ისტორიის გაკვეთილები სომხეთსა და აზერბაიჯანში

ორივე ქვეყნის სკოლებში ისტორიის საკუთარ ვერსიას ასწავლიან, რაც ერთმანეთის მიმართ არსებულ მტრობას კიდევ უფრო აღვივებს.

ისტორიის გაკვეთილები სომხეთსა და აზერბაიჯანში

ორივე ქვეყნის სკოლებში ისტორიის საკუთარ ვერსიას ასწავლიან, რაც ერთმანეთის მიმართ არსებულ მტრობას კიდევ უფრო აღვივებს.

Friday, 2 March, 2012

სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ ახსოვდეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის უზარმაზარი სიძულვილის უფსკრული წარმოქმნა. სამაგიეროდ, ისინი ისტორიის სახელმძღვანელოების მეშვეობით იმდენად დაუბალანსებელ ინფორმაციას ღებულობენ, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით მომავალში მათი მეზობელი ერისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო დამძიმდება.

ათწლეულების მანძილზე, მაშინ როცა ორივე რესპუბლიკა ერთიანი საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, ბევრი სომეხი ცხოვრობდა აზერბაიჯანში, კერძოდ კი მთიან ყარაბაღში და თავის მხრივ ბევრი აზერბაიჯანელი სახლობდა სომხეთში.

80-იანი წლების ბოლოს, ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანიდან გამოყოფის მოთხოვნით აქტიური გამოსვლები დაიწყეს. ღია საომარი დაპირისპირება 1988 წელს დაიწყო და 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხებმა ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს. ოფიციალურად სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მცდელობა ყარაბაღის სტატუსის მოგვარების შესახებ უშედეგო გამოდგა.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ ყარაბაღიდან და სომხეთიდან დევნილმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა  აზერბაიჯანს შეაფარეს თავი, ხოლო სომეხმა მოსახლეობამ საპირისპირო მიმართულებით გაქცევით უშველა თავს. ასე გახდა ერთ დროს ორი გვერდიგვერდ მცხოვრები ერი ერთმანეთის მოქიშპე და მოძულე.

იმის გამო, რომ ორივე ერი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ერთმანეთისაგან განცალკევებულად ვითარდებოდა, მათ ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული ხედვა და შეფასება ჩამოუყალიბდათ არა მარტო ყარაბაღის კონფლიქტის, არამედ საუკუნეების წინ მომხდარი ამბების შესახებ. ყველაფერმა ამან შესაბმისი ასახვა ჰპოვა ორივე ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოებში, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვების შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, როგორც ერთმანეთის, ასევე წარსულის შესახებ.

მტრები და გმირები

მე-12 კლასელი სომეხი გოგონა სახელად აშხენი ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების, ასევე მისი მიმდინარეობის და ომში დაღუპული გმირების შესახებ სკოლაში ისწავლა. ნასწავლის შემდეგ ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანელებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება უახლოეს მომოვალში არ მოხერხდება.

„მათ უნდა დათმონ თავიანთი მოთხოვნები ჩვენს მიწებთან დაკავშირებით,“ – ამბობს ის. „აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მტრობას მხოლოდ თაობების შემდეგ თუ მოეღება ბოლო.“

16 წლის ბაქოელ გულჯენეთ ჰუსეინლის შეუძლია დიდხანს ისაუბროს ომის დროს სომხების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პატარაა იმისთვის, რომ რაიმე თავად ახსოვდეს.

„როგორ შეგვიძლია ამის დავიწყება? მათ ხომ ჩვილი ბავშვები დახოცეს ხოჯალიში და შუშაში,“ – ამბობს ის, როცა 1990-იან წლებში მომხადი ამბების შესახებ ჰყვება. „ჩემმა მშობლებმა ომის დროს ბევრი მეგობარი და თანაკლასელი დაკარგეს. მათ თავიანთი თვალით იხილეს როგორ მიედინებოდა ბაქოსკენ დევნილების უზარმაზარი ნაკადი. ჩემი ერის წინაშე სომხებმა უამრავი სისასტიკე ჩაიდინეს, რომელთა შესახებაც სკოლის წიგნებიდან  და ასევე მასწავლებლებისგან ვგებულობ.“

საუბარია ხოჯალის ტრაგედიაზე, რომელიც 1992 წლის თებერვალში, ყარაბაღის ომის დროს დატრიალდა. ომს გამოქცეული ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის ამოჟლეტა აზერბაიჯანელებისთვის უმძიმესი ტკივილია. სომხებისათვის კი ეს ფაქტი ომის მხოლოდ ერთ-ერთი სამწუხარო ეპიზოდია, მსხვერპლის გაცილებით ნაკლები  რაოდენობით, ვიდრე ამას მოწიინააღმდეგე მხარე აცხადებს.

სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთი მორიგი მცდელობის დროს, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მის აზერბაიჯანელ კოლეგას გასული წლის იანვარში ქალაქ სოჭში შეხვდა. დიმიტრი მედვედევთან ერთად გამართული შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად აუცილებელი იყო დიალოგში ინტელიგენციის ჩართვა.

ამასობაში, კი სომხეთში ბევრ ახალგაზრდას იპოვით, რომელსაც სრულებითაც არ სურს მის აზერბაიჯანელ თანატოლებთან ურთიერთობა. ისინი ფიქრობენ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო.

21 წლის ანას ბევრი მეგობარი ჰყავს სოცილაურ ქსელებში, მაგრამ აზერბაიჯანელებთან ურთერთობას ყოველთვის არიდებს თავს.

„მათთან კონფლიქტის გარეშე საუბარი წარმოუდგენელია. ჩვენ მუდამ ვკამათობთ ისტორიაზე, ერთმანეთს ან რაღაცას ვაბრალებთ, ან კიდევ ვუმტკიცებთ, მაგრამ კამათის ბოლოს ყველანი მაინც ჩვენს აზრზე ვრჩებით,“ – ამბობს ის. „ერთხელ, ერთმა აზერბაიჯანელმა მოსწავლემ მომწერა და დამიწყო რაღაცეების მტკიცება, უარყოფდა სომხების გენოციდს და სომხებს ოკუპანტებს ეძახდა. უცოდინარობა მის ცუდად სწავლას დავაბრალე და სრულიად გულუბრყვილოდ ვურჩიე წასულიყო და ისტორიის წიგნი წაეკითხა.“

მაშინ ბიჭმა თავისი არგუმენტის გასამყარებლად აზერბაიჯანის ისტორიის სახელმძღვანელოდან მთელი ნაწყვეტი წაიკითხა. მაგალითად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში სომხები მოხსენიებული არიან, როგორც „ჩვენი მუდმივი მტრები“ და დეტალურადაა აღწერილი მათ მიერ გასული საუკუნის დასაწყისში ჩადენილი დანაშაულები.

ბაქოს უნივერსიტეტის სლავური ისტორიის კათედრის გამგე და ამავე დროს წიგნის ავტორი ტოფიკ ველიევი აცხადებს, რომ წიგნში ნეგატიური დატვირთვის ფრაზების გამოყენების მიზანი სიმართლის თქმა იყო.

„ესეთი ფრაზები ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის სომხების შესახებ,” აცხადებს ველიევი. „სხვაგვარი დახასიათება რომ გამეკეთებინა, მაშინ ისტორია უნდა დამემახინჯებინა.“

მსგავსი ენითაა დაწერილი მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოც, რომელიც ყარაბაღის ომის პერიოდს მოიცავს. წიგნში სომხები მოხსენიებულნი არიან „ფაშისტებად“, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს.

მე-11 კლასელი ჰასან ნაღიზადე ამბობს, რომ ისტორიის ასეთი სახით მიწოდება სავსებით მართებულია.

„ავტორი აზერბაიჯანელია და რა გასაკვირია, რომ ის მტრულ განწყობას აღვივებდეს. ასეც უნდა იყოს,“ – ამბობს ის. „ისინი ჩვენ მშვიდობისთვის ნამდვილად არ გვამზადებენ. ჩვენ მშვიდობა არ გვჭირდება. სომხებმა ჩვენი სისხლი ბლომად დაღვარეს. მშვიდობა ომში დაღუპული ადამიანების შეურაცხყოფა იქნებოდა.“

აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ ამჟამად მოქმედი ისტორიის სახელმძღვანელოთა ნაკრები 2000 წელს დაამტკიცა. სამინისტროს საგამომცემლო განყოფილების უფროსის ფაიგ შაჰბაზლის განცხადებით წიგნების დაწერა ისტორიკოსებს დაევალათ, რის შემდეგაც მოხდა შინაარსის გადამოწმება.

არსებობდა ერთადერთი პირობა, წიგნებში შეურაცხმყოფელი ლექსიკა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

„სახელმძღვენელომ ხელი უნდა შეუწყოს დამოკრატიისა და ტოლერანტობის განვითარებას და არა ზიზღის წარმოშობას.“

მისივე თქმით ტექსტებში ისეთი სიტყვების არსებობა, როგორებიცაა „ტერორისტი“, „ბანდიტი“, „ფაშისტი“ და „მტერი“ არ არღვევს ზემოხსენებულ პრინციპს.

„ეს სიტყვები კონკრეტული ფაქტების გამოძახილია. ისინი არ იწვევენ სომხებისადმი სიძულვილს. ეს გამოთქმები არ გულისხმობს, რომ დანაშაული სომეხი ერის მიერ იყო ჩადენილი, უბრალოდ ხაზგასმულია იმ ადამიანების ეროვნება, რომლებმაც ეს სისასტიკეები ჩაიდინეს,“ – ამბობს ფაიგ შაჰბაზლი. მან აქვე დასძინა, რომ ბავშვებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ გაერჩიათ ზოგადად ერის და ცალკეული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული.

სომხეთის განათლების სამინისტრო სკოლის სახელმძღვანელოებზე კონკურსს ყოველ ოთხ-ხუთ წელიწადში აცხადებს. გამომცემლებისა და ისტორიკოსების მიერ შემოტანილ ერთობლივ განაცხადებს სამინისტროს იხილავს და ამტკიცებს.

სომეხი მოსწავლეები „ყარაბაღის გამათავისუფლებელი“ ომის, ანუ როგორც თვითონ ეძახიან არცახის ისტორიას სწავლობენ. კონფლიქტის ფესვები ღრმა წარსულში მიდის, დაწყებული სომხეთის უძველესი სახელმწიფოს არსებობის  პერიოდიდან დამთავრებული გასული საუკუნის 80-იან წლებით, როდესაც „პერესტროიკას“ ხანაში საბჭოთა ხალხში იმძლავრა ეროვნულმა სულისკვეთებამ.

სახელმძღვანელოების ავტორები აზერბაიჯანელების, როგორც ზოგადად  ერის კრიტიკას თავს არიდებენ, თუმცა არ იშურებენ მის გამოყენებას ქვეყნის ხელისუფლების მისამართით.

ზოგიერთების აზრით, წიგნში ფაქტები ძალზე მშრალადაა წარმოდგენილი და არ აწყენდა ცოტათი პატრიოტული ნოტის შემატება.

“მასალას აშკარად აკლია პატრიოტული სული,“ – ამბობს გულისწყრომით 19 წლის ანაიტი. „მოსწავლე ეროვნული სიამაყის გრძნობით  უნდა ივსებოდეს იმ მამაცი პატრიოტების გამო, რომლებმაც ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანეს სომეხ ერს. ეს ყველაფერი იკარგება ფაქტების მშრალ ჩამონათვალში,“ – ამბობს ის.

ერევნელმა პოლიტოლოგმა მიკაელ ზოლიანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელობი შეისწავლა.

მისი განცხადებით სომხური სახელმძღვანელოები სხვა ქვეყნების წიგნებთან შედარებით ყველაზე ნეიტრალური ტონითაა დაწერილი და თხრობაც ნაკლებად ემოციურია; თუმცა სრულყოფილს მათ ნამდვილად ვერ დაარქმვეთ, რადგან ისტორია მხოლოდ სომხური პერსპექტივიდან არის წარმოდგენილი.

„ისტორიის სახელმძღვანელოსგან სხვას რას უნდა ელოდე, თუმცა მართებული იქნებოდა მეორე მხარის მოსაზრების წარმოდეგნაც, რაც არ უნდა მცდარი იყოს ის,“ განაცხადა ზოლიანმა.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსი არიფ იუნუსოვი წიგნების ავტორებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისაგან და შეეცადონ ახალგაზრდა თაობაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინონ.

საომარი რიტორიკა სავსებით შესაძლებელია კონფლიქტის ხელახალი წარმოქმნის მიზეზი გახდეს, აცხადებს ის.

„სომხების წარმოჩენა ისე როგორც ეს [აზერბაიჯანულ] წიგნებშია მოცემული სუფთა წყლის რასიზმია,“ აცხადებს ის. „ეს ბავშვები იზრდებიან სიძულვილზე და არა ტოლერანტობაზე. ასეთი გზით მშვიდობას როგორ მივაღწევთ?“

ძველი წყენა, ახლებური თხრობა

აზერბაიჯანელებსა და სომხებს განსხვავებული ხედვა უახლესი ისტორის გარდა სხვა საკითხებზეც გააჩნიათ.

