ადამიანის უფლებათა საკითხებზე აზერბაიჯანის კრიტიკა გრძელდება

ადამიანის უფლებათა საკითხებზე აზერბაიჯანის კრიტიკა გრძელდება

ადამიანის უფლებათა საკითხებზე აზერბაიჯანის კრიტიკა გრძელდება

ადამიანის უფლებათა საკითხებზე აზერბაიჯანის კრიტიკა გრძელდება

Thorbjørn Jagland, Secretary-General of the Council of Europe. (Photo: Council of Europe)
Thorbjørn Jagland, Secretary-General of the Council of Europe. (Photo: Council of Europe)

ხელისუფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირებისთვის აკრიტიკებენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ 9 დეკემბერს ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველის ლეილა იუნუსის გათავისუფლებით შეძლებდნენ კრიტიკული დამოკიდებულების დაცხრომას, თუმცა ისინი შეცდნენ.

პირიქით, ამ ნაბიჯით აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების და ათობით პოლიტიკური პატიმრის – ჟურნალისტების, უფლებადამცველების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ყურადღება გაორმაგდა.

მშვიდობის და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი ლეილა იუნუსი თავის ქმართან, არიფ იუნუსთან ერთად 2014 წლის ივლისში დააპატიმრეს და ერთი წლის შემდეგ რვაწელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. თაღლითობისა და გადასახადებისაგან თავის არიდების მუხლით გამოტანილ განაჩენს, სინამდვილეში მისი, როგორც უფლებადამცველის საქმიანობა ედო საფუძვლად.

ციხეში ყოფნის დროს იუნუსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც მას, ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, პატიმრობა პირობითი სასჯელით შეეცვალა. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს ციხიდან ლეილა იუნუსის მეუღლეც.

ნავთობით მდიდარმა აზერბაიჯანმა 2002 წელს მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება და მას შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ მისი დარღვევის გამო. გასულ წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ 11 გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში – ცხრა.

თეორიულად, აზერბაიჯანს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას, ამ გადაწყვეტილებების აღსრულება ევალება, თუმცა პრაქტიკაში სიტუაცია სასურველ დონეზე არ არის.

რის გამოსწორებაც ახლა ცდილობენ ევროპის საბჭოში.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანში კანონი თვითნებურად სრულდება, განსაკუთრებით იმ მიზნით, რომ მოხდეს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმება და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა,“ – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა.

16 დეკემბერს, იაგლანდის ინიციატივით დაიწყო ოფიციალური მოკვლევა იმ მიზნით, რომ მოხდეს აზერბაიჯანის მხრიდან კონვენციის შესრულების საკითხის შესწავლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაგლანდმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, 2009 წლიდან, ამ ზომას მიმართა.

„განსაკუთრებით მაშფოთებს, რომ ადამიანებს იმ მიზეზით ეზღუდებათ თავისუფლება, რომ ქვეყნის ხელისუფლება უფლებამოსილებას ამეტებს, რაც დამტკიცდა კიდეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ილგარ მამადოვის საქმის განხილვის დროს, – განაცხადა იაგლანდმა. „ეს არის კონვენციის ძალიან სერიოზული დარღვევა.“

მამადოვი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივის“ (რეალი) ლიდერია. 2014 წლის მარტში მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის და მისი თანამოპასუხე, პარტია „მუსავათის“ ლიდერი ტოფიგ იაქუბლუ, დამნაშავედ სცნეს ქალაქ ისმაილიაში 2013 წლის იანვარში არეულობის მოწყობაში. არცერთი მათგანი იმ დროს ქალაქ ისმაილიში არ იმყოფებოდა (აზერბაიჯანში ოპოზიციის ორი ლიდერი დააკავეს).

მამადოვის დამნაშავედ ცნობიდან ორი თვის შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დაპატიმრების რეალური მიზეზი იყო ბატონი მამადოვის გაჩუმება მხოლოდ იმიტომ, რომ ის აკრიტიკებდა მთავრობას და აქვეყნებდა ინფორმაციას, რომლის დაფარვასაც ცდილობდა ხელისუფლება,“ – წერია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2014 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს მამადოვისთვის 22 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

მიხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გადაიხადა კომპენსაცია, ის იგნორირებას უკეთებს ევროპის საბჭოს და სხვა ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს და მამადოვს ციხიდან არ ათავისუფლებს.

