თურქეთის ჩაშლილი გადატრიალება და მისი გავლენა კავკასიაზე

გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსალოდნელ რეგიონულ შედეგებს კავკასიის ექსპერტები ფართო კონტექსტში აფასებენ.

თურქეთის ჩაშლილი გადატრიალება და მისი გავლენა კავკასიაზე

გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსალოდნელ რეგიონულ შედეგებს კავკასიის ექსპერტები ფართო კონტექსტში აფასებენ.

The Caucasus University meeting at which the new rector was announced. Shown left to right are former rector Ahmed Sanich, SOCAR vice-president Khalig Mammadov and current rector Elmar Gasimov. By APA(Photo: APA)
The Caucasus University meeting at which the new rector was announced. Shown left to right are former rector Ahmed Sanich, SOCAR vice-president Khalig Mammadov and current rector Elmar Gasimov. By APA(Photo: APA)
Employees of the ANS TV channel gather in front of their offices.(Photo: Gulnaz Ganbarli)
Employees of the ANS TV channel gather in front of their offices.(Photo: Gulnaz Ganbarli)

15 ივლისს თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრილების მცდელობამ დიდი შეშფოთება გამოიწვია მეზობელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მოვლენების განვითარებას თურქეთში, სადაც მასობრივი დაკავებებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სულ უფრო მეტად შეინიშნება  ავტორიტარიზმის ნიშნები.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზებაში ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო ლიდერს ფეტულა გულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს. გულენს აქტიური მხარდამჭერები ჰყავს სამხრეთ კავკასიაშიც, კერძოდ, აზერბაიჯანში.

ამასობაში, იმის ფონზე, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაიძაბა ურთიერთობა თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ანკარამ მოსკოვთან მეგობრობის აღდგენა განიზრახა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 9 აგვისტოს, პეტერბურგში ხვდება მის რუს კოლეგას, ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც შარშან თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდო. 

ეს, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე უსაფრთოების თვალსაზრისით, გავლენას იქონიებს რეგიონის სამივე ქვეყანაზე, განსაკუთრებით კი, პროდასავლურ საქართველოზე. 

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს დემოკრატიას სამხრეთ კავკასიაში, შეასუსტოს ნატოს პოზიციები შავი ზღვის რეგიონში და შესაბამისად, საფრთხე შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას.  

„თანამშრომლობის დონის შემცირება თურქეთსა და დასავლეთს შორის და ურთიერთობის შესაძლო დალაგება რუსეთთან დააზიანებს მთლიანად რეგიონს,“ – აცხადებს გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას.

აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც მჭიდრო კავშირები აქვთ თურქეთთან. ამ ქვეყნების ლიდერებმა დაუყოვნებლივ გამოუცხადეს მხარდაჭერა ერდოღანს, როგორც სახელმწიფოს არჩეულ მეთაურს.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ალი ჰასანოვმა განაცხადა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკაცრად დაგმო გადატრიალების მცდელობა და მიესალმა თურქეთში სტაბილურობის აღდგენის მიზნით ერდოღანის მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყურადღებით ადევნებდა თვალს მთელი ღამის განმავლობაში თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და ძალიან შეწუხებული იყო განვითარებული პროცესებით,“ – განუცხადა ჰასანოვმა საინფორმაციო სააგენტო „ტრენდს“ 16 ივლისს. 

18 ივლისს, ალიევი, რეგიონის ყველაზე ავტორიტარული ლიდერი, ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი დღის შემდეგ ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს.

ერთი ერი, ორი სახელმწიფო

სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან თურქეთს ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. 1991 წელს ანკარამ პირველმა აღიარა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროსაც მტკიცედ დაუჭირა მხარი მის ტერიტორიულ მთლიანობას. 

ორ თურქულენოვან ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პარნიორობა, რომელსაც საერთო კულტურული და ლინგვისტური კავშირები დაედო საფუძვლად. ხშირად, აზერბაიჯანი-თურქეთის ურთიერთობას უწოდებენ კიდეც -„ერთი ერი, ორი სახელმწიფო.“

ამასთან ერთად, ყველა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, რომელშიც აზერბაიჯანი არის ჩართული, თურქეთის ტერიტორიაზე გადის. შედეგად, თურქეთს აზერბაიჯანზე გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია.

