Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანში ცნობილი უფლებადამცველი დაკითხეს

„სომხური შპიონაჟის“ ქსელი იზრდება. ლეილა იუნუსი აეროპორტში დააკავეს.
By Sevinj Telmanqizi
  • აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი (ფოტო: აფგან მუხტარლი)
    აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი (ფოტო: აფგან მუხტარლი)

ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი აქტივისტი ლეილა იუნუსი ბაქოს აეროპორტში დააკავეს და დასაკითხად წაიყვანეს. შეკითხვები შეეხებოდა მის კავშირებს რაუფ მირკადიროვთან, რომელიც შპიონაჟის ბრალდებით არის დაკავებული.

29 აპრილს, პროკურატურის გამომძიებლები ლეილა იუნუსს, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორს“ რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

იუნუსის თქმით, შეკითხვები მხოლოდ რაუფ მირკადიროვს ეხებოდა. ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთის ხელისუფლების მიერ ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც მას ბრალი წაუყენეს და დააპატიმრეს. მირკადიროვის საქმესთან დაკავშირებით იხილეთ ზერბაიჯანელ ჟურნალისტს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებენ.

„მე ვუთხარი, რომ დიახ ჩვენ მეგობრები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობაც გვაქვს“, – განუცხადა იუნუსმა ჟურნალისტებს და იქვე აღნიშნა, რომ მისთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ. პროკურატურა მას ბაქოდან გაუსვლელობის ხელწერილის დადებას სთხოვდა, თუმცა იუნუსმა საბუთზე ხელი არ მოაწერა.

იუნუსი თავის მეუღლესთან, არიფ იუნუსთან ერთად 28 აპრილს, საღამოს ბაქოს აეროპორტში დააკავეს. წყვილი აეროპორტში საინფორმაციო სააგენტო „თურანის“ ხელმძღვანელმა მეჰმედ ალიევმა მიიყვანა, რომელიც ამბობს, რომ ისინი იქ საღამოს ათი საათისთვის მივიდნენ.

„მათთან ერთად იყვენენ საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი და ამერიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულიც. ისინი ბრუსელში იყვნენ მიწვეულები და იქ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ, მაგრამ საპასპორტი კონტროლის დროს მათ პასპორტები ჩამოართვეს და უთხრეს, რომ ქვეყანას ვერ დატოვებდნენ“, – გვიყვება ალიევი. „დიპლომატები ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ესაუბრნენ და ამის შემდეგ მათ პასპორტებში შტამპები ჩაურტყეს და უთხრეს, რომ გაფრენა შეეძლოთ. თუმცა, მერე ისევ დააკავეს. სადღაც დაახლოებით 11:15 წუთი იქნებოდა ლეილამ დამირეკა და მითხრა, რომ ოთხი ადამიანი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, მათ ჩემოდნებს ჩხრეკდნენ და რომ ჩხრეკა მათ სახლშიც და ოფისშიც უნდა ჩატარებულიყო“.

არიფ იუნუსი ცუდად გახდა და ის ქალაქის საავდმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმების თქმით, მას მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდა.

ბინაში დაბრუნებულმა ლეილა იუნუსმა ჩხრეკაზე თავისი ოთხი მეგობრის დასწრება მოითხოვა.

„ოთხი ოთახი მაქვს, ამიტომ თითო ოთახში თითო ადამიანი მაინც უნდა იყოს, ნარკოტიკი ან სხვა რამე რომ არ ჩამიდონ“, – განუცხადა მან იქ მყოფ ჟურნალისტებს.

როცა ლეილა იუნუსმა საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა, მას მეზობლის ბინაში გასვლის უფლება მისცეს, თუმცა თან პოლიციელიც გააყოლეს.

„სამარცხვინოა, როგორ შეუძლიათ ადამიანის ასე დამცირება? 60 წლის ქალი ვარ და პოლიციელი თავზე მადგა სანამ ტუალეტში ვიჯექი“, – უთხრა სახლში დაბრუნებულმა ქალმა ჟურნალისტებს.

ბოლოს და ბოლოს, პოლიციელებმა კომპიუტერის მყარი დისკი და სხვადასხვა დოკუმენტები წაიღეს.

29 აპრილს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იუნუსის დააკავება დაადასტურა. განცხადების მიხედვით, ლეილა და არიფ იუნუსები პროკურატურაში არაერთგზის დაიბარეს, როგორც წერილობითი ისე სატელეფონო შეტყობინების სახით. მიუხედავად ამისა, ისინი დაკითხვაზე არ გამოცხადნენ.

„28 აპრილს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, ლეილა და არიფ იუნუსები, სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენელი დიპლომატების ხელშეწყობით, მივიდნენ ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში ქვეყნის დატოვების მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. „გამოძიებისთვის თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვების მათი მცდელობა… აღკვეთილია“.

იუნუსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მისი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის აქტიურობის შეწყვეტას ცდილობს.

„მე ვამბობ, რომ აზერბაიჯანში არიან პოლიტიკური პატიმრები, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი ამბობს, რომ არაო. მე, იმ ადამიანების უფლებებს ვიცავ, რომლებმაც სახლები დაკარგეს“, – „ახლა ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორცილებენ; მათ ნამუსი არ გააჩნიათ. ჩემი ქმარი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ მე მათ მაინც ვამხელ. ვერაფერი შემაშინებს“.

საფრანგეთის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, 28 აპრილს ლეილა იუნუსს ოთხწლიანი ვიზა გაეცა.

ხელისუფლების მომხრე პარლამენტარები ამბობენ, რომ იუნუსის დაკითხვას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და მიიჩნევენ, რომ მისი კავშირები საფრანგეთთან საკმაოდ საეჭვოა, თუმცა არ განმარტავენ რატომ.

„ის ფაქტი, რომ აქტივისტ ლეილა იუნუსს და მის მეუღლე არიფს გრძელვადიანი ვიზა მისცეს და აეროპორტშიც უცხოური საელჩოების წარმომადგენლები ახლდნენ, ბევრ შეკითხვას წარმოშობს“, – აცხადებს მმართველი იენი აზერბიაჯანის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მუბარიზ გურბანლი ჟურნალ Trend-თვის მიცემულ ინტერვიუში.

გურბანლის საეჭვოდ მიაჩნია ისიც, რომ იუნუსი მირკადიროვს იცავს და გვეკითხება: „რატომ აქცევენ ამ ამბავს ამხელა ყურადღებას, ხმაურს ტეხენ და არ ელოდებიან გამოძიების შედეგებს?“

ძალაში რჩება პროკურატურის მიერ მირკადიროვისთვის წაყენებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც ის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გადასცემდა ლაურა ბაგდასარიანს, სომხეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს. მირკადიროვის ადვოკატი ფუად აგაევი მისი კლიენტის მიმართ შპიონაჟისთვის წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

Ayna-Zerkalo-ს მთავარი რედაქტორი ელჩინ შიხლი თავისი თანამშრომლის დაკავებაზე აცხადებს: „სახელმწიფო საიდუმლოების  გამჟღავნება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მათზე ხელი მიუწვდება. რაუფი არ იყო სახელმწიფო მოხელე და არც ის, ვისაც საიდუმლოებაზე მიუწვდებოდა ხელი, ასე რომ ეს ყველაფერი სრულიად გაუგებარია ჩემთვის“.

სევინჯ თელმანქიზი გაზეთ „იენი მუსავათის“ რეპორტიორია აზერბაიჯანში.