Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანი ამკაცრებს კონტროლს ისლამური ლიტერატურის გავრცელებაზე

მორწმუნე მუსლიმანების თქმით აღმსარებლობის თავისუფლება საფრთხეშია.
By Shahla Sultanova
  • „ლეზგის“ მეჩეთი ბაქოში (ფოტო შაჰლა სულთანოვა)
    „ლეზგის“ მეჩეთი ბაქოში (ფოტო შაჰლა სულთანოვა)

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რელიგიური ხასიათის ლიტერატურაზე კონტროლი გაამკაცრა. შეზღუდვები შეეხო როგორც ადგილობრივად დაბეჭდილ ისე იმპორტირებულ ლიტერატურას. ოფიციალური ბაქოს ასეთი ქმედება განპირობებულია მზარდი სუნიტური რადიკალიზმით და მეზობელი შიიტურ-თეოკრატიული ირანის გავლენის გაძლიერებით. 

2011 წლის თებერვალში მიღებული შესწორებების მიხედვით იკრძალებოდა რელიგიური ხასიათის ლიტერატურის იმპორტირება, დაბეჭდვა და გავრცელება „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ სახელმწიფო კომიტეტის“ მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის გარეშე. ამა წლის 22 თებერვალს აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ განხორციელებული შესწორებების მიხედვით ყველა სახის რელიგიური ლიტერატურა, მათ შორის ვიდეო და აუდიო მასალაც, ნებართვის შტამპის მინიჭების შემდეგ სპეციალიზირებულ მაღაზიებში გაიყიდება. 

ბაქოს უნივერსიტეტის რელიგიის ისტორიის სპეციალისტის ალთაი გოიუშოვის განცხადებით სახელმწიფოს აღელვებს ისლამზე სხვადასხვა ქვეყნებიდან წამოსული მზარდი უცხოური გავლენა.

აზერბაიჯანი მუსულმანური სახელმწიფოა შიიტი უმრავლესობით. ისლამის აღორძინება ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს დაიწყო. ხელისუფლებას არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება იმის გამო, რომ თეირანი ცდილობდა თავისი გავლენის მოპოვებას აზერბაიჯანულ შიიტურ ჯგუფებში დამკვიდრებით. რაც შეეხება სუნიტ უმცირესობას, ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს მათ ერთ-ერთ ჯგუფს სალაფიებს, რომელთა იდეოლოგიაც არაბული სამყაროდან მომდინარეობს. 

„აზერბაიჯანში მორწმუნეთა ახალი თაობაა, ისინი ძალიან აქტიურები არიან,“ ამბობს ალთაი გოიუშოვი. „ხელისუფლებას მათი და მათზე (უცხოური) გავლენის გაკონტროლება სურს. ის ცდილობს ისლამი გახადოს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საკუთრება.“

ხელისუფლების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ისლამისტი ლიდერების ბრალდებები მაღალჩინოსანთა მიმართ ქვეყნის არასწორი მართვისა და კორუფციის გამო. 2011 წელს აზერბაიჯანის ისლამისტური პარტიის ლიდერი მოვსუმ სამადოვი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მან ილჰამ ალიევი შიიტებისათვის ყველაზე საძულველ პიროვნებას იაზიდ იბნ მუავიას შეადარა. [იაზიდ იბნ მუავიას ბრძანებით მოკლეს მუჰამედის შვილიშვილი ჰუსეინი, რამაც ბიძგი მისცა სუნიტებსა და შიიტებს შორის განხეთქილების წარმოშობას].

ისლამურ ლიტერატურაზე შეზღუდვებს ეწინააღმდეგებიან რელიგიური მოღვაწეები, მათ შორისაა ბაქოში მოქმედი „ლეზგის“ მეჩეთთან არსებული სუნიტური საზოგადოების თავმჯდომარე ფაიკ მუსტაფა. 

„ჩვენ, ლიტერატურა ისევე გვესაჭიროება, როგორც სხვებს,“ ამბობს ის. „შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტადაც გვჭირდება, რადგან ისლამი ძალიან რთული მეცნიერებაა. ჩვენს მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვენ მეჩეთში უბრალოდ სალაპარაკოდ არ ვიკრიბებით. ბევრი უნდა ვიკითხოთ რათა უკეთ შევისწავლოთ ისლამური წესები ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიცაა ქორწინება, საკუთრება, შემოსავალი და სხვა.რელიგიური ლიტერატურა ჩვენი საზოგადოების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ღერძია.“ 

ოპოზიციური პარტიის „ანა ვეტენის“ თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ზაჰიდ ორუჯი მხარს უჭერს კანონში შესატან ცვლილებებს, მათ შორის რელიგიური შინაარსის ლიტერატურის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას. თუმცა, მათ ეფექტურობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გააჩნია. 

„ინტერნეტის ხანაში შეუძლებელია რელიგიური ლიტერატურის კონტროლი,“აცხადებს ის. „ექსტრემიზმთან საბრძოლველად საჭიროა აზერბაიჯანელებს ვასწავლოთ რა არის ისლამი…და ამით ხელი შევუშლოთ ექსტემისტული ისლამური მიმართულებების ქვეყნის გარედან შემოჭრას.“ 

საპარლამენტო დებატები ასევე შეეხო ისლამის მიმდევართა გარეგნული იერსახის განხილავს. პარლამენტის ერთ-ერთი წევრის, ილჰამ ალიევის თქმით (ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის სეხნიაა) ის დასანახავად ვერ იტანს სალაფიებს, რომლებიც წვერებს და მოკლე შარვლებს ატარებენ, მისივე თქმით ეს ადამიანები უნდა გაირიყონ საზოგადოებიდან.

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა სალაფიების მიმართ არასათნადო მოპყრობის არაერთი ფაქტი დააფიქსირეს. გარდა იმისა, რომ მათ პოტენციურ ტერორისტებად მოიაზრებენ, ხელისუფლების უკმაყოფილებას ის ფაქტიც იწვევს, რომ სალაფიების საზოგადოება თავს არიდებს იმ სახელმწიფო სტუქტურაში რეგისტრაციას, რომელიც აზერბაიჯნელ მუსლიმანებს, შიიტებსა და სუნიტებს, აერთიანებს. 

34 წლის ემილ ჯაფარი, რომელსაც განათლება ქაიროს ალ-აზჰარის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, თვლის, რომ უსამართლოა ადამიანების შეურაცხყოფა გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო, მით უმეტეს თუ ის მათი რწმენის გამოხატულებაა. 

„ეს არც მოდაა და არც ისეთი რამ, რითაც გინდა რომ გამოირჩეული იყო, ეს ჩვენი რწმენის განუყოფელი ნაწილია,“ ამბობს ის. „აბსურდულია გარეგნული იერის გამო ჩვენი იზოლირება ან რაიმე სახის აკრძალვის შემოღება. ეს ერთგვარი უფლებების დარღვევაა.“

ბაქოს ერთ-ერთი მეჩეთთან, თვითნაკეთ დახლზე მოვაჭრე როვშენ მეჰრელიევი ერთ-ერთ იმათგანია, ვინც შეიძლება ისლამური ლიტერატურის გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდეს.

ახლაც კი, ამბობს ის, „მოდიან და წამდაუწუმ მიმოწმებენ ლიტერატურას. მე არაფერს ვყიდი ისეთს, რაც ჩემს ქვეყანას ზიანს მოუტანს.“

შაჰლა სულთანოვა თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში