რეფორმის მიღმა დარჩენილი ბავშვები

სისტემაში განხორციელებული ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე არ ვრცელდება.

რეფორმის მიღმა დარჩენილი ბავშვები

სისტემაში განხორციელებული ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე არ ვრცელდება.

Anna Arganashvili of the Partnership for Human Rights in Georgia. (Photo courtesy of A. Arganashvili)
Anna Arganashvili of the Partnership for Human Rights in Georgia. (Photo courtesy of A. Arganashvili)
Monday, 24 February, 2014

ბავშვზე ზრუნვის სისტემის ძირეული რეფორმირების შედეგად, 2009 წლიდან მოყოლებული საქართველოში მოქმედი დიდი ბავშვთა სახლები დაიხურა და მათ ნაცვლად ბავშვები მცირე ზომის, ოჯახური ტიპის სახლებში ან მიმღებ ოჯახებში გადანაწილდნენ. ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებში დააბრუნეს და სოციალური დახმარების სისტემაში ჩართეს. თუმცა, არის ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა, ესენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის 106 ბავშვი იმყოფება, სადაც უფლებადამცველების მტკიცებით, ბავშვთა მოვლის და მკურნალობის ხარისხი არაადეკვატურია, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი.

ამერიკული ორგანიზაციის (DRI) მიერ  მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2010-2013 წლების პერიოდს ასახავს, რეფორმის ფარგლებში ჩატარებული ცვლილებები დიდად არ შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.

DRI ხელისუფლების წარმატებათ მიიჩნევს დე-ინსტიტუციონალიზაციის პროგრამის განხორციელებას, თუმცა აღნიშნავს, რომ „დაწესებულებებში მყოფი ბავშვები უმეტესწილად რეფორმის პროცესის მიღმა არიან დარჩენილები. ეს ბავშვები ისევ მარგინალიზებულები არიან და მათი უფლებები ისევ ირღვევა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზრდილებისთვის სერვისების არარსებობის გამო, ამ ბავშვებს საზოგადოებისგან სამუდამო გარიყულობის პერსპექტივა ემუქრებათ“.

DRI-ის მიერ მომზადებული ანგარიში ბავშვთა და მოზარდთა ყველა სახელმწიფო დაწესებულებას მოიცავს. ის დეკემბერში გამოქვეყნდა და საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ანგარიშში მოყვანილია თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომელთა სიტყვები, რომლებიც ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ უტარდებათ სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო სამედიცინო მკურნალობა, რადგან ექიმები თვლიან, რომ ისინი სრულფასოვან ცხოვრებას მაინც ვერ შეძლებენ. „შედეგად კი, როგორც  თავად თანამშრომლები აღნიშნავენ, მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ უყურონ როგორ კვდებიან ბავშვები თავიან საწოლებში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

DRI-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად მკურნალობაზე უარს ეუბნებიან ზურგის ტვინის თიაქრის და ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს. ამასთან ერთად, იმ პაციენტებს, რომლებსაც გადარჩენის მცირე შანსები აქვთ ტკივილგამაყუჩებლებიც არ უკეთდებათ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ DRI-ის პარტნიორმა-ორგანიზაციამ „საქართველოს ბავშვები“, 2009-2010 წლებში 18 თვიანი პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა კვლევას, რომლის დროსაც თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სიკვდილიანობის 30%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კვლევის შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა ბევრისთვის, თუმცა არა ყველასთვის. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ამ მონაცემებით მხოლოდ დადასტურდა ის, რაც უკვე დიდი ხანი იყო მისთვის ცნობილი ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებში არსებული სიტუაციის შესახებ.

არგანაშვილი აღნიშნავს, რომ იგივე საკითხები ჰქონდა წამოჭრილი საქართველოს ომბუდსმენს 2012 წლის ანგარიშშიც. სახალხო დამცველის დასკვნით, ყველაზე მძიმე უფლებადარღვევად ჩაითვალა ის, რომ მკურნალობას და პალიატიურ მზრუნველობას ვერ იღებენ ჰიდროცეფალიით დაავადებულ ბავშვები.

„ათობით სპეციალისტი პასიურად ადევნებს თვალყურს ავადმყოფ ბავშვს და არ მიიჩნევს საჭიროდ შეუმსუბუქოს მას ტკივილი და უდიდესი დისკომფორტი“, – აღნიშნულია ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ასეთი ქმედება „თავისი სიმძიმით უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“.

არგანაშვილის თქმით, იმ დროს ომბუდსმენის ანგარიშს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია არც პარლამენტში განუხილიათ.

სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთა განცხადებით, არც ომბუდსმენის ანგარიშის და არც DRI-ის დასკვნის შემდეგ ბავშვთა ზრუნვის მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

„ბოლოს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის მონიტორინგი 6 თებერვალს განვახორციელეთ,“ – ამბობს სახალხო დამცველის ოფისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი ნათია ფირალიშვილი. „იქ 55 ბავშვია, მათგან 15 ჰიდროცეფალიით და ექვსი მიკროცეფალიით დაავადებული. ყველა გამოწვევა და პრობლემა, რომელზეც 2012 წლის ომბუდსმენის ანგარიშში და DRI-ის კვლევაშია საუბარი კვლავაც სახეზეა“.

უფრო მეტიც, ფირალიშვილის თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლების დე-ინსტიტუციონალიზაციას ითვალისწინებდა, „არაფერი გაკეთებულა“.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები DRI-ის და ომბუდსმენის ანგარიშებს არ ეთანხმებიან.

„რასაკვირველია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის გაცილებით მეტია გასაკეთებელი“, – აცხადებს სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია, „თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები DRI-ის დასკვნას, რომ ეს ბავშვები მოკლებულნი არიან აუცილებელ მკურნალობას“.

კაკაჩიას თქმით, ჰიდროცეფალიის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა საჭიროა მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე. „თუ ნეიროქირურგი ჩათვლის, რომ ოპერაცია აუცილებელია და ის ეფექტური იქნება, მას აუცილებლად ჩაატარებენ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, მშობლები ხშირად სამედიცინო დახმარებას ორი ან მეტი თვის გასვლის შემდეგ მიმართავენ, „რა დროსაც ოპერაციის ჩატარებას აზრი ეკარგება“.

კაკაჩია ამბობს, რომ „ძნელია დე-ინსტიტუციონალიზაციაზე  საუბარი“, როდესაც 55 ბავშვიდან 20 უმძიმეს მდგომარეობაშია, დანარჩენი ხუთი კი პალიატიურ ზრუნვას საჭიროებს.

„შეუძლებელია მათი მიმღები ოჯახისთვის გადაცემა ან კიდევ თავიანთ ნათესავებთან ინტეგრირება. მათ პალიატიური ზრუნვის ცენტრი სჭირდებათ, მის შესაქმნელად კი დროა საჭირო“.

მანანა ვარდიაშვილი ჟურნალლიბერალისთანამშრომელია.

 

Georgia
Children
Frontline Updates
Support local journalists