სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით იმედგაცრუებულია

წევრმა სახელმწიფოებმა ბლოკის ახალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე სომხეთის წარმომადგენელი არ დანიშნეს.

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით იმედგაცრუებულია

წევრმა სახელმწიფოებმა ბლოკის ახალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე სომხეთის წარმომადგენელი არ დანიშნეს.

CSTO session in Yerevan, Armenia, October 14, 2016. (Photo: Photolure)
CSTO session in Yerevan, Armenia, October 14, 2016. (Photo: Photolure)
Armenian president Serzh Sargsyan in CSTO annual summit held in Yerevan on October 14. (Photo: Photolure)
Armenian president Serzh Sargsyan in CSTO annual summit held in Yerevan on October 14. (Photo: Photolure)
The leaders of the member countries of CSTO met in Yerevan, Armenia, October 14, 2016. (Photo: Photolure)
The leaders of the member countries of CSTO met in Yerevan, Armenia, October 14, 2016. (Photo: Photolure)
Monday, 7 November, 2016

სომხეთი უკმაყოფილოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ბოლო სამიტის შედეგით, რომელმაც ანალიტიკოსების აზრით, ქვეყნის პოზიცია სერიოზულად შეასუსტა.

14 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთს, ბელორუსიას, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს აერთიანებს, კოლექტიური უსაფრთხოების ცხრაწლიანი სტრატეგია მიიღო.

ამასთან ერთად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საერთო საფრთხეების, მათ შორის ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ერთობლივი კრიზისული რეაგირების ცენტრის შექმნის შესახებ.

თუმცა, სომხეთის მოლოდინი იმის თაობაზე, რომ მისი წარმომადგენელი დაინიშნებოდა ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, როგორც ამას ორგანიზაციის წესდებაში გაწერილი როტაციის მექანიზმი ითვალისწინებდა, არ გამართლდა.

ერევანს ასევე იმედი ჰქონდა, რომ მთიან ყარაბაღში აპრილის თვეში განვითარებული დაპირისპირების შემდეგ, წევრი სახელმწიფოები კონფლიქტთან დაკავშირებით ერთიან მკაფიო პოზიციაზე ჩამოყალიბდებოდნენ, თუმცა ეს მოლოდინიც არ გამართლდა.

სამიტის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ როტაციის საკითხი სამიტის დღის წესრიგიდან მიზეზის ახსნის გარეშე მოიხსნა და მისი განხილვა მოხდება დეკემბერში, წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში.

ეს გადავადება არ მოსწონთ სომეხ ექსპერტებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აპრილის თვის შეიარაღებული დაპირისპირება იყო ყველაზე სერიოზული, რაც ყარაბაღში 1994 წლის ზავის შემდეგ მომხდარა.

(იხილეთ: ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მღელვარება არ იკლებს)

„კუხოს გენერალური მდივნის როტაცია იყო ტესტი ორგანიზაციის ქმედუნარიანობაზე, რომელიც მან ვერ ჩააბარა,“ – განაცხადა სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა სტიოპა საფარიანმა.

„ეს ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას,“- დასძინა მან. „ამას ადასტურებს აპრილში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარედ ხშირი შეიარაღებული ინციდენტები. ამ მხრივ სომხეთს არავითარი სარგებელი არ აქვს ამ ორგანიზაციიდან.“

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისამართით კრიტიკა სომხეთში აპრილის დასაწყისში, აზერბაიჯანთან შეირაღებული დაპირისპირების შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, ის მიმართული იყო მისი უახლოესი მოკავშირის რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იარაღის მთავარი მიმწოდებლია აზერბაიჯანისთვის.

„კუხოდან არ ყოფილა სათანადო რეაქცია, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანთან ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე იმყოფებოდა… რომელ კოლექტიურ უსაფრთხოებაზე არის საუბარი, რომელიც თითქოსდა უნდა უზრუნველყოს ამ გაერთიანებამ?“ – აღნიშნა საფარიანმა და დასძინა, რომ სომხეთმა უნდა გადახედოს თავის ურთიერთობას კუხოსთან.  

კიდევ ერთი იმედგაცრუება გამოიწვია ორგანიზაციის ორაზროვანმა განცხადებამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე.

წევრმა სახელმწიფოებმა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე ზოგადი ფრაზებით ისაუბრეს და მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის ვენასა და სანკტ-პეტერბურგში მიღწეული შეთანხმება აღნიშნეს.   

ანალიტიკოსების აზრით, გენერალური მდივნის თანამდებობაზე სომხეთის წარმომადგენლის დანიშვნა საგრძნობლად გააძლიერებდა ერევნის პოზიციას ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, ეს გამოიწვევდა კუხოს სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას, რისი მნიშვნელობაც სომხეთისთვის, რომელსაც პრობლემა აქვს მთიანი ყარაბაღში, შეუფასებელია,“ – განუცხადა IWPR-ს ერევანში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, სამხედრო ექსპერტმა სერგეი მინასიანმა. 