მნიშვნელოვანი უთანხმოება არსებობს პირველი მსოფლიო დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებიული სომეხთა მასობრივი მკვლელობების საკითხის ირგვლივ.

მოსწავლეები ამ მოვლენებს მერვე კლასში ეცნობიან. ისტორიულ წყაროების მიხედვით ოსმალეთის ხელისუფლებამ 1.5 მილიონი სომეხი უდაბნოში გარეკა და ამით  გენოციდის აქტი გამიზნულად განახორციელა.

ისტორიკოსი რუბენ სააკიანი სახელმძღვანელოში იმ ნაწილის ავტორია, რომელიც მასობრივი მკვლელობების შესახებ მოგვითხრობს. მისი თქმით, ის მაქსიმალურად ეცადა ამბავი ემოციური ელფერის გარეშე წარმოეჩინა.

„შენ მხოლოდ ფაქტები უნდა წარმოადგინო, ბავშვები თვითონ შეძლებენ ანალიზის გაკეთებას,“ – აცხადებს ის. „თუ ემოციები ჭარბობს, ობიექტურობა იკარგება.“

სააკიანის განცხადებით, აზერბაიჯანელებმა მოახდინეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ისტორიული მითების უკვდავყოფა, მაშინ როცა სომეხი აკადემიკოსები 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან წლების განმავლობაში ცდილობდნენ ჩანაწერების შესწორებას.

„ჩვენ ნამდვილ ისტორია ვწერთ, გაზვიადების გარეშე.“

თურქეთის სახელმწიფო გენოციდს არ აღიარებს და დაღუპულთა რაოდენობასაც საკამათოდ მიიჩნევს, ამავე პოზიციას იზარებს მისი მოკავშირე აზერბაიჯანი.

ველიევის თქმით, მიზეზი იმისა თუ რატომ არ სწავლობენ აზერბაიჯანელი მოსწავლეები სომეხთა გენოციდის შესახებ არის ის, რომ ის უბრალოდ არ მომხდარა.

„ის არასოდეს მომხდარა. ბავშვებს გამოგონილ ამბავს ხომ ვერ ვასწავლით?“ აცხადებს ის.

არსებობს კიდევ ერთი საკითხი რომლის შესახებაც აზერბაიჯანელ და სომეხ მასწავლებლებს განსხავებული ხედვა აქვთ. ის ეხება ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ პერიოდს და სამხრეთ კავკასიაში ეროვნული სახელმწიფოების შექმნის მცდელობას.

1918 წელს, სომხური და აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალები ბაქოზე კონტროლის დასამყარებლად იბრძოდნენ. ამ მოვლენების აღწერისას სომეხი ავტორები დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს ხანმოკლე არსებობის აღწერით შემოიფარგლნენ, რომელიც შემდგომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. აზრბაიჯანულ წიგნებში წარმოდგენილი მასალიდან კი ვგებულობთ,რომ ბაქოში სომხებმა აზერბაიჯანელების მასობრივი მკვლელობები განახორციელეს.

ბაქოელი სკოლის მოსწავლე გულჯენეთი ყარაბაღის ომს და 1918 წელს მოხდარ ამბებს შორის კავშირს ხედავს და მიიჩნევს, რომ ამ ორი ისტორიული მაგალითის გათვალისწინებით აზერბაიჯანელები ყოველთვის ფრთხილად უნდა იყვნენ.

„მე-20 საუკუნის დასაწყისში სომხებმა უამრავი აზერბაიჯანელი დახოცეს. ჩვენ ეს დაგვავიწყდა და მათ დავუმეგობრდით. და რა მოხდა? ისევ დაგვხოცეს. რა გარანტია გვაქვს რომ იმავეს არ გაიმეორებენ?“ – ამბობს ის.

სააკიანი ისტორიაში მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფს და მათ გამოგონილს უწოდებს.

„აზერბაიჯანელებმა მიზნად დაისახეს, რომ ბაქო აზერბაიჯანულ ქალაქად გადაექციათ, ამიტომაც იმის ასახსნელად თუ რატომ ჭარბობდნენ იქ რაოდენობრივად სომხები მოიგონეს ეს მასობრივი მკვლელობები, რომლებიც სინამდვილეში არ მომხდარა,“ – აცხადებს ის.

სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ვლადიმერ ბარჰუდიანი დამოუკიდებლობის შემდეგ გამოცემული პირველი ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ის დღესაც მუშაობს სახელმძღვანელოების რედაქტირებაზე. მისი მტკიცებით, თუ სომხურ სახელმძღვანელოებში გარკვეულ მოვლენებს არ ეთმობა სათანადო ყურადღება იმის ნიშანია, რომ ისინი არ არიან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე.

