აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადგილობრივ მაღალჩინოსნებს სამსახურიდან ათავისუფლებს

ილჰამ ალიევი ადგილობრივი ხელისუფლების კორუმპირებულ ჩინოვნიკებს დაერია, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს იმ სისტემის შედეგია, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადგილობრივ მაღალჩინოსნებს სამსახურიდან ათავისუფლებს

ილჰამ ალიევი ადგილობრივი ხელისუფლების კორუმპირებულ ჩინოვნიკებს დაერია, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს იმ სისტემის შედეგია, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

President Ilham Aliyev of Azerbaijan. (Photo: Azertag news agency)
President Ilham Aliyev of Azerbaijan. (Photo: Azertag news agency)
Thursday, 28 February, 2013

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმ რაიონის გამგებელი გაათავისუფლა, სადაც გასულ თვეს არეულობას ჰქონდა ადგილი. ზოგირთი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ის ცდილობს კორუფციით გამოწვეულ უკმაყოფილებას აარიდოს თავი.

14 თებერვალს პრეზიდენტმა ისმაილის გამგებელი, ნიზამი ალეკპეროვი დაითხოვა სამსახურიდან. ქალაქ ისმაილიში გასულ თვეს მომხდარი არეულობის მიზეზი ჩხუბი გახდა, რომელშიც სწორედ ალეკპეროვის ძმისშვილიც მონაწილეობდა. ხალხმა დაგროვილი უკმაყოფილება უკიდურესად აგრესიული ფორმით გამოხატა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების უუნარო მმართველობითა და კორუფციით იყო განპირობებული.

(იხილეთ: აზერბაიჯანი: ადგილობრივთა ჩივილი აგრესიულ პროტესტში გადაიზარდადა ასევე აზერბაიჯანში ოპოზიციის ორი ლიდერი დააკავეს).

ნიზამი ალეკპეროვის ძმა, ფიზული ალეკპეროვი შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრია.
პრეზიდენტმა ჩინოვნიკების საქციელის გამო აღშფოთება გამოთქვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ გაზეთ „იენი მუსავატში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია ნიზამი ალეკპეროვის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ, რომელიც არაერთ ქარხანას, კომპანიას, შენობას თუ მიწის ნაკვეთს ითვლის.

„ძალიან გათავხედნენ. გაფრთხილებთ, ასეთი რამ კიდევ რომ განმეორდეს შვილებს პასუხისგებაში მივცემ, მამებს კი სამსახურიდან დავითხოვ,“ განაცხადა პრეზიდენტმა 12 თებერვალს რეგიონული განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ბევრი განხილვა მოჰყვა იმას, თუ ვინ ჰყავდა პრეზიდენტს მხედველობაში. ერთადერთი რაც მან ღიად განაცხადა იყო ის, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილმა პირებმა „იციან ვისზეც მაქვს საუბარი“.

ალეკპეროვის გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სამახის რაიონის გამგებლის ასიფ მამადოვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ კიდევ სამი რაიონის გამგებელს მოუწევს თანამდებობიდან წასვლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალი ჰასანოვი ახალი ამბების სააგენტო APA -სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ალიევმა გაფრთხილება ყველა საჯარო მოხელეს მისცა.

„ჩემი აზრით ყველა სახელმწიფო მოხელე, ასევე ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების აღმასრულებლები ამ კრიტიკული განცხადებიდან სათავისო დასკვნას გამოიტანენ,“ განაცხადა ჰასანოვმა. „გადაწყვეტილება იმ პირების მიმართ იყო გამოტანილი, ვინც თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას და ვერ გაამართლა პრეზიდენტის ნდობა.“

პარლამენტის წევრის ელმირა ახუნდოვას აზრით რაიონების ხელმძღვანალები უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ და ვერ უმკლავდებოდნენ არსებულ პრობლემებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რაიონების გამგებლები სოფლებში დადიან და ამომრჩევლებსაც ხვდებიან, მათი ხალხისადმი ზრუნვა მოჩვენებითია,“ ამბობს ის. „რაიონებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწების მიტაცება და სიმწირე, ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. არის შემთხვევები, როდესაც სოფლის მაცხოვრებელთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სხვა ადამიანები იყენებენ. ხშირად აქვს ადგილი უთანხმოებას ცალკეულ პირებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მაცხოვრებლებს შორის.“

„რაიონების გამგებლები არ ან უბრალოდ ვერ აგვარებენ არსებულ პრობლემებს,“ დასძინა მან.