„ამასთან ერთად, სომხეთი, დიდი ალბათობით, შეეცდებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასთან, კერძოდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხის წამოწევას. ვფიქრობ, ერევანი ასევე შეეცდებოდა წევრი ქვეყნების, კერძოდ კი რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვაზე უარის თქმის საკითხის დაყენებასაც,“ – განახადა მან.

სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა სომხეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ მაღალ დონეზეა, ქვეყნებს შორის დადებულია ორმოცდაათზე მეტი ხელშეკრულება და შეთანხმება.

ერევანს და მოსკოვს რეგიონში შექმნილი აქვთ ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემა და მის მართვასაც ერთობლოვად ახორციელებენ, მასში შედის რუსეთის ბაზა სომხეთში და სომხური ჯარის ნაწილი.

ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა ხუთი ათასამდე ადამიანს ითვლის.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვაგარშაკ არუტუნიანი თვლის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილების მთავარი გარანტი არის რუსეთი.

„აზერბაიჯანი ვერ დაიწყებს ფართომასშტაბიან ომს, რადგან ყველა საკითხს აქ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ დაუშვებს რეგიონში ომის დაწყებას,“ – განუცხადა მან IWPR-ს. „რუსეთს, მისი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, მის მიმართ ან მისი მოკავშირის წინააღმდეგ აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში. ასე, რომ ჩვენ, აზერბაიჯანისა და საქართველოსგან განსხვავებით ‘ბირთვული ქოლგა’ გვიცავს.“ 

არუტუნიანის სიტყვებით, რუსეთი „ასევე უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად.“

სიტუაცია რთულია, რადგან სომხეთის თავდაცვის პოლიტიკა არ არის მხოლოდ რუსეთზე ორიენტირებული და ის ნატოსთან თანამშრომლობასაც გულისხმობს. საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთი არ აპირებს ნატოში შესვლას; ვინაიდან ის კუხოს წევრი ქვეყანაა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

როტაციის მექანიზმთან დაკავშირებულ გაუგებრობას თავისებურად ხსნიან რუსი ექსპერტები.

„როგორც ჩანს, სომხეთმა არ ჩაატარა სათანადაო სამუშაო იმისთვის, რომ სათანადოდ შეეთანხმებინა თავისი კანდიდატი სხვა წევრ ქვეყნებთან, რამაც ასეთი შედეგი გამოიღო,“ – აცხადებს კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი ალექსანდრე კრილოვი.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური მდივნის პოსტზე სომხეთის კანდიდატის ვინაობა არ იყო ოფიციალურად წარდგენილი, ადილობრივი მედიასაშუალებებით სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სამხედრო პირის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მათგან ერთი არის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იური ხაჩატუროვი, ხოლო დანარჩენი ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრები – ვაგარშაკ ჰარუტუნიანი და სეირან ოჰანიანი.

ოჰანიანმა საჯაროდ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია და დასძინა, რომ ასეთი შემოთავაზება რომც მიეღო, მასზე უარს იტყოდა. დანარჩენ ორს განცხადება არ გაუკეთებია.

ამასობაში, არაეთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ, სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვიგენ სარგსიანის დანიშვნამ.

სარგსიანს, რომელიც არ არის პრეზიდენტის ნათესავი, დიდი გამოცდილება აქვს დიპლომატიისა და მართვის სფეროში. ის არის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის კურდამთავრებული და აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალსა და დიპლომატიაში, ასევე დამთავრებული აქვს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მართვის სპეციალობით.

თუმცა, სამხედრო წრეებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ამ თანამდებობაზე სამოქალაქო პირის დანიშვნამ.

პრეზიდენტმა მაღალი რანგის ოფიცრებს განუცხადა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის ნომერ პირველი სამხედრო პირი არის არა თავდაცვის მინისტრი, არამედ გენერალური შტაბის უფროსი.

„მინისტრი ძალიან ცოტა დროს უნდა უთმობდეს ჯარის ყოველდღიური საქმეების მოგვარებას,“ – განაცხადა მან.

მინასიანის შეფასებით, ვიგენ სარგსიანის დანიშვნა არის არა პოლიტიკის შეცვლის ნიშანი, არამედ ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა იმისთვის, რომ თავდაცვის უწყება გადასულიყო პირდაპირ პრეზიდენტის დაქვემდებარებში.

„ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს არა ერთი პიროვნების პრეფერენცია, არამედ მთლიანი თავდაცვის ანტურაჟი და ინტერესთა გადანაწილება,“ – განუცხადა მან IWPR-ს. „ამასთან დაკავშირებით სომხურ-რუსული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა იყო, არის და იქნება პრიორიტეტი ორივე ქვეყნისთვის. აქ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.“

Armenia
Diplomacy
Frontline Updates
Support local journalists