საზღვრისპირა სროლები როგორც სომხურ აზერბაიჯანული პოლიტიკის გაგრძელება

ურთიერთბრალდებები გააქტიურდა გახშირებული საზღვრისპირა ინციდენტების გამო.

საზღვრისპირა სროლები როგორც სომხურ აზერბაიჯანული პოლიტიკის გაგრძელება

ურთიერთბრალდებები გააქტიურდა გახშირებული საზღვრისპირა ინციდენტების გამო.

A shepherd pastures his flock in no-man's land between Azerbaijani and Armenian forces on the Karabakh front line. (Photo: Orhan Orhanov)
A shepherd pastures his flock in no-man's land between Azerbaijani and Armenian forces on the Karabakh front line. (Photo: Orhan Orhanov)

მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა სროლები სომხური და აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების ჩართულობით საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, ბოლოდროინდელი ინციდენტების სიხშირის გამო ექსპერტები საგონებელში არიან ჩავარდნილი.

ყველა თანხმდება, რომ ეს სროლები არ წარმოადგენს უფრო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების წინაპირობას. პირიქით, ორივე მხარის წარმომადგენლების განცხადებით ეს ინციდენტები შიდა პოლიტიკური პრობლემების გამოძახილია.

დაპირისპირების გაზრდილი მაჩვენებლების დასტურად სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აგვისტოს თვეში გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი და დაჭრილია ექვსი, მაშინ როცა მსხვერპლი საერთოდ არ ყოფილა ივლისში .

ინციდენტებს ადგილი ჰქონდა სომხეთის აზერბაიჯანთან საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ნახიჩევანის – აზერბაიჯანის ექსკლავი – სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლზე , ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარე „კონტროლის ხაზზე.“

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არცრუნ ოვანესიანი აცხადებს, რომ „მტრის ქმედებას“ ძალიან უჩვეულო ხასიათი აქვს.

„ეს არ ამსახურება არც დაზვერვას, არც მათი პოზიციების გაუმჯობესებას და არც ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მომზადებას,“ – აცხადებს ის. „აზერბაიჯანელების მიზანია რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ჩვენს სამხედრო პერსონალს.“

აზერბაიჯანის ხელისუფლება კი სროლის დაწყებასა ან სულ ცოტა მათ პროვოცირებაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ სროლებს უმეტესწილად ადგილი ჰქონდა ყარაბაღის ირგვლივ და ნახიჩევანის საზღვართან ახლოს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ელდარ საბიროღლუს განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს ხალხის ყურადღება შიდა პრობლემებიდან სხვა თემებზე გადაიტანოს.

„ჩვენ ვიცით, რომ სომხეთში ცუდი ვითარებაა. ხალხი მთავრობისადმი თავის უკმაყოფილებას ყოველდღიურად გამოხატავს. სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ყურადღება აზერბაიჯანისკენ მიაპყროს,“ – აცხადებს ის. „ეს პრობლემა იქნება ყოველთვის. სომხეთის აგრესიული პოლიტიკა არ შეცვლილა, ამიტომაც სირთულეები იქნება ფრონტის ხაზზეც.“

საბიროღლუმ ასევე ისაუბრა აგვისტოში სომხეთ-ნახიჩევანის საზღვარზე მომხდარ კონკრეტულ ინციდენტზეც. სომხეთის მონაცემებით აზერბაიჯანის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთიც დაიჭრა, თუმცა საბინოღლუ ამ განცხადებას აფასებს, როგორც „სომხეთის მიერ საკუთარ არმიაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას“.

„ისინი ცდილობენ დამალონ ის ფაქტი, რომ სროლა სომეხ ჯარისკაცებს შორის მოხდა. ჩვენ გაგვაჩნია სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნახიჩევანთან დისლოცირებული სომხეთის არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფში მომხდარი სროლის დროს რამდენიმე ჯარისკაცი გარდაიცვალა და დაიჭრა,“ – ამბობს ის.

საპირისპიროს აცხადებენ ერევანში. სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე არზუმანიანის განცხადებით შეტაკებების პროვოცირება მოახდინა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომელსაც მომდევნო თვეს დაგეგმილ საპრეზიდენტო  არჩევნებზე ილჰამ ალიევის გამარჯვების სურვილი ამოძრავებს.