მამადოვი ციხეში რჩება, სადაც ის ოქტომბერში სასტიკად სცემეს. მისი სახელი ნახსენებია, გაეროს მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც აზერბაიჯანის საპატიმროებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება. ანგარიში 9 დეკემბერს გამოქვეყნდა, იმ დღეს, როცა ლეილა იუნუსი გაათავისუფლეს ციხიდან.

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის განცხადებით, მათ „განსაკუთრებით აშფოთებთ“, რომ აზერბაიჯანის იზოლატორებში წამების ასობით შემთხვევის მიუხედავად, ამის გამო 2010-2015 წლებში არცერთი პირი არ დასჯილა. კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ აზერბაიჯანის სახელისუფლებო პარტია „წამების და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.“

როგორც მამადოვის ადვოკატმა ფუად აგაევმა Contact.az-ს განუცხადა, მისი კლიენტის სააპელაციო საჩივარი ოქტომბერში ხელახლა განიხილა უზენაესმა სასამართლომ, რის შემდეგაც ის გადაიგზავნა შეკის სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქმის მოსმენა თებერვლის ბოლოსთვის დაიგეგმა.

მამადოვის მსგავსად, იაქუბლუც 2013 წლის იანვარში, ქალაქ ისმაილიში არეულობის მეორე დღეს ჩავიდა, გაზეთ „Yeni Musavat“-ისთვის სტატიის მოსამზადებლად. ისიც 2014 წლის მარტში დააკავეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იაქუბლუმ საჩივრით მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება 5 ნოემბერს გამოიტანა და რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით დაარღვია იაქუბლუს უფლებები (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), რის გამოც ხელისუფლებას 24 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

იაქუბლუს ქალიშვილის თქმით, მას არ სჯერა, რომ მამამისს გაათავისუფლებენ, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლება ევროსასამართლოს არ ემორჩილება.

„სასამართლო გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა ილგარ მამადოვის შემთხვევაში,“ – ამბობს ის. „არც ისეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ იმედი გვქონდეს მამაჩემის გათავისუფლების“.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირების სხვა შემთხვევებიც არსებობს, მაგალითად, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ალი ინსანოვის საქმე. ის 2005 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩვენების წინ დააპატიმრეს გადატრილების მოწყობის ბრალდებით, რომელიც მოგვიანებით მოუხსნეს. საბოლოოდ ინსანოვი 2007 წელს გაასამართლეს თაღლითობის და სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ინსანოვმაც ევროსასამართლოს მიმართა საჩივრით, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპატიმროში არსებულ პირობებზე, არასათანადო სამედიცინო მომსახურებაზე და დაცვის მოსამზადებლად არასაკმარის დროზე. 2013 წლის მარტში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება ინსანოვის საქმესთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ მისი უფლებები დაირღვა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას 10 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ინსანოვის საქმე ჯერ უზენაეს სასამართლოში, ხოლო შემდეგ უკვე ბაქოს სააპელაციო სასამართლოში განიხილეს. თუმცა, მას ბრალი არ მოუხსნეს და ის კვლავ ციხეში რჩება.

აღელვებს თუ არა ხელისუფლებას კრიტიკა?

ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოების ხელმძღვანელი ავაზ ჰასანოვი აღნიშნავს, რომ იყო დრო, როცა ხელისუფლება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდა. დღეს კი ის „გადაწყვეტილებებს არ აღიარებს“, მიუხედავად იმისა, რომ „საჭიროების შემთხვევაში, კომპენსაციას იხდის, ოღონდ ისე, რომ არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან ზედმეტი ყურადღების მიპყრობა“.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც მმართველობა მამის გარდაცვალების შემდეგ 2003 წელს გადაიბარა, მმართველობის ბოლო წლებში განსაკუთრებით გააძლიერდა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დევნა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში „არათავისუფალი“ მდგომარეობაა. აზერბაიჯანში მოქმედი ბევრი მედია საშუალება და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული გახდა დახურულიყო.

სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივით განპირობებული დევნა მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ოთხმოციდან ასამდე პოლიტიკური პატიმრის არსებობაზე საუბრობენ. პერიოდულად პატიმრებს პრეზიდენტის შეწყალების ხარჯზე ათავისუფლებენ, მაგრამ მათი უმეტესობა ციხეებში დიდი ხნით რჩება. ადამიანების დაკავება და ციხეში გაშვება მუდმივ პროცესად გადაიქცა.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანის ხელისუფლება არც ისეთი შეუვალია საერთაშორისო კრიტიკის მიმართ, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები ბაქოსთვის უდავოდ მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის დირექტორი გიორგი გოგია. „ის იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ კომპენსაციას და ასე იმ შემთხვევაშიც იქცევა თუ არ ასრულებს ძირითად ვალდებულებებს ან არ პასუხობს საქმის არსს, როგორც ეს ილგარ მამადოვის შემთხვევაში მოხდა.“

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ფორმალურად ცდილობს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, რეალურად ის „ფეხს ითრევს პიროვნების გასათავისუფლებლად“, – ამბობს გოგია. მაგალითად, ეინულა ფატულაევის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ წელიწად-ნახევარი დასჭირდა მის გათავისუფლებას.

„პარადოქსია, მაგრამ აზერბაიჯანს რეალურად ანაღვლებს საერთაშორისო აზრი და საკმაოდ დიდ თანხებსაც ხარჯავს ამ აზრის შესაქმნელად,“ – აცხადებს გოგია. „იქნება ეს საერთაშორისო მეგაღონისძიებების მასპინძლობა, თუ საერთაშორისო ლობისტი ფირმების დაქირავება.“

აზერბაიჯანმა 2012 წლის მაისში უმასპინძლა ევროვიზიის კონკურსს, ხოლო 2015წლის ივნისში ევროპულ თამაშებს.

გოგიას აზრით, საერთაშორისო საზოგადოების „არათანმიმდევრული და არაერთიანი პასუხის ბრალია ის, რომ აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ მას ასე უბრალოდ შეუძლია მოახდინოს კრიტიკის იგნორირება და მერე ჩვეულებრივად გააგრძელოს თავისი საქმე.“

აღმოსავლთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის დირექტორი არასტუნ ორუჯლუ ეთანხმება, რომ ევროპას აკლია როგორც პოლიტიკური ნება, ისე ეფექტური აღსრულების მექანიზმები და სანქციები.

„დღემდე ევროპას არ სურდა ურთიერთობების გაფუჭება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ამიტომაც არ აქცევდა ყურადღებას გადაწყვეტილებების შესრულების პროცესს,“ – ამბობს ორუჯლუ. „აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებმა უკვე მნიშვნელობა დაკარგა.“

როგორც ჩანს ორუჯლუ არ არის ერთადერთი, ვინც ასეთ დასკვნამდე მივიდა.

16 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა იაგლანდმა გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანის მიერ ევროსაბჭოს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად წარადგინეს კანონპროექტი სახელწოდებით აზერბაიჯანის დემოკრატიის აქტი 2015. კანონპროექტი, რომლის ინიციატორი აშშ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კრის სმითია, აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაცემას კრძალავს.

„დრო მოვიდა, რომ გავაგზავნოთ ნათელი მესიჯი,“ – განაცხადა სმითმა ვაშინგტონში გამართულ მოსმენზე, რომელიც ერთი წლის წინ დაპატიმრებული ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილის დევნის საქმეს ეხებოდა. ისმაილის შვიდწელიწად-ნახევარი ამა წლის სექტემბერში მიუსაჯეს, გადასახადებისათვის თავის არიდების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მისი დაპატიმრება უკავშირდება იმ საგამომძიებლო სტატიებს, რომლებიც აზერბაიჯანული სახელისუფლებო ელიტის ფინანსურ დანაშაულებს უკავშირდებოდა. (იხილეთ სტატია ისინი ვერ გამტეხენ „ისინი მე ვერ გამტეხენ,“ – აცხადებს პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი)

ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ სავიზო სანქციები შესაძლებელია მოიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „აზერბაიჯანის ხელისუფლება აჩვენებს შესამჩნევ პროგრესს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საქმეში, დაასრულებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დევნას და ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.“

ბირგიტ ბრაუერი არის IWPR კავკასიის რედაქტორი. ნურგულ ნოვრუზი საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტია

 

Frontline Updates
Support local journalists