Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანში ოპოზიციის ორი ლიდერი დააკავეს

დაკავებულების თქმით ბრალდებები მათ წინააღმდეგ შეთითხნილია და კავშირი ქალაქ ისმაილიში მომხდარ სამოქალაქო პროტესტთან უსაფუძვლოა.
By Shahla Sultanova
  • ილგარ მამედოვი დაკავების დღეს მიჰყავთ პოლიციის მანქანით (ფოტო: აზიზ კარიმოვი)
    ილგარ მამედოვი დაკავების დღეს მიჰყავთ პოლიციის მანქანით (ფოტო: აზიზ კარიმოვი)
  • ტოფიგ იაქუბლუ, პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე (ფოტო: აზიზ კარიმოვი)
    ტოფიგ იაქუბლუ, პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე (ფოტო: აზიზ კარიმოვი)
  • 23-24 იანვარს ღამით ქალაქ ისმაილიში სასტუმროსთან დემონსტრანტების მიერ დამწვარი მანქანები (ფოტო: შაჰლა სულთანოვა)
    23-24 იანვარს ღამით ქალაქ ისმაილიში სასტუმროსთან დემონსტრანტების მიერ დამწვარი მანქანები (ფოტო: შაჰლა სულთანოვა)

აზერბაიჯანული ოპოზიციის ორ ლიდერს, რომელთაგან ერთ-ერთი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, ბრალად ქალაქ ისმაილიში არეულობის ორგანიზება ედება. ილგარ მამედოვის და ტოფიგ იაქუბლუს მხარდამჭერთა განცხადებით, ისმაილიში ადგილობრივთა პროტესტი გამოწვეული იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებით და დაკავებულებს მასთან არანაირი კავშირი არ აქვთ – ყველაფერი ხელისუფლების მოგონილია.

მამედოვი, მოძრაობა „რეალის“(რესპუბლიკური ალტერნატივა) თავმჯდომარე და იაქუბლუ, პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე, 4 თებერვალს დააკავეს და ბრალიც წაუყენს. იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრალეულობა დამტკიცდება მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

არეულობა ქალაქ ისმაილიში მას შემდეგ დაიწყო რაც 23 იანვარს, საღამოს, სასტუმროს მეპატრონე ემილ შამსადინოვსა და ტაქსის მძღოლს შორის ჩხუბი მოხდა. სასტუმროსთან შეკრებილმა გაცხარებულმა ხალხმა ცეცხლი სასტუმროს მეპატრონის მანქანებს წაუკიდა, რის შემდეგ ალი შენობასაც მოედო. ამის შემდეგ, დემონსტრანტებმა რაიონის გამგებლის შვილის, ნიზამი ალეკპეროვის, სახლთან გადაინაცვლეს, რომელიც მათი აზრით სასტუმროს მეპატრონის თანამზრახველი იყო.

აქციის მონაწილეებმა IWPR თან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყო ის, თუ როგორ იმართებოდა მათი ქალაქი. (იხილეთ სტატია: აზერბაიჯანი: ადგილობრივთა ჩივილი აგრესიულ პროტესტში გადაიზარდა)

ისმაილიში არეულობის დაწყებიდან რამდენიმე საათში იქ ტოფიგ იაქუბლუ ჩავიდა, ხოლო მეორე დღეს ქალაქს ილგარ მამედოვიც ეწვია. ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და ქალაქში ერთ საათზე ნაკლები დაჰყვეს.

24 იანვარს, აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ელდარ სულთანოვმა განაცხადა, რომ არეულობის დაწყებიდან მეორე დღეს ორი ადამიანის წაქეზებით ადგილობრივებმა გადაკეტეს გზა და წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას.

„რადგან გამოძიებამ აჩვენა, რომ ისმალიში დაძაბულობა მათ გამოიწვიეს და ხალხიც მათ წააქეზეს ძალადობისკენ, ისინი უნდა დაისაჯონ,“ ამბობს ის.

მამედოვის ადვოკატი, ხალიდ ბაგიროვი, აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია.