„აზერბაიჯანელები მიზანმიმართულად ახდენენ საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ,“ – აცხადებს ის. „ეს ალიევის კლანის ჩვეული პოლიტიკაა – დიქტატურას ყოველთვის სჭირდება საგარეო მტერი.“

არზუმანიანი ხაზს უსვამს იმ მზარდ სამხედრო დისბალანსს, რომელიც არსებობს ნავთობის რესურსებით მდიდარ აზერბაიჯანსა და ნაკლებად შეძლებულ სომხეთს შორის. ბაქო აგრძელებს მაღალტექნოლოგიური საბძოლო ტექნიკის შეძენას, პრეზიდენტი ალიევი და სხვა ოფიციალური პირები კი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თუ  მოლაპარაკებები ყარაბაღის მომავალი სტატუსის ირგვლივ არ მოიტანს შედეგს, არმიას შესწევს მისი ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების უნარი.

რასაკვირველია ასეთი განწყობა სრულებითაც არ ახარებს სომხეთს, თუმცა მას ამ საკითხში მოსკოვის მხარდაჭერის იმედი აქვს (იხილეთ: სამეზობლო აზერბაიჯანის მზა რდ შეიარაღებას აკვირდება).

არზუმანიანის თქმით ბაქოდან წამოსული მუქარების მიუხედავად „წლები გადის და ყარაბაღის პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება.“

ყარაბაღის კონფლიქტი 1994 წელს დადებული ზავით დასრულდა. ცეცხლის გახსნის ერთეული შემთხვევების გამოკლებით ის ჯერ კიდევ მოქმედებს. რუსეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ეუთოს მინსკის ჯგუფის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჯერ ჯერობით მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია. ყარაბაღის სომხური ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არასოდეს დათმობს დამოუკიდებლობას, ბაქო კი მის სუვერენულ ტერიტორიაზე უპირობო კონტროლის აღდგენას ითხოვს.

„კონფლიქტში ჩართული მხარეების პოზიციებში დიდი ცვლილებებში არ შეინიშნება,“ – აღნიშნა არზუმანიანმა. „სხვა სახელმწიფოებისთვის კი ყარაბაღი ისეთი მნიშვნელობის საკითხს არ წარმოადგენს, რომ ამის გამო ზეწოლა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღებაზე.“

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის უნდობლობის ფაქტორი საკმაოდ დიდია და ეუთოს მოლაპარაკებებშიც წარმატების პერსპექტივა ბუნდოვანია, ერევანსა და ბაქოში თვლიან, რომ მოვლენები კონტროლს ექვემდებარება.

„არა მგონია, რომ ომის განახლების საკითხი მარტო ბაქოს გადასაწყვეტი იქნება, ამიტომ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი ამ გზას არ დაადგება,“ – ამბობს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დავიდ შაჰნაზარიანი. „მხედველობაში მაქვს რეგიონში წარმოდგენილი ის ქვეყნები, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებთ. ესენი არიან: რუსეთი, შეერთებული შტატები, თურქეთი, ევროკავშირი და ირანი. არა მგონია, რომ რომელიმე ქვეყანას აწყობდეს სამხრეთ კავკასიაში ომის გაჩაღება.“

ორგანიზაცია „სიმულაციური პროგნოზების“ მკვლევარი ზუმრუდ მამედოვა ეთანხმება, რომ არცერთ დიდ მოთამაშეს არ აწყობს კონფლიქტი.

„მოვლენების ანალიზი იმაზე მიგვითითებს, რომ არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ომისთვის არ ემზადება,“ – ამბობს ის. „ორივე მხარეს უნდა თავისი ძალის ჩვენება და საშინაო პრობლემებზე საერთაშორისო რეაგირებისაგან თავის დაზღვევა. ამით სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს დემოკრატიის თვალსაზრისით გვერდი აუაროს.“

ამ მოსაზრებას ეთანხმება აზერბაიჯანის არმიის გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი დაშდემირ ალიევიც.

„სომხეთს და აზერბაიჯანს ამ თვალსაზრისით ერთნაირი ინტერესები აქვთ. ორივე ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს ის, რომ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ვიდრე დემოკრატია და შესაბამისად თავიდან აიცილოს საერთაშორისო ზეწოლა“.

სომხური მხრიდან შაჰნაზარიანი პროგნოზირებს რომ მცირე მასშტაბის შეტაკებებს, როგორც პოლიტიკის გაგრძელებას, კვლავაც ექნება ადგილი.

„ვფიქრობ, რომ დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შენარჩუნდება, ხან გაძლიერდება და ხან შესუსტდება,“ – თქვა მან. „სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს დიდხანს გაგრძელდება, თუ რამე ახალი ინიციატივა არ იჩენს თავს ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების ფორმატში.“

ჯასურ მამედოვ სუმერლი აზერბაიჯანულ გაზეთ ზერკალოშითავდაცვის საკითხებს აშუქებს.

ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

 

Frontline Updates
Support local journalists