„ისეთი უმნიშვნელო მოვლენები როგორიცაა მაგალითად, ჰოჯალიში და 1918 წელს ბაქოში მომხდარი ამბები არ უნდა შევიდეს სახელმძღვანელოში. ყველა სკოლას თავისი ცხრილი აქვს და ისტორიის საათებიც გაკვეთილების რაოდენობას უნდა მოერგოს. ასეთ პატარა მოვლენებს თუ დავუთმეთ ყურადღება უზარმაზარი წიგნის ტომებს მივიღებთ,“ – ამბობს ის.

ყოვლისცმომცველი და ზუსტი ისტორიის აუცილებლობა

აზერბაიჯანელი ისტორიკოსი იუნუსოვი ფიქრობს, რომ ბაქოში 1918 წელს მომხდარი ამბების მიმართ სელექციური მიდგომა წარმოაჩენს იმ პრობლემას, რომელიც ზოგადად არსებობს წარსულის საყოველთაოდ-მიღებული სურათის შექმნის გამო. მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ისტორიკოსები 1918 წელს დატრიალებული ამბებიდან მხოლოდ მარტის თვის მოვლენებზე საუბრობენ, რომლის შედეგადაც უამრავი აზერბაიჯანელი დაიღუპა. მაშინ როცა, მათი სომეხი კოლეგები  მეტ ყურადღებას  იმავე წლის სექტემბრში მომხდარ მოვლენებს უთმობენ, როდესაც თურქული არმია ბაქოში შეიჭრა და უმრავი სომეხი გამოასალმა სიცოცხლეს.

ის თვლის, რომ ეს არასწორია და  ავტორებს ურჩევს სახელმძღვანელოების შედგენისას სასწავლო პროგრამაში ორივე ქვეყნის სამწუხარო ისტორიული ფაქტები შეიტანონ.

„ორივე მხარე ისტორიას პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებს. აზერბაიჯანელი და სომეხი ისტორიკოსები აცხადებენ, რომ ხალხის ინტერესებს წარმოაჩენენ; თუმცა ისტორიკოსი არ უნდა ეწეოდეს პროვოკატორობას, ის არ უნდა ატარებდეს ხალხის ინტერესებს. მან მხოლოდ ისტორიული ფაქტების წარმოჩენა უნდა მოახდინოს,“ – აცხადებს იუნუსოვი.

სომხური კვლევითი ორგანიზაცია „მიტკის“ანალიტიკოსს ჰრანტ მელიკ-შაჰნაზარიანს სასოწარკვეთილების გრძნობა ეუფლება როდესაც ისტორიკოსები ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული.

„[წიგნში] მოცემული მასალა მსხევრპლის მენტალიტეტის ჩამოყალიბებას კი არ უნდა უწყობდეს ხელს, არამედ უნდა მიუთითებდეს შეცდომებზე და მათი შემდგომში თავიდან აცილების საშუალებებზე.“

მელიკ-შაჰნაზარიანის მოწოდებით ისტორიული წყაროების უფრო კვალიფიციური და სიღრმისეული ანალიზი და კვლევა უნდა მოხდეს.

„გამოდის რომ ადამიანი ღებულობს ფაქტების მთელ დასტას, რომლებსაც ერთმანეთთან ვერ აკავშირებს,“ – აცხადებს ის.

ერევანში არსებული „რეგიონალური კვლევების ცენტრის“ დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი ეთანხმება იმას, რომ სომხური სახელმძღვანელოების ინტელექტუალური სტანდარტები უკეთესიც შეიძლება იყოს.

„ბოლო დროს გამოცემული სახელმძღვანელოებიც კი არ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიონალურ სტანდარტებს’“ – აცხადებს ის. „ეს ძირითადად ეხება იმ ისტორიის წიგნებს, რომლებიც დიდი მოლოდინის მიუხედავად, რაც საბჭოთა კონტროლისა და იდეოლოგიის დასრულებას მოჰყვა, მხოლოდ მწირი და დაულაგებელი ფაქტების კრებულს წარმოადგენს.“

ჰაიკუჰი ბარსეღიანი სომხური ყოველკვირეული გაზეთის  „Ankakh“ და ვებ-საიტის www.ankakh.com რეპორტიორია. შაჰლა სულთანოვა თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

 

Frontline Updates
Support local journalists