გულენის მოძრაობა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 2 000-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებას ფლობს, საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან. თუმცა, 2014 წელს, ერდოღანის მოთხოვნით, ყველა სკოლა, რომელიც გულენის სახელთან იყო დაკავშირებული დაიხურა, ხოლო ბაქოს კავკასიის უნივერსიტეტი გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას – სოკარს.   

(იხილეთაზერბაიჯანში გულენის სკოლები დაიხურა და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის პოსტი თურქეთის შინაუთანხმოებას შეეწირა)

18 ივლისს, აზერბაიჯანის ტელე- და რადიომაუწყებელთა ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ სატელევიზიო სადგურ ANS TV, გულენის ინტერვიუს ეთერში გაშვების გეგმის გამო, ერთი თვით მაუწყებლობა შეუჩერდა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა „პროვოკაციის თავიდან აცილება“ და „ტერორიზმის ღია პროპაგანდის არდაშვება.“ 

ეს მოხდა იმ დღეს, როცა ერდოღანსა და ალიევს შორის შედგა სატელეფონო საუბარი.

მეორე დღეს, 19 ივლისს, ANS-ის ვიცე-პრეზიდენტმა მირშაჰინ აგაევმა მოიწვია პრესკონფერენცია, რომელზეც თურქ და აზერბაიჯანელ ხალხს ბოდიში მოუხადა და პრეზიდენტ ალიევს სთხოვა არ დაეხურა არხი.   

ამის შემდეგ, 20 ივლისს აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ კავკასიის უნივერსიტეტის დახურვის შესახებ გააკეთა განცხადება.

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მრჩეველი აზერ ისმაილი მოვლენათა ასეთი განვითარების გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს.

„პროცესი ახლა დაიწყო და აზერბაიჯანში უკვე დაიხურა ტელეარხი და უნივერსიტეტი, სხვათა შორის საუკეთესო უნივერსიტეტი ქვეყანაში. იმის წარმოდგენაც კი მეშინია, რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ,“ – განაცხადა მან.

ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?

აზერბაიჯანის მსგავსად, თურქეთთან დიდი ხნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსაც.

საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში ორი მილსადენი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი  მიედინება.

საქართველო იღებს მონაწილეობას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროცესში, რომელიც თურქეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს დააკავშირებს ერთმანეთთან.

უფრო მეტიც, საქართველოში ფუნქციონირებს გულენის სახელთან დაკავშირებული საგანმანათელბლო დაწესებულებები.

18 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზკანმა გაავრცელა განცხადება, რომელშც ქართველ მშობლებს მოუწოდა არ მიეყვანათ  ბავშვები ამ სკოლებში.

თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ განმარტა, რომ თემიზკანის განცხადება არასწორად იქნა გაგებული, თუმცა, ქართულმა ტელეარხებმა მოგვიანებით კონსულის ინტერვიუს სრული ვერსია აჩვენეს.

თბილისს აღელვებს, ერთი მხრივ, გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთსა და რუსეთს შორის და მეორე მხრივ, თურქეთსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობების ხარისხი.

„თურქულენოვანი ქვეყნებისთვის, თურქეთი განასახიერებდა წარმატებული სეკულარული სახელმწიფოს მაგალითს და ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,“ – აცხადებს გოგოლაშვილი. „თუ ხიდი ჩაინგრევა, ეს არასასურველ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ კავკასიაზე, არამედ კასპიის რეგიონზეც და ცენტრალურ აზიაზეც. ეს კი რეგიონის იზოლაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„საერთაშორისო პროექტების უმრავლესობა თურქეთის გავლით ხორციელდება და სწორედ ეს წარმოადგენს მათი უსაფრთხოების მთავარ ფაქტორს,“ – დასძენს ის. „თუ თურქეთის მიმართ ნდობა დაიკლებს, ამან შესაძლოა მთელი რეგიონის მიმართ შეასუსტოს ნდობა.“

15 ივლისს, იმ დღეს, როცა თურქეთში მოხდა გადატრილების მოწყობის მცდელობა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შუიგუს განცხადებამ არანაკლები შეშფოთება გამოიწვია. მან თქვა, რომ სირიის მსგვასი კრიზისი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ნებისმიერ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში.

„ასეთ გარემოებაში, რუსეთი იძულებული იქნება ადეკვატურად უპასუხოს პოტენციურ საფრთხეებს,“- განუცხადა შოიგუმ საინფორმაციო სააგენტო Russia Today-ს.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, შოიგუმ თავისი კომენტარით ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების მომავალი შეხვედრა.