„ის ქუჩაში გაესაუბრა ჟურნალისტებს და რამდენიმე მოქალაქეს. ეს იყო და ეს. არეულობა უკვე დამთავრებული იყო, მანქანებიც და სასტუმროც მათ ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაწვეს,“ ამბობს ის. „ეს არის შეთითხნილი ბრალდებები. მათ ილგარ მამედოვის დაჭერა უნდოდათ და ასეც მოიქცნენ.“

მამედოვმაც და იაქუბლუმაც ისმაილიში ყოფნის შთაბეჭდილებები ფეისბუკით გაავრცელეს, თუმცა არეულობა ორივემ დაგმო. ერთ-ერთ პოსტში მან დაწერა, რომ  პრობლემის საწყისი კორუფცია და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაა.

„ადგილობივ მოსახლეობასთან საუბრისას ხედავ, რომ ხალხს ყელში ამოუვუდა,“ წერს ის.

ტოფიგ იაქუბლუს ადვოკატის, აკიფ ალიზადეს თქმით მისი კლიენტი დარწმუნებულია, რომ მისი დაკავება „მუსავათში“ საქმიანობას უკავშირდება.

„მისი დაპატიმრება უკანონოა და ის პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ მას უმოკლეს დროში გავასაჩივრებთ,“ აცხადებს ალიზადე.

„მუსავათის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე თურალ აბასილი იზიარებს იმ აზრს, რომ იაქუბლუს დაკავება პოლიტიკას უკავშირდება.

„ხელისუფლებას სურს დაარწმუნოს აზერბაიჯანული და საერთაშორისო საზოგადოება…, რომ ისმაილის პროტესტი სინამდვილეში იყო არა ადგილობრივი მოსახლეობის ინიცირებული, არამედ „მუსავათის“ მიერ წაქეზებული. ამას გარდა, იაქუბლუ მნიშვნელოვანი ფიგურაა პარტიაში,“ – ამბობს თურალ აბასილი. „მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ამით ხელისუფლება გვაიძულებს ჩვენი ყურადღება ამ ამბავზე გადავიტანოთ და ნაკლები დრო დავუთმოთ საარჩევნო კამპანიას.“

„მუსავათი“ დიდი ხნის პარტიაა, მისგან განსხვავებით „რეალი“ შედარებით ახალი მოძრაობაა, ის 2009 წელს დაარსდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზდრებს შორის.

გასული წლის ზაფხულში „რეალში“ განაცხადეს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს ილჰამ ალიევს თავის კანდიდატს დაუპირისპირებდნენ. ამ კანდიდატად მამედოვი მოიაზრებოდა და მისი ოფიციალური წარდგინება 9 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა დაპატიმრების გამო ის გადაიდო.

„რეალის“ მმართველი საბჭოს წევრის ერიკ გადირლის თქმით მიუხედავად იმისა, რომ მამედოვი დაპატიმრებულია, ის არ შეწყვეტს მზადებას არჩევნებისთვის.

„სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ ისმაილის პროტესტი არასწორად შეაფასა. მას არაფერი ჰქონდა საერთო არც მამედოვთან და არც „რეალთან“. არეულობა ხალხის გაბრაზებამ და გაუბედურებამ გამოიწვია. ხელისუფლებამ თავის თავს დააბრალოს რაც მოხდა,“ – ამბობს ერიკ გადირლი. „როგორც პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილეს, ილგარ მამედოვს ჰქონდა სრული უფლება ჩასულიყო ისმაილიში და სიტუაციას ადგილზე გაცნობოდა,“- დასძინა მან.

გადირლის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს.

„მათ უნდათ, რომ ჩვენ მხარდამჭერები დავკარგოთ. მაგრამ აზერბაიჯანულ საზოგადოებას ვეღარ დააშინებ,“ – თქვა მან.

„მუსავათში“ უკვე განაცხადეს, რომ პარტიის ლიდერი იზა გამბარი იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.

„მუსავათი“ და „რეალი“ კონკურენტებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ ახლა ისინი ერთიანი ძალებით გეგმავენ აქციების გამართვას თავიანთი ლიდერების დაპატიმრების გასაპორტესტებლად. სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც აპირებენ შეუერთდნენ მათ.

„ეს დაკავებები აღელვებს მთლიანად საზოგადოებას. ხელისუფლებამ ვერ გააანალიზა სიტუაცია. ის ვერ ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა,“ ამბობს გადირლი.

შაჰლა სულთანოვა არის თავისუფალი ჟურნალისტი აზერბაიჯანში