ისმაილიში მომხდარი ამბოხის შემდეგ პრეზიდენტს რამოდენიმე კვირა დასჭირდა რეაგირების მოსახდენად, რამაც ზოგიერთ ანალიტიკოსს აფიქრებინა, რომ ის ამით ცდილობს მაღალჩინოსანთა კონტროლს.

„ამ საჯარო გაკიცხვით ალიევი ცდილობს მისკენ მიმართული ხალხის რისხვა ჩინოვნიკებზე გადაიტანოს,“ აცხადებს კვლევითი ცენტრის „ატლასი“ პოლიტიკური ანალიტიკოსი ელხან შაჰინოღლუ. „ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მან გადაწყვიტა, რომ გაემიჯნოს თავის კორუმპირებულ გარემოცვას. ამით შეძლებს ხალხში მეტი პოპულარობის მოპოვებას,თავის გუნდში კი ეს მას პოზიციებს შეუსუსტებს.“

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩინოვნიკების სამსახურებიდან დათხოვნით არაფერი ეშველება ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა უმუშევრობის მაღალი დონე და მოსახლეობის დიდი ნაწილის რუსეთში გადინება.

„ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი ცენტრის“ ხელმძღვანელის აზერ მეჰდიევის აზრით რეგიონების მმართველების საქციელი ქვეყნის არასწორი მართვის გამოძახლია.

„რაიონების გამგებლები, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობებიდან, არისტოკრატებივით იქცევიან,“ ამბობს მეჰდიევი. „ცენტრალიზებული მართვის მთელი სისტემა ერთსა და იმავე პრინციპზეა აგებული. ადგილობრივი მმართველები არ არიან ანგარიშვალდებულნი არც პარლემენტის და არც ხალხის წინაშე, მათი საქციელი სრულიად გაუმჭვირვალეა. კორუფცია ყვავის.“

მეჰდიევის თქმით რამოდენიმე კადრის ცვლილება ფესვგადგმული კორუფციის მოსპობას ვერ შეძლებს.

„სერიოზული ცვლილებები უნდა მოხდეს და ეს წელსვე უნდა დაიწყოს,“ ამბობს ის და მიანიშნებს იმ მზარდ „უკმაყოფილების ტალღაზე“, რომელმაც მოიცვა აზერბაიჯანი და მისი უცხოელი პარტნიორი ქვეყნები.

„სისტემისა და რეჟიმის ცვლილების გარეშე ჩვენი ხელისუფლების ბუნება არ შეიცვლება,“ ამბობს მეჰდიევი.

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ლიდერი ისა გამბარის თქმით პრეზიდენტმა ალეკპეროვის მოხსნა დააგვიანა, რაც ისმაილიში არეულობის დაწყებისთანავე უნდა გაეკეთებინა.

„ყველაფერი, რასაც ალიევი ამ ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს ნაკარნახევია მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მზადებით,“ ამბობს გამბარი. „აღსანიშნავია, რომ მან ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ნათლად განეცხადებინა რომ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. რამდენადაც ალიევს სურს მესამე ვადით პრეზიდენტობა, იმდენად ათვითცნობიერებს, რომ მის ამ სურვილს უარყოფითი შეფასება მოჰყვება თავის ქვეყანაშიც და უცხოეთშიც. ამიტომაც, ის ჯერ-ჯერობით თავს იკავებს თავისი კანდიდატურის დასახელებისაგან.“

ქამალ ალი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

 

Azerbaijan
Protests
Frontline Updates
Support local journalists