სომხეთი: პოლიტიკოსები სელექციური აბორტების წინააღმდეგ

ხელისუფლება პრობლემასთან შებრძოლებას სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გადმოღებით ცდილობს.

სომხეთი: პოლიტიკოსები სელექციური აბორტების წინააღმდეგ

ხელისუფლება პრობლემასთან შებრძოლებას სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გადმოღებით ცდილობს.

სომეხი პარლამენტარები მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ექიმებს ნაყოფის სქესის გამჟღავნება ორსულობის 30 კვირამდე აეკრძალებათ. კანონმდებლები ამით სელექციური აბორტების რაოდენობის შემცირებას ფიქრობენ, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ამით შესაძლოა გზა გაეხსნას მანკიერ პრაქტიკას და ექიმებმა თანხის სანაცვლოდ მშობლებს ნაყოფის სქესი მაინც გაუმხილონ.

„მოსმენები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ მას ჯერ პარლამეტარებთან ერთად განვიხილავთ და შემდეგ გადავუგაზავნით მთავრობას“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა.

კანონპროექტის შემუშავებას საფუძველი დაუდო 2012-13 წლებში გაეროს დაფინასებით სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ყოველ წელს 1400-ით ნაკლები გოგო იბადება.

„სომხეთში სელექციური აბორტების მხრივ  ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ ვანადგურებთ ქვეყნის მომავალ დედებს“, – აცხადებს სომხეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი გაგიკ ჰაირაპეტიანი.

მისივე თქმით, თუ არ იქნება მიღებული ზომები, სომხეთი 2016 წლისთვის 90 000 გოგონას დაკარგავს.

2012 წელს სომხეთში სქესთა შორის თანაფარდობამ 100 გოგოზე 114 ბიჭი შეადგინა. ბუნებრივი კოეფიციენტი კი ყოველ 100 გოგონაზე 102-106 ბიჭს გულისხმობს. ყველაზე სავალალო მდგომარეობაა გეღარკუნიკის რაიონში, სადაც 100 გოგოზე 124 ვაჟი მოდის.

„ის ფაქტი, რომ ოჯახები უპირატესობას ბიჭებს ანიჭებენ ქრონიკული პრობლემაა და ის უცებ ვერ შეიცვლება, ამაზე ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა გაიანე ავაგიანმა. „მეორე საკითხია ქვეყნის შობადობის მაჩვენებელი. ადრე ოჯახებს ოთხი, ხუთი შვილი ჰყავდათ და ეს ბალანსს ინარჩუნებდა, მაგრამ ახლა აჩენენ ორს. კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი, თანამედროვე ტექნოლოგიები სქესის გარკვევის საშუალებას ორსულობის ადრეულ პერიოდში იძლევა“.

კვლევის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, წყვილებს გოგოზე მეტად ბიჭის ყოლა ურჩევნიათ, სელქციური აბორტი კი უფრო ხშირია მესამე და მეოთხე ორსულობის დროს, როდესაც ოჯახს ძალიან უნდათ ბიჭის ყოლა.

„ჩვენ პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ადამიანებსაც ბიჭი იმ მიზეზით ურჩევნიათ, რომ ის გვარის გამგრძელებელია“,- ამბობს ჰაირაპეტიანი და რესპონდენტების პასუხებს ციტირებს.

ავაგიანის თქმით, სამინისტრომ აღნიშნული საკითხი მრავალჯერ განიხილა ქალთა ჯგუფებთან, ფსიქოლოგებთან, გაეროსთან და სხვა ორგანიზაციებთან, მათ ასევე შეისწავლეს სელექციურ აბორტებთან ბრძოლის სხვა ქვეყნების გამოცდილება და როგორც თავად აცხადებს, ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ დასაწყისისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სხვა ქვეყნებში აპრობირებული ანალოგიური კანონის მიღება.

2011 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ საკითხთან მიმართებაში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ჩამოთვლილია ქვეყნები, სადაც სელექციური აბორტების თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა, ესენი არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ალბანეთი.

პარლამენტის წევრი პარტია „აყვავბული სომხეთიდან“ ნაირა ზორაბიანი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განხილვაში მონაწილეობდა თვლის, რომ ახალი კანონი უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სიკეთეს.

„ისეთ ქვეყანაში, როგორიც სომხეთია, სადაც კორუფცია სამედიცინო და საგანმანათლებლო სისტემაში წარმოუდგენელ დონეს აღწევს, ასეთი კანონის მიღება უაზრობაა და ის უბრალოდ კორუფციის ახალ წყაროდ გადაიქცევა“,- განაცხადა მან. „პირადად მე, მას მხარს არ დავუჭერ, რადგან ის არა მხოლოდ ვერ მოაგვარებს პრობლემას, არამედ კიდევ ერთ პრობლემას შექმნის“.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როგორმე შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, სანამ ეს არ მოხდება, ვერანაირი კანონი ვერ გვიშველის“.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ლუდმილა სარგსიანი ასევე ეჭვით უყურებს კანონის ეფექტურობას.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ბრძოლაში ეს ეფექტური იარაღი იქნება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ექიმები სქესის გამჟღავნების სანაცვლოდ მშობლებისგან ფულს არ აიღებენ“, – განაცხადა მან.

მარიეტა გევორგიანს ორი ქალიშვილი ჰყავს, მესამე ორსულობა შეიწყვიტა, რადგან გაიგო, რომ კიდევ ერთი გოგოს ელოდებოდა. მასაც არ სჯერა, რომ კანონი იმუშავებს.

„ექიმებს ახლაც არ აქვთ სქესის გამჟღავნების უფლება მე-19 კვირამდე, თუმცა ყველა მაინც იგებს, უფრო ადრეც კი“, – გვითხრა მან.

ავაგიანი დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამონახავს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც ექიმებს მშობლებისთვის სქესის გამჟღვნების საშუალებას  არ მისცემს.

„ექიმების კაბინეტებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება და თუ რომელიმე მათგანი კანონს დაარღვევს, მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მან სამსახურიც კი დაკარგოს“, – განაცხადა მან.

არპი ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

 

Armenia
Health
Frontline Updates
Support local journalists