აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან გასვლას ფიქრობს

კრიტიკაზე დასაბუთებული პასუხის გაცემის ნაცვლად, ხელისუფლება ხელს სომხეთისკენ იშვერს.

აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან გასვლას ფიქრობს

კრიტიკაზე დასაბუთებული პასუხის გაცემის ნაცვლად, ხელისუფლება ხელს სომხეთისკენ იშვერს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ისე გააღიზიანა ევროსაბჭოს კრიტიკამ ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ ის ორგანიზაციიდან გასვლაზე ალაპარაკდა.

23 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), რომლის წევრიც არის აზერბაიჯანი, გამოსცა რეზოლუცია აზერბაიჯანში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ.“

რეზოლუციას საფუძვლად დაედო აზერბაიჯანის საკითხზე PACE-ს დანიშნული მომხსენებლების, პედრო აგრამუნტის და ტადეუშ ივინსკის ანგარიში, რომლის მიხედვითაც “შემაშფოთებელია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული შეზღუდვები, მნიშვნელოვნად არის გაუარესებული არასამთავრობო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების სამუშაო პირობები.“ ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „აზერბაიჯანში გაზრდილია რეპრესიები დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების და გამოხატვის თავისუფლების დამცველების წინააღმდეგ.“ მათივე მოწოდებით, „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მისდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დევნა.“

საბოლოო რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას „შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დამცველების, მედიის წარმომადგენლების და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიები, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დაუშვას ასეთი საქმეების გადახედვა, უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის ხელშემწყობი კლიმატის შექმნა 2015 წლის ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის.“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩამოთვლილია იმ ადამიანების სახელები, რომლებიც გახდნენ „არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, მათი ადვოკატების და სხვა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტები.“ სიაში მოხვდნენ უფლებადამცველი და იურისტი ინტიგამ ალიევი; არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ანარ მამადლი; ადამიანის უფლებადამცველი ლეილა იუნუსი და მისი ქმარი არიფ იუნუსი; კამპანია „სპორტი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი რასულ ჯაფაროვი; ჟურნალისტები ხადიჯა ისმაილი და რაუფ მირკადიროვი.

დებატების დროს საპარლამენტო ასამბლეის კანონმდებლებმა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და იდეების განზრახ უგულებელყოფაში დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი სამედ სეიდოვი რამდენჯერმე უშედეგოდ ეცადა საბოლოო რეზოლუციის ტექსტი უფრო რბილი გამოსულიყო.

დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა განირა პაშაევამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საკუთარი სტანდარტების იგნორირებაში და სომხეთის წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის საკითხის თაობაზე უმოქმედობაში დაადანაშაულა.

1994 წლიდან, ღია დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მთიანი ყარაბაღი და მისი მიმდებარე რაიონები სომხეთის მხარის დაქვემდებარებაშია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ მიწებს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებს, რეგიონში სტატუს-კვო არ იცვლება. მოლაპარაკებებზე, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შუამავლობით მიმდინარეობს, ვერ ხერხდება საერთო ენის გამონახვა და საბოლოო შეთანხმების მიღწევა. რეგიონის მომავალთან დაკავშირებით მხარეების ხედვა რადიკლაურად განსხვავებულია, აზერბაიჯანელებისთვის ეს არის რეინტეგრაცია, ხოლო სომხეთისთვის – ყარაბაღის დამოუკიდებლობა.

„ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის უფლება დაირღვა ქვეყნის მიერ, რომელიც ასევე არის ამ ორგანიზაციის წევრი,“ – განაცხადა პაშაევამ საპარლამენტო დებატების დროს. „ორგანიზაციამ, რომელიც ადამიანის უფლებების პრინციპებს ეფუძნება, წლების მანძილზე ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედა. არ თვლით, რომ ეს ორმაგი სტანდარტია? რუსეთის საკითხი განიხილება ყოველ სესიაზე. რატომ არ განიხილება სომხეთის საკითხი, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორია აქვს ოკუპირებული?“

კენჭისყრიდან ორი დღის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „მიკერძოებული დამოკიდებულებისა და ორმაგი სტანდარტების გამო“ ევროსაბჭოში და ასევე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის ყოფნა-არყოფნის საკითხი „სერიოზულად განიხილება.“

იმავე დღეს, 25 ივნისს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნოვრუზ მამადოვმა, ტვიტერის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროსაბჭოს პოზიციის გამო „აზერბაიჯანის წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.“

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარდა იმისა, რომ ევროკავშირი სომხეთის მიმართ პრივილეგირებულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, ბრალი დასდო მის მიმართ „ღია ისლამოფობიაში.“

საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში უფრო მეტი ყურადღებას უთმობს სომხეთის საკითხს, ვიდრე PACE-ს ანგარიშში წამოჭრილ საკითხებს. რეზოლუციის ტექსტის საპასუხოდ, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში უკვე არსებობს პოლიტიკური სტაბილურობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ეკონომიკური და სოციალური პროგრესი და პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სიმრავლე და ეს ყველაფერი კეთდება ხალხის საკეთილდღეოდ და „არა იმიტომ, რომ მოვიპოვოთ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილგანწყობა.“

ოპოზიციური მოძრაობა „რეალის“ წევრი ნატიკ ჯაფარლი ამბობს, რომ თუ აზერბაიჯანი, როგორც წევრი სახელმწიფო, უარს იტყვის ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნების შესრულებაზე, მაშინ მას სავარაუდოდ „სერიოზული სანქციები“ არ ასცდება.

ბაქოში მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის დირექტორი არასტუნ ორუჯლუ თვლის, რომ ასეთი მკაცრი ტონის მქონე რეზოლუციის მიღება ძალიან დაგვიანებულია.

„დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს და მათი განადგურების პროცესი უკვე წლებია მიმდინარეობს,“ – აცხადებს ის. „სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც, დიდი ხანია თვალს ხუჭავენ ამაზე. ამგვარი რეზოლუცია დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ.“

დღე, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციას განიხილავდა დაემთხვა Freedom House-ის მიერ მომზადებული ანგარიშის – სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში გამოქვეყნებას, რომელიც აღწერს ყოფილი საბჭოთა კავშირის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას. საერთო ჯამში, სხვადასხვა კატეგორიების ერთობლიობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანი ბოლოდან მესამე ადგილზე მოხვდა და მხოლოდ უზბეკეთს და თურქმენეთს გაუსწრო.

ბაქოში ეუთოს ოფისის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან ერთი თვეც არ გასულა, აზერბაიჯანი კი უკვე ევროსაბჭოდან გასვლით იმუქრება.

ნურგულ ნოვრუზი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ფსევდონიმია.

 

Frontline Updates
Support local journalists