„იმ მკაცრი რიტორიკით, რაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით ვიხილეთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი უსაზღვროდ კმაყოფილია,“ – აღნიშნა მან.

„შოიგუს განცხადება, რომ რუსეთი უყურებს კავკასიას, როგორც პოტენციურ სირიას წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს. ვერც შოიგუ და ვერც ლავროვი ვერ გააკეთებენ ასეთ განცხადებებს, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ ექნებათ პირდაპირი მითითება,“  – დასძინა ცისკარიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

მტრული ურთიერთობა

სომხეთსა და თურქეთს შორის გართულებულ ურთიერთობას რამდენიმე მიზეზი უდევს საფუძვლად. ეს არის ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი, სომხეთის უარი მოახდინოს ყარსის შეთანხმების რატიფიცირება და ასევე ყარაბაღის კონფლიქტის დროს თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა.

ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა და მათი საზღვარი თურქეთის ინიციატივით 1993 წლის შემდეგ არის ჩაკეტილი.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

თუმცა, 16 ივლისს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურმა, რომელიც იცავს სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან, სომხეთი-თურქეთის 300 კილომეტრიანი საზღვარის მონაკვეთზე დაცვა გააძლიერა.

სომხეთში დაახლოებით 4 500 რუსი მესაზღვრეა, რომელთა შენახვის ხარჯებს თანაბრად იყოფს რუსეთი და სომხეთი.

ერევანში მოქმედი კვლევითი ცენტრის „მოდუს ვივენდის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი არა პაპიანი აცხადებს, რომ სომხეთმა თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ადეკვატურად ვერ უპასუხა.

„დასაწყისში რეაქცია არ ყოფილა, 17 ივლისის მერე, სომხეთის საშინაო პრობლემების გამო [შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ერევნის პოლიციის განყოფილებაში, რამაც ორკვირიანი დაძაბულობა გამოიწვია] ეს საკითხი უკვე მეორეხარისხოვანი გახდა,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

თუმცა, პაპიანის განცხადებით, თურქეთში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და მათ შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენის მოხდენა.

„მე პოზიტიურად ვთვლი, რომ აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერის გარეშე, ფრონტის ხაზზე უფრო მოკრძალებულად იქცევა. თუმცა, თითქოს, აზერბაიჯანს თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა ერევანში განვითარებული მოვლენები,“ – აცხადებს ის. 

„ჩვენთვის უარყოფით შედეგად შეიძლება განვიხილოთ თურქეთის და რუსეთის დაახლოება. არც ერდოღანის მიერ პუტინისთვის ბოდიშის მოხდა იყო შემთხვევითი. როდესაც თურქეთი და რუსეთი პოულობენ საერთო ენას, ეს არ ხდება სომხეთის სასიკეთოდ,“ – პაპიანმა დასძინა.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით შესაძლო საფრთხეებთან გასამკლავებლად საუკეთესო გამოსავალია რეგიონის სამივე ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

„რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი როლი. ყარაბაღის საკითხიც, რაც არ უნდა რთული იყოს ამის გაკეთება, გვერდზე უნდა გადაიდოს, რადგან შესაძლოა, გაცილებით უფრო მეტი რამ გახდეს დასაკარგი,“ – აღნიშნა მან.

„შოიგუს სიტყვებიდან ჩანს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს დაძაბულობის ესკალაციას და მერე, მშვიდობისმყოფელების საფარქვეშ შეიყვანს თავის „შეტევის სამინისტროს“ რეგიონში,“ – იგულისხმა ექსპერტმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

თუმცა, ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის სამმხრივი თანამშრომლობის იდეა არის საკმაოდ არარეალისტური. ეს არც თავად ამ ქვეყნებში იქნება პოპულარული და არც რუსეთს წაადგება, რომელთან სტრატეგიულ პარტნიორობას ჯერ კიდევ ინარჩუნებენ აზერბაიჯანიც და განსაკუთრებით, სომხეთი.

სამირა აჰმედბეილი არის IWPR-ის რედაქტორი აზერბაიჯანში, სურენ დეჰერიანი – IWPR-ის რედაქტორი სომხეთში, გიორგი კუპატაძე  – IWPR-ის რედაქტორი საქართველოში.

 

Crisis
Frontline Updates
Support local journalists