Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა

2008 წლის შემდეგ მონაცემები გაოთხმაგდა, რაც მეტწილად სოციალურ პრობლემებსა და უსამართლობას უკავშირდება.
By Afgan Mukhtarli
  • იადიგარ სადიგოვი, ოპოზიციური პარტია მუსავათის თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი (ფოტო მოწოდებულია იადიგარ სადიგოვის მიერ).
    იადიგარ სადიგოვი, ოპოზიციური პარტია მუსავათის თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი (ფოტო მოწოდებულია იადიგარ სადიგოვის მიერ).
  • დაიანათ რზაევი, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ცენტრის ფსიქოლოგი (ფოტო მოწოდებულია დაიანათ რზაევის მიერ).
    დაიანათ რზაევი, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ცენტრის ფსიქოლოგი (ფოტო მოწოდებულია დაიანათ რზაევის მიერ).
  • თურგუთ გამბარი, ორგანიზაცია ნიდას საბჭოს წევრი (ფოტო მოწოდებულია თურგუთ გამბარის მიერ).
    თურგუთ გამბარი, ორგანიზაცია ნიდას საბჭოს წევრი (ფოტო მოწოდებულია თურგუთ გამბარის მიერ).

აზერბაიჯანში თვითმკვლელობათა შემთხვევების გაზრდით შეშფოთებული ექსპერტები თვლიან, რომ ეს არ არის მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული ეკონომიკური კრიზისის ბრალი. 

გასულ წელს თვითმკვლელობის 535 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 397-ით არის გაზრდილი, აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კამალა ტალიბოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში ოთხმოცდათოთხმეტმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, თექვსმეტს კი ჰქონდა მცდელობა.

სტატისტიკური მონაცემები არ მოიცავს ბაქოსა და განსაკუთრებით აზერბაიჯანის რეგიონებში მომხდარ ყველა ფაქტს, რადგან ხშირად ოჯახები თვითმკვლელობის შემთხვევებს არ ახმაურებენ და მათ აფიქსირებენ, როგორც ბუნებრივი მიზეზით დამდგარ სიკვდილს.  

„მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობების რაოდენობა ასე არის გაზრდილი, არ არსებობს სპეციალური სტრუქტურა, რომელიც მოახდენს ამ პრობლემის სერიოზულ კვლევას,“ – აცხადებს მოძრაობა რეალის ანალიტიკოსი სამირა გასიმლი.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მოქალაქეებს უამრავ სოციალურ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე, ხოლო დასაქმებულთა ხელფასები დაბალი.

საზოგადოების ფენებად დაყოფა იმდენად ძლიერია, რომ ერთი ნაწილი უმოწყალოდ ძარცვავს მეორეს

რიგით მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვა თებერვალსა და გასული წლის დეკემბერში ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც მოხდა აზერბაიჯანულ ნავთობზე ფასის ვარდნის და რუსეთში განვითარებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

თუმცა, გასიმლის აზრით, ყველაზე დიდ ზეწოლას საზოგადოება მაინც აზერბაიჯანის ავტორიტარული მმართველობის გამო განიცდის.

„ზოგადად, პრობლემის ძირი არის პოლიტიკური და ის სისტემას უკავშირდება,“ – განაცხადა მან. „სასამართლოს უსამართლობამ, პოლიციის უკანონობამ, სამოქალაქო ინსტიტუტების და მედიის განადგურებამ, ძლიერი ოპოზიციური ორგანიზაციების არარსებობამ ხალხი ხელისუფლების ძალაუფლების წინაშე უძლური გახადა.“  

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, აზერბაიჯანის სასამართლო სისტემა კორუმპირებულია, ცუდი მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, იზღუდება და ირღვევა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და ათეულობით ადამიანი ითვლება პოლიტიკურ პატიმრად. 

„ამის საფუძველზე ადამიანებს დაეკარგათ ნდობა, არ აქვთ ხვალინდელი დღის იმედი, ამას ემატება ისიც, რომ არ არსებობს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და არ არსებობს გარემო თვითრეალიზებისთვის, რაც სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს,“ – დასძენს გასიმლი.                   

