბაღრამიანის გამზირზე გაატარეს.

იმავე საღამოს, პრეზიდენტმა სარგსიანმა აქციის სამ ან ოთხ მონაწილესთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, რაზეც უარი მიიღო. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ ლიდერები არ ჰყავდათ და პრეზიდენტი ყველას უნდა დალაპარაკებოდა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას „არა ძარცვას“ აქტივისტმა არტუშ ჩიბუჰიანმა. „ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, ელექრტოენერგიის გაძვირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.“

23 ივნისს, დილით, პოლიციამ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული თანამშრომლების დახმარებით, წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით აქცია დაშალა. დააკავეს დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, ოცამდე ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

22 ივნისს ღამით, პოლიციამ ასევე წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა კიდევ ერთი მიტინგი ქალაქ გიუმრიში და იქაც ათზე მეტი ადამიანი დააკავა.

სომხეთში ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის საელჩოებმა, ევროკავშირის დელეგაციამ, Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება. სომხეთის ომბუდსმენმა კარენ ანდრეასიანმა მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი დარბევის ფაქტზე საკუთარი გამოძიება წამოიწყო.

სომხეთის პოლიციის უფროსის ვლადიმირ გასპარიანის განმარტებით, ძალის გამოყენება არ იყო გადაჭარბებული და ის აუცილებელი გახდა ქუჩების გასათავისუფლებლად. მან ბოდიში მოუხადა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მიტინგის დაშლის დროს დაშავდნენ, დააკავეს ან აპარატურა დაუზიანეს და შიდა გამოძიების ჩატარებას დაჰპირდა.

„პოლიციის ქმედებები იყო ადეკვატური და შედეგად არც დაზიანებები ყოფილა ისეთი სერიოზული, როგორც ადრე“, – განუცხადა მან Gala TV-ს. „იქ სადაც იყო შეცდომები, მომავალში გამოვასწორებთ.“

პოლიციის ჩარევის შედეგად გამოსვლები ერევანსა და გიუმრიში განახლდა. დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ადამიანების რიცხვმა რამდენიმე ათასს მიაღწია. 23 ივნისს საღამოს, რამდენიმე ათასმა მონაწილემ თავისუფლების მოედნიდან ბაღრამიანის გამზირზე გადაინაცვლა და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

სოციალურ მედიაში ჰეშტეგი #ElectricYerevan ელვისებური სისწრაფით გავრცელდა.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ზომების გატარებისგან თავი შეიკავა.

„ვფიქრობ, რომ 23 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალადობრივი მეთოდებით მოქმედება არაეფექტურია, რადგანაც შედეგად ქუჩაში უფრო მეტი ხალხი გამოვიდა,“ – განაცხადა ერევანში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პოლიტოლოგმა სერგეი მინასიანმა ჩვენთან საუბრისას. „ამიტომაც მომდევნო დღეებში პოლიცია სულ სხვაგვარად იქცეოდა.“

25 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა ელექრტოენერგიის ფასზე გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, მაგრამ სუბსიდირებას გაუწევდა 105 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს.

მინასიანი აღნიშნავს, რომ სახალხო პროტესტს არ აქვს არანაირი კავშირი სომხურ ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია სიტუაცია შეიცვალოს. ის ასევე ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ წავა რაიმე მნიშვნელოვან დათმობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს შეიკავებს ძალის გამოყენებისგან.

„ამჟამად ხელისუფლება ცდილობს მოიგოს დრო,“ – განაცხადა მან. „ის დაელოდება დაძაბულობის ჩაცხრობას, ვიდრე საპროტესტო მუხტი საბოლოოდ ძალას არ დაკარგავს. ამ შემთხვევაში, დრო ხელისუფლების მხარეს იქნება.“

ალინა ვარდანიანი სომეხი ჟურნალისტის ფსევდონიმია.

 

Armenia
Frontline Updates
Support local journalists