თვითმკვლელობების შესახებ თითქმის ყოველდღიურად შუქდება მედიაში. 11 აპრილს, მაგალითად, ბაქოსა და მის შემოგარენში ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტალიბოვას განცხადებით, ხშირია თვითმკვლელობები ბავშვებს შორისაც. მისი ინფორმაციით, ამა წლის პირველ კვარტალში ექვსმა ბავშვმა მოიკლა თავი, 2013 წელს თვრამეტმა, 2015 წელს კი ოცდაცხრამ.

სოციალური წნეხი იზრდება

ორგანიზაცია ნიდას საბჭოს წევრი თურგუთ გამბარი აცხადებს, რომ კიდევ ერთ რისკის ჯგუფს ქმნიან ადამიანები, რომლებსაც დაუფარავი საბანკო ვალდებულებები აქვთ.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ხალხს განსაკუთრებით დიდ ტვირთად დააწვა დოლარში დაფიქსირებული საბანკო სესხების მანათში გადახდა.  

„ხალხი ვეღარ ფარავს მაღალპროცენტიან სესხებს, ვეღარ შოულობს სამსახურს, ვერ აწარმოებს ბიზნესს ისე, რომ ვინმე არ ჩაერიოს,“ – გვითხრა გამბარმა. „ასეთ პირობებში კი, ადამიანი, რომელიც ოჯახს და საკუთარ თავსაც ვეღარ უზრუნველყოფს, სამწუხაროდ, თვითმკვლელობას მიიჩნევს ერთადერთ გამოსავლად. 

„კრიზისი გადაიზარდა ტოტალურ უიმედობაში და იმის განცდაში, რომ მომავალი კიდევ უფრო უარესი იქნება, ეს კი ადამიანებს აიძულებს, რომ დანებდნენ.“ 

პარტია მუსავათის თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი იადიგარ სადიგოვი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ თვითმკვლელობები „ქვეყანაში შექმნილი ღრმა სოციალური და ეკონომიკური კრიზისის პარალელურად იზრდება.“

„ორი დევალვაციის შემდეგ, მოსახლოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუახლოვდა გაკოტრების დონეს,“ – დასძინა მან. „მათთვის შეუძლებელი გახდა ბანკების ვალების გადახა. არ არსებობს ხვალინდელი დღის იმედი, რასაც მივყავართ ასეთ უკიდურეს ზომებამდე.“

დაიანათ რზაევი, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ცენტრის ფსიქოლოგი, აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კრიზისი არის მხოლოდ აისბერგის წვერი. გაზრდილი თვითმკვლელობების მიზეზი უფრო ღრმად მიდის.

„თუ მას 1980-90-იანი წლების ბოლოს არსებულ მდგომარეობას შევადარებთ, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი არც ისეთი საგანგაშოა. იმ წლებში, ხალხი პირდაპირი გაგებით, პურს ვერ შოულობდა, მაგრამ თვითმკვლელობები იშვიათად ხდებოდა. ამიტომ, ეს არა სოციალური პირობების, არამედ სოციალური უსამართლობის ბრალია,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. 

„ერთია, როცა ქვეყანაში არის კრიზისი და ყველა ცუდად ცხოვრობს, ხოლო მეორეა, როცა საზოგადოების ფენებად დაყოფა იმდენად ძლიერია, რომ ერთი ნაწილი უმოწყალოდ ძარცვავს მეორეს,“ – დასძენს რზაევი. „როდესაც მაღალჩინოსნები კანონს არღვევენ, სასტიკად ექცევიან თავიანთ მოქალაქეებს, როდესაც უბრალო ადამიანს არ უტოვებენ გზას სამართლიანობის აღსადგენად, ასეთ ვითარებაში, საზოგადოება ვარდება დეპრესიაში და მისი ცალკეული წევრები თვითმკველობას მიიჩნევენ პროტესტის საბოლოო ზომად.“

აფგან მუხტარლი

 

More IWPR's